Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის ანგარიშის საპარლამენტო განხილვა დაიწყო


სახალხო დამცველი თავის მიერ მომზადებული 2010 წლის ანგარიშით დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარდგა. ანგარიში პარლამენტს დაახლოებით 2 თვის წინ მიაწოდა ობმუდსმენის ოფისმა. საკომიტეტო მოსმენა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ომბუდსმენის საკმაოდ კრიტიკული, დაახლოებით 400 გვერდიანი ანგარიშის მიხედვით, მთავარი აქცენტები სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითარებაზე, დევნილთა მდგომარეობასა და ბავშვთა სახლებში არსებულ მძიმე პირობებზე გაკეთდა.
ახალგახსნილ დაწესებულებაში პატიმრების შეყვანისას, რეჟიმის დამყარების მიზნით, მათ მიმართ რეპრესიული ზომები ტარდება...

საქართველოს სახალხო დამცველის გამოსვლა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში კიდევ 4 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2010 წლის ანგარიში გიორგი ტუღუშმა გასული წლის განმავლობაში თავისი ოფისის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული 68 გეგმიური და 440 არაგეგმიური ვიზიტის შედეგად მიღებული სურათის გაცნობით დაიწყო:

”ახალგახსნილ დაწესებულებაში პატიმრების შეყვანისას, რეჟიმის დამყარების მიზნით, მათ მიმართ რეპრესიული ზომები ტარდება. აღნიშნულ მოპყრობას ადგილი ჰქონდა ქსნის ახლად გახსნილი დაწესებულებისა და რუსთავის მე-16 დაწესებულების გახსნისას. რეგულარული სახე აქვს აგრეთვე ახლად მიღებული პატიმრის ე.წ. კორიდორში გატარებას. პატიმრებმა უნდა გაიარონ დაწესებულების თანამშრომლებს შორის, რომლებიც ამ დროს მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრების ნაწილი მათ მიმართ ამ არასათანადო მოპყრობას ნორმალურ მოვლენადაც კი მიიჩნევს და, შესაბამისად, არ სურს ამის გამო საჩივრის დაწერა.”

გიორგი ტუღუშმა საქართველოში არსებულ 19 საპატიმროში პატიმართა მიმართ დამოკიდებულება, მეტ-ნაკლები განსხვავების მიუხედავად, შეაფასა როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა.

ომბუდსმენის საკომიტეტო მოსმენამდე მან გაცხადა, რომ მისი მოხსენება, სასჯელაღსრულების სისტემის გარდა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და ასევე ბავშვთა სახლებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა. ბავშვთა სახლების უმრავლესობაში არსებული ვითარების წარმოსადგენად გიორგი ტუღუშმა აღნიშნა:

”ბავშვთა სახლების სრულ უმრავლესობაში ბავშვები დაუცველნი არიან ბენეფიციართა შორის ძალადობისგან, პრობლემას წარმოადგენს ბავშვის განვითარებისთვის შეუფერებელი და ჯანმრთელობისთვის შეუფერებელი გარემო პირობები: სიცივე / საცხოვრებელ კორპუსებში +7 გრადუსი ტემპერატურაა/, არასაკმარისი და დაზიანებული ავეჯი, ყაზარმული ტიპის საძინებელი ოთახები, 16 საწოლი ერთ ოთახში, ბავშვების ასაკისთვის შეუფერებლად მოკლე საწოლები, ანტისანიტარია კვების ბლოკებში. ”

ომბუდსმენმა ისაუბრა დევნილთა განსახლება-გამოსახლების პროცესის შესახებ გასული წლის აგვისტოსა და თებერვლის თვეში; აღნიშნა, რომ თებერვალში გამოსახლების პროცესი შედარებით უკეთ განხორციელდა, მაგრამ განსაკუთრებით გამოყო ფოცხოეწერში ჩასახლებული დევნილების მდგომარეობა და თქვა, იქ მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გაუსაძლისი პირობებიაო.
ომბუდსმენის 400 გვერდიანი ანგარიში თითქმის ყველა სფეროში არსებულ მდგომარეობას შეეხება. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ანგარიშს „ძალიან ძლიერი“ უწოდა და თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ნოკაუტში ჩააგდებდა. უმცირესობის წარმომადგენლებმა - კერძოდ, ქრისტიან-დემოკრატებმა - ანგარიშის საფუძველზე რამდენიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მიიჩნიეს აუცილებლად. გიორგი ახვლედიანმა, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, თქვა:

” უპირველეს ყოვლისა, ეს არის პენიტენციალურ სისტემაში არსებული კატასტროფული დარღვევები. შესაბამისად, ჩვენ, ქრისტიან-დემოკრატები, აუცილებლად დავაყენებთ ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხს, როდესაც ომბუდსმენი ანგარიშს წარმოადგენს უკვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ჩვენ ვთვლით, რომ პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ასევე დევნილთა და განსახლების მინისტრმა. ამ მიმართულებით პრეზიდენტმა და პარლამენტმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რადგან პარლამენტმა ის 3 თვიანი იმუნიტეტით აღჭურვა პარლამენტში დებატებისას. გარდა ამისა, სხვა კონკრეტული გადაწყვეტილებებია მისაღები სხვა, დაბალ დონეზე.”

ასევე ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს ის მანკიერი პრაქტიკა, როცა პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს აფასებს, მხოლოდ როგორც მოსმენილს:

”პარლამენტმა, როგორც ინსტიტუტმა, უნდა შეაფასოს ამ ადამიანების ქმედება. მადლობას ამ ადამიანებს ჩვენ ვერ გადავუხდით - არ შეიძლება და იმიტომ.”
ანგარიში თავისთავად ძალიან ინფორმატიულია, ამომწურავი ინფორმაციაა ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ...

საპარლამენტო უმრავლესობისთვის თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი ომბუდსმენის ანგარიშმა დღის წესრიგში არ დააყენა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დგება მაშინ, როცა პირი თანმდებობით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც ანგარიშში არ იკვეთება. იგივე მოსაზრება აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს:

” მე არ ვფიქრობ, რომ, წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, რომელიმე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუ ჩვენს ოპონენტებს სურთ, რომ წარმოაჩინონ ეს როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, ეს ასე ნამდვილად არ არის. მნიშვნელოვანი განცხადებებია და პლენარულ სხდომაზე აუცილებლად იქნება განხილული, მაგრამ რომელიმე თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ.”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი კი ამბობს, რომ ომბუდსმენის ანგარიშში, კრიტიკის გარდა, ის ტენდენციებიც უნდა ჩანდეს, რაც ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურაში შეიგრძნობა:

”ანგარიში თავისთავად ძალიან ინფორმატიულია, ამომწურავი ინფორმაციაა ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ, მაგრამ ანალიზი და წინა წლებთან შედარება, სამწუხაროდ, აკლია ამ ანგარიშს.”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ლაშა თორდიას ინფორმაციით, შესაძლოა ომბუდსმენს ფრაქციებმაც მოუსმინონ, პლენარულ სხდომაზე კი ანგარიში, წინასწარი ინფორმაციით, 14 ივნისს გავა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG