Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის აუცილებელი პოლიტიკისგან პოლიციის გამიჯვნა


26 მაისს სპეცრაზმელთა მიერ თბილისის ცენტრში ჩატარებული ოპერაცია საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა პოლიტიზებული პოლიციის არსებობის კიდევ ერთ დასტურად შეაფასა. მათ შორისაა ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი, პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ლევან იზორია, ავტორი სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზების პროექტისა -”დაცული მოქალაქე, დაცული პოლიციელი”.

რ.თ: ბატონო ლევან, თბილისის ცენტრში 26 მაისს, გამთენიისას მომხდარის შემდეგ თქვენ კვლავ განაცხადეთ, რომ აუცილებელია პოლიციის და უშიშროების ძალების გამიჯვნა პოლიტიკისგან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა გაძლევთ საფუძველს თქვათ, რომ პოლიცია პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენეს?

ლევან იზორია: სიტუაცია რომ ნათლად გავიგოთ, წარმოვიდგინოთ 26 მაისამდე ვითარება. მუშაობენ პატრული და უშიშროების სამსახურები და ჩვენ რაღაც დარღვევებს - მით უმეტეს, პოლიტიკური ნიშნით - ვერ ვხედავთ. დაბალ დონეზე მექრთამეობა მართლაც არ არსებობს. თითქოსდა, ყველა კმაყოფილია და მოსახლეობის ნდობაც პოლიციისადმი მაღალია. ამიტომ, ბუნებრივია, იბადება კითხვა, რაშია პრობლემა, თუ ასეთი მაღალი ნდობა აქვს პოლიციას? მერწმუნეთ, რომ ნდობის გამოვლენა მხოლოდ კორუფციის ინდექსით ხდება. თქვენ რომ შეხვიდეთ შსს-ს ვებგვერდზე, ნახავთ, რომ ნდობის ეს ხარისხი პოლიციას 2005 წელსაც ჰქონდა და 70%-ს აჭარბებდა. ეს ნდობა განაპირობა იმან, რომ კორუმპირებული პოლიცია იქცა არაკორუმპირებულ სტრუქტურად, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია. მაგრამ, მოდით, ახლა პრობლემის მეორე მხარეს შევხედოთ. მოსახლეობას რომ ჰკითხოთ, არის თუ არა პოლიციის და უშიშროების ძალები პოლიტიზებული, მერწმუნეთ, რომ პირიქით მივიღებთ. შესაძლოა, მხოლოდ 5-მა ან 10%-მა თქვას, რომ არა. პოლიტიზება თვალსაჩინო ხდება 26 მაისის მსგავსი შემთხვევებისას, ანუ სიტუაციებში, როდესაც ხდება რეალიზება ისეთი კონსტიტუციური უფლებისა, როგორიცაა სიტყვის და, განსაკუთრებით, შეკრების და მანიფესტაციების თავისუფლება. ეს არ შეეხება მხოლოდ 26 მაისს. მახსენდება 2009 წლის დემონსტრაციებიც, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. როდესაც დასავლეთ საქართველოდან ხალხი ცდილობდა თბილისში წამოსვლას, გზად უსაფუძვლოდ რამდენჯერმე აჩერებდა პატრული ავტომანქანებს და ე.წ. მოხსნა ხდებოდა. ხდებოდა მძღოლების დაშინება, აქტივისტების და მათი ოჯახების დაშინება და დაკავება. ანუ, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს და ხელისუფლებას გარკვეული პრობლემები უჩნდება ოპოზიციური სპექტრიდან, ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკური ინტერესები მაშინვე თავს იჩენს. პოლიტიზება, რომელიც ნორმალური ცხოვრების პირობებში თითქოს უხილავია, აქ უკვე აშკარად ვლინდება. ეს გამოჩნდა 26 მაისსაც.

რ.თ: ქვეყნებში, სადაც ეჭვს არ იწვევს, რომ უსაფრთხოების ძალები პოლიტიკისგან სრულიად გამიჯნულნი არიან, როგორ იქცევა პოლიცია ისეთ სიტუაციაში, როგორიც ახლახან იყო თბილისში?

ლევან იზორია: იქ ამას აკეთებს პოლიციელი კანონის საფუძველზე და პროფესიონალი პოლიციელის, ანუ პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გადაწყვეტილებით. არავითარი პოლიტიკოსი არ ერევა და გადაწყვეტილებებს თვითნებურად არ კარნახობს. მოქმედების და გადაწყვეტილების საფუძველი ყველგან არის კანონი. თუ რა ფორმას ირჩევს ის, ეს უკვე პროპორციულობის პრინციპით განისაზღვრება. პოლიციელს ჯერ უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი. ლეგიტიმური მიზანი ხშირ შემთხვევაში არის ის, თუ, ვთქვათ, სანქცია არა აქვს დემონსტრანტს ან კანონის დარღვევით მოქმედებს, მოახდინოს პრევენცია. პრევენცია კი საბოლოოდ იმას ემსახურება, რომ საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოს. ყველაზე მთავარი პრობლემა იკვეთება სწორედ ამ მიზნის განხორციელების საშუალებაში. საშუალებას კი ირჩევს იმას, რომელიც ყველაზე ნაკლებ ზიანს მოუტანს მოქალაქეს. თან, ამ საშუალების შერჩევისას პოლიციელი უნდა აფასებდეს სიტუაციის ინდივიდუალურობას. სწორედ ამას აკეთებს დასავლეთის პოლიცია.

რ.თ: იყო თუ არა მიზანი ლეგიტიმური 26 მაისს და როგორი იყო მისი მიღწევის საშუალებები?

ლევან იზორია: მიზანი ლეგიტიმური იყო. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორებმა მიტინგი მოითხოვეს 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით. როგორც კი ეს ვადა ამოიწურა, ლეგიტიმური მიზანი პოლიციის მიერ აქციის დასაშლელად არსებობს. მაგრამ არსებითია არა ეს, არამედ ის, თუ რა საშუალებებს იყენებ ამ ლეგიტიმური მიზნის განსახორციელებლად. პოლიციის კანონით, საშუალება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული. ასევე რეგლამენტირებულია სპეციალური საშუალებების გამოყენება. დასაშლელად მომიტინგეებს უნდა მისცენ საკმარისი დრო. 5 და 10 წუთი საკმარისი დრო არ არის. ამასთან, თუ დასაშლელად დროს აძლევ, საშუალებაც უნდა მისცე, რომ მომიტინგე ადგილს გაერიდოს. ყველამ ვნახეთ, რომ მომიტინგეები ალყაში არიან მოქცეულნი. სწორედ აქ იკვეთება ის, რომ ალყაში მოქცევის გადაწყვეტილება მიიღო არა პროფესიონალმა პოლიციელმა, არამედ იმ პირმა, ვისაც პოლიტიკური ინტერესი ამოძრავებს. კერძოდ, ამოძრავებს მისი მოწინააღმდეგის მკაცრად დასჯის და ძალაუფლების ძალადობით შენარჩუნების ინტერესი და ახასიათებს ძალის ენით საუბრის მანერა, რომელიც ტიპიურია ყველა ავტორიტარული მმართველისთვის. ალყაში მოქცეული ხალხი დაშალეს არა საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნით, არამედ ისეთი საშუალებებით, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოს სცილდება და ლეგიტიმურ მიზანსაც აზრს უკარგავს, ანუ მთლიანად უსამართლოს და არაჰუმანურს ხდის და, თუ იურიდიული ენით ვიტყვით, უკანონოს. ეს გამოვლინდა არაერთ კონკრეტულ შემთხვევაში. ყველამ ვნახეთ, რომ, მაგალითად, ადამიანი გზას ითხოვს და რამდენიმე სპეცრაზმელი უსწორდება ხელკეტებით. დევნა განხორციელდა ადამიანებზე, რომლებიც გაერიდნენ და თავი კინოთეატრს შეაფარეს. ბევრი ასფალტზე ჰყავდათ სრულიად არაადამიანურ ვითარებაში. ბევრი ნაცემია სწორედ დაშლის შემდეგ და წინასწარი დაკავების იზოლატორებში. აქ საუბარი არ არის ერთ და ორ ადამიანზე. ასზე მეტი არაადამიანურად ნაცემი მხოლოდ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებმა ნახეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ხელისუფლება თავს იმართლებს, რომ ერთეული შემთხვევები დასავლეთშიც ხდება, მაგრამ ჩვენთან საუბარია ასობით შემთხვევაზე. ეს არის მასობრივი, ორგანიზებული მიდგომა, რომელიც განპირობებულია არა ერთეული პოლიციელების არაკვალიფიციურობით, არამედ ზემოდან ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილებით. თუ ამ სისტემის დემონტაჟი არ მოხდა, მსგავსი ფაქტები არც მომავალშია გამორიცხული.

რ.თ: თქვენ რამდენიმე ხნის წინ შესთავაზეთ საზოგადოებას პოლიციის და უშიშროების ძალების დეპოლიტიზების პროექტი, სახელწოდებით ”დაცული მოქალაქე, დაცული პოლიციელი.” რისგან უნდა იყოს დაცული მოქალაქე და რისგან - პოლიციელი?

ლევან იზორია: ორივე დაცული უნდა იყოს უკანონობისა და უსამართლობისგან. მოქალაქის დაცულობა იმას ნიშნავს, რომ ის არ უნდა იყოს პოლიციის ძალმომრეობის მსხვერპლი. ამიტომ პოლიციელმა საქმიანობა უნდა განახორციელოს მხოლოდ და მხოლოდ კანონის საფუძველზე, რომელიც მას კი აძლევს შესაძლებლობას ზოგიერთ შემთხვევაში შეზღუდოს ადამიანის უფლებები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონით მკაცრად გაწერილ და რეგლამენტირებულ შემთხვევებში. რაც შეეხება პოლიციელს, ის არ უნდა იყოს უკანონო ბრძანების მსხვერპლი. ასეთი ბრძანების შემსრულებელი პოლიციელი თავად ხდება დამნაშავე. ამისგან დასაცავად პოლიციელის საქმიანობაში არ უნდა ჩაერიოს არავინ, გარდა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირისა. ანუ, არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკოსი, რომელსაც ამოძრავებს პოლიტიკური, პირველ ყოვლისა, ხელისუფლებაში დარჩენის ინტერესი. ხელისუფლებაში დარჩენის ინტერესი დასავლეთის ქვეყნებშიც ნორმალური მოვლენაა, მაგრამ იქ სისტემაა ისეთი, რომ ამა თუ იმ პარტიას ხელისუფლებაში დარჩენა შეუძლია არა ძალოვანი სტრუქტურების წყალობით, არამედ ხალხის ნებით. ”თავისუფალი დემოკრატების” პროექტით, პირველ ყოვლისა უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო ბაზა. საქართველოში მოქმედი პოლიციის კანონი მიღებულია 1993 წელს. საორიენტაციოდ აღებული იყო საბჭოთა მილიციის კანონი. რაიმე არსებითი ცვლილება დღემდე არ მომხდარა მიუხედავად იმისა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ პოლიციის სფეროში რაღაც რეფორმები განხორციელდა. მაგრამ შეიცვალა მხოლოდ ფორმა და საქმიანობის პრინციპები, განსაკუთრებით კორუფციის მიმართულებით. არსებითი, რაც უკავშირდება ძველი სისტემის დემონტაჟს და პოლიტიკური ფიგურების პოლიციის სტრუქტურებისგან ერთხელ და სამუდამოდ გამიჯვნას, დღემდე არ მომხდარა. მეტიც, პოლიციის კანონში ვერ ნახავთ სიტყვას „საპატრულო პოლიცია“. ეს სხვა აქტებშია, მაგრამ ამ სფეროში პირველად აქტში დღემდე არ არის, რაც პარადოქსია. რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? როდესაც ხელისუფლება ცდილობს და გააზრებული აქვს, რომ ყველა საშუალებით უნდა დარჩეს ხელისუფლებაში, თუ ხელიდან გაუშვებს ისეთ ბერკეტს, როგორიცაა ძალოვანი სტრუქტურები, ძალაუფლების შენარჩუნების დაბალი შანსი რჩება. ეს ვერ დათმო ე.წ-მა პროდასავლურმა ხელისუფლებამ. სხვათა შორის, თუ საქართველოს კონსტიტუციაში 2004 წელს შეტანილ ცვლილებებს გადავხედავთ, სხვა არაფერია, თუ არა პრორუსული ცვლილებები. მმართველობის ფორმა არსად არ არის ასეთი, გარდა რუსეთისა. მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში აქვს პრეზიდენტს თანამდებობიდან ძალოვანი მინისტრების ერთპიროვნულად გათავისუფლების უფლება. ნახეთ, როგორი ვერტიკალია ჩვენთან: პრეზიდენტს შეუძლია ერთპიროვნულად დაითხოვოს შს-თა მინისტრი, შს-თა მინისტრს კი, პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებით, საპოლიციო სტრუქტურების უშუალო ხელმძღვანელობა შეუძლია.

რ.თ: კი, მაგრამ, თქვენც ხომ იყავით პოლიციის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი?

ლევან იზორია: 2005 წელს მე გახლდით პოლიციის რეფორმის კომისიის ხელმძღვანელი და ეუთოსთან ერთად დავდეთ დოკუმენტი, რომელიც არ შესრულდა. მასში ნათქვამი იყო, რომ შსს, როგორც პოლიტიკური ორგანო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაემიჯნოს პოლიციას, როგორც პროფესიულ სტრუქტურას. ამ თვალსაზრისით, „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივა გულისხმობს, რომ შსს-ში ამჟამად არსებული 16 დეპარტამენტის ნაცვლად უნდა იყოს 4 ძირითადი დეპარტამენტი. ყველაზე ცენტრალური უნდა იყოს პოლიციის დეპარტამენტი, რომელმაც უნდა გააერთიანოს ყველა საპოლიციო სტრუქტურა. მისი ხელმძღვანელი უნდა იყოს მაღალი რანგის პროფესიონალი პოლიციელი. მის კანდიდატურას წარადგენს შს-თა მინისტრი, როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ კანდიდატურა უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა. პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილება განსაზღვრული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ კანონით და შსს-ს აღარ უნდა ჰქონდეს ჩარევის უფლება. თავად სამინისტროს ფუნქციები უნდა იყოს სტრატეგიული ამოცანების და საკადრო პოლიტიკის განსაზღვრა და საორგანიზაციო და საბიუჯეტო საკითხების გადაწყვეტა. საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის ამ პროექტის წარდგენის შემდეგ ჩვენ მივმართეთ უშიშროების საბჭოს მდივანს, შს-თა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პროექტის განსახილველად შექმნილიყო სახელმწიფო კომისია. პასუხი დღემდე არ მიგვიღია. არადა, ეს არ არის ჩვენი პარტიული ახირება და ინტერესი, ეს სახელმწიფოს განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG