Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მმართველმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა


რეჯეფ ტაიფ ერდოანი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი
რეჯეფ ტაიფ ერდოანი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი
თურქეთის მმართველმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ მორიგ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ ვერ მიაღწია ისეთ შედეგს, რომ კონსტიტუციის შეცვლა მოეხერხებინა. პრემიერ რეჯეფ ტაიფ ერდოანის პოლიტიკური გაერთიანების წლევანდელი შედეგი - 49,9 პროცენტი - ოდნავ უკეთესია წინა, 2007 წლის არჩევნებზე. მაგრამ, როგორც ითქვა, ერდოანის პარტია ვერ ახერხებს საპარლამენტო მანდატების ორი მესამედის შეგროვებას, რაც მას 1980 წლის კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობას მისცემდა. ერდოანს სურს ქვეყნის საპრეზიდენტო სისტემაზე გადაყვანა, რომ ის არჩეული პრეზიდენტი გახდეს და კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი უკვე მყარი პოზიცია. ახლა ერდოანი უჩვეულო როლშია - მან კონსენსუსისთვის უნდა იზრუნოს:

„ჩვენ დავწერთ ახალ სამოქალაქო, თავისუფალ კონსტიტუციას, რომელიც საზოგადოების ყველა პარტიას მისცემს მოქმედების საშუალებას...
„ხალხმა არა მხოლოდ ქვეყნის მართვის შესაძლებლობა მოგვცა, მან დაგვავალა ახალი ამოცანის შესრულება. ხალხმა მოგვმართა, შევქმნათ ახალი კონსტიტუცია კონსენსუსისა და მოლაპარაკების გზით“, თქვა მან.

ერდოანი თვლის, რომ ახალმა კონსტიტუციამ ეთნიკურად და რელიგიურ-სეკულარული თვალსაზრისით გაყოფილი ქვეყანა უნდა გაამთლიანოს:

„ჩვენ დავწერთ ახალ სამოქალაქო, თავისუფალ კონსტიტუციას, რომელიც საზოგადოების ყველა პარტიას მისცემს მოქმედების საშუალებას. ყველას შეეძლება თავისი თავი იპოვოს ამ ახალ კონსტიტუციაში - აღმოსავლეთსაც და დასავლეთსაც.“

კარგია, რომ ქურთულმა პარტიამ, დამოუკიდებელი კანდიდატების გზით, მოახერხა პარლამენტში წინანდელზე ორით მეტი ადგილის მოპოვება...
ასე ვთქვათ, კონსენსუსის მიმღწევის როლის თამაში ერდოანს არ გაუადვილდება. მას მართვის ავტორიტარულ და ავტოკრატიულ ტენდენციებში სდებენ ბრალს. ამასთან, პარტიას, რომელსაც თავისი ფესვები პოლიტიკურ ისლამში აქვს, ბრალად სდებენ თურქეთის სეკულარული კონსტიტუციისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას. პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ლამის აიკრძალა ამ ბრალდებით 2008 წელს. 12 ივნისის არჩევნებში ძველი შედეგის გაუმჯობესებას მიაღწია აშკარად სეკულარულმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ, რომელმაც 26 პროცენტი მიიმხრო. მემარჯვენე, ნაციონალისტური მოქმედების პარტიამ, რომლის წარმომადგენელი დეპუტატები იძულებული იყვნენ დეპუტატის მანდატი დაეთმოთ სექსსკანდალების გამო, თითქმის გაიმეორა ძველი შედეგი - 13 პროცენტი მიიმხრო. ქურთულმა მშვიდობისა და დემოკრატიულმა პარტიამაც შეაღწია პარლამენტში და 36 ადგილი დაისაკუთრა. პარტიის წარმომადგენლები გარეთ დარჩებოდნენ, მათზე ათპროცენტიანი ზღუდის წესი რომ გავრცელებულიყო, მაგრამ თავიანთი კანდიდატების დამოუკიდებლად გაფორმება არჩიეს და, შედეგად, მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში.

ერდოანისთვის კონსტიტუციასთან ერთად მმართველობის მესამე ვადაში მთავარი თემა იქნება ქურთთა საკითხი. ზოგიერთი მიმომხილველი ძალადობის განახლების საშიშროებაზე ლაპარაკობს. ქურთებით დასახლებულ რეგიონში კონფლიქტს 1984 წლის შემდეგ 40 ათასი ადამიანი შეეწირა. კვირას ქურთულ არეალში ბომბი ააფეთქეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა. ისინი ქურთი კანდიდატების არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობდნენ. ჩენგიზ აქთარი სტამბულის ბაჰეჩესეჰირის უნივერსიტეტში ევროპის კავშირის საკითხებს იკვლევს. მისი თქმით, ახლა ერდოანზეა დამოკიდებული, ისურვებს თუ არა კომპრომისს ქურთთა საკითხეში:

„კარგია, რომ ქურთულმა პარტიამ, დამოუკიდებელი კანდიდატების გზით, მოახერხა პარლამენტში წინანდელზე ორით მეტი ადგილის მოპოვება. ეს დიალოგის საწინდარია. მაგრამ დიალოგის დაწყება არა მათზე, არამედ ერდოანზეა დამოკიდებული, იმაზე, ისურვებს თუ არა პრემიერი მათთან მოლაპარაკებას.“

ქურთულმა მშვიდობისა და დემოკრატიულმა პარტიამაც მარტში დაიწყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანია, რომელსაც, სავარაუდოდ, ქურთთა მუშათა პარტიის საპატიმროში მყოფი ლიდერი, აბდულა ოჯალანიც ემხრობოდა. პარტიას სურს ქურთულ ენაზე სწავლების უზრუნველყოფა, ასევე საარჩევნო ბარიერის გაუქმება, პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და სამხედრო ოპერაციების შეწყვეტა მუშათა პარტიის წინააღმდეგ. პარტია უმთავრესი ქურთული პროვინციების ავტონომიასაც ესწრაფვის, მაგრამ მთავარი მიზანი საჯარო ცხოვრებაში ქურთული ენის მოხმარების შემოღებაა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG