Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 17 მაისი, 2011


”წავა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში” - ეს ”ახალი თაობის” პირველი გვერდის სათაურია. ავტორი პარლამენტის წევრ ლევან ვეფხვაძის კომენტარებს სთავაზობს მკითხველს: ”ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ნათელაშვილის აქცია უფრო საბაბი იყო, ვიდრე მიზეზი. ივანიშვილმა ეს გამოიყენა იმისთვის, რომ სწორედ ეს პოზიცია გაეხმოვანებინა: ”ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილის ადგილას ნამდვილად არ შემშურდებოდა, თუ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი წონის ფიგურა მისი ოპონენტი ხდება, რადგან მან 3-4 წელი შეალია დაახლოებით მსგავსი ფინანსური წონის მქონე ფიგურასთან - ბადრი პატარკაციშვილის სახით - ბრძოლას და ეგონა, რომ ამოისუნთქა და დაისვენა. მაგრამ, როგორც ჩანს, ის შეცდომები და გაურკვეველი პოლიტიკა ბიზნესის მიმართ, რომელსაც მისი ხელისუფლება ახორციელებს, ამ ქვეყანაში მტრებს ნამდვილად უმრავლებს.”

ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ ეკა ბესელიასთან, ლიდერთან მოძრაობისა ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”. ის ამბობს, რომ 21 მაისსაც ქართველი ხალხის გვერდით იდგება. ”მაგრამ ამ ორბიტაზე ვერ ვხედავ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომელიც პერსონალურად მხარდაჭერასა და ნდობას იმსახურებს.”

”24 საათი” პარლამენტის სხდომაზე დეპუტატ გია თორთლაძის მიერ ინიცირებული ”თავისუფლების ქარტიის” მესამე მოსმენით კენჭისყრას აანონსებს და ფრაქცია ”ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარის მოსაზრებებს სთავაზობს მკითხველს: ”კანონპროექტი მეორე მოსმენით დეკემბერში მიიღეს, თუმცა მომხსენებელ გია თორთლაძის საქართველოში არყოფნის გამო საბოლოო კენჭისყრაზე აქამდე ვერ გაიტანეს. "24 საათთან" გია თორთლაძემ იმ ნაბიჯების შესახებ ისაუბრა, რომლებიც სახელმწიფომ კანონის ამოქმედების შემდეგ უნდა გადადგას. "დღეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა ამ კანონის მიღება, ვიდრე 4 თვის წინათ იყო. პირველ რიგში, ანტიტერორისტულ პაკეტში გაწერილი ღონისძიებებია განსახორციელებელი. მთავრობამ დაგვასწრო და ზომების მიღება კანონის მიღებამდე დაიწყო. მან ერთი ნაწილი უკვე შეასრულა. თბილისის აეროპორტში დეტექტორები დადგეს, რათა რადიაქტიური ნივთიერებების გადაზიდვა გამოავლინონ."

”რეზონანსი” წერს, რომ ”უცხოელები სასოფლო-სამეურნეო მიწებს დიდი სისწრაფით ყიდულობენ”. სოფლის მეურნეობის ექსპერტმა პაატა კოღუაშვილმა ”რეზონანსს” უთხრა: ”სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვის გამართლება ინვესტიციების მოზიდვით, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტურობის შედეგია. ის ქვეყნები, რომლებიც უკვე გამოხატავენ ქართული მიწით დაინტერესებას, გამოირჩევიან უმწვავესი ჭარბმოსახლეობით და მცირემიწიანობით.”

”რეზონანსი” წერს მაისში დაგეგმილ მორიგ აქციებზეც: ”ირაკლი ოქრუაშვილი, რომან დუმბაძე, ბიძინა გიორგობიანი, ვალერი გელბახიანი - ეს იმ პოლიტიკოსთა არასრული სიაა, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებას საზღვარგარეთ გაექცნენ. მათგან პირველი ორი, როგორც თავად აცხადებენ, საქართველოში ოპოზიციის მიერ მაისში დაგეგმილ აქცია-გამოსვლებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.”

”ალიას” პირველ გვერდზე სათაურია - ”გიგი თევზაძემ იახტა შეიძინა!!!” - ამ ინფორმაციას გაზეთს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გაგნიძე აწვდის. მასთან ინტერვიუ ქვეყნდება ”ალიაში”.

ამავე გაზეთში ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელ ნანა კაკაბაძესთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ის ამბობს: ”პატიმარი ქალების ცემა ერთი უბედურებაა, მაგრამ კატასტროფული მონაცემები დაგვიგროვდა - ამ ქალების გაუპატიურება და დაფეხმძიმება. ბოლო თვეში ამის 2-3 ფაქტი მქონდა. მათი უმეტესი ნაწილი ამ ფაქტებს არ ახმაურებს და აბორტს აკეთებინებენ. ძალიან მცირე პროცენტია, რომელიც ბავშვის მოშორებაზე არ თანხმდება და აჩენს.”

”საქართველოს რესპუბლიკა” პირველ გვერდზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიწის დამუშავებისა და ტრაქტორების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას ეხმაურება. ტექსტი ასე მთავრდება: ”ძუკუმ გაფრენილ მწყერს ესროლა და ააცილა. თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და მიაძახა: ჩემი ხელიდან კი ხარ მკვდარი და აწი იფრინე, რამდენიც გინდაო! ასე რომ, პრეზიდენტისგან კი ვართ ”გადატრაქტორებული” და... კიდევ კარგი, რომ ტრაქტორისტები სააკაშვილის ჭკუაზე არ არიან და არც იმის ჭკუაზე დადიან!”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG