Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 16 ივნისი, 2011


გაზეთი ”რეზონანსი” იუწყება, რომ პირველი ივლისიდან თბილისში ახალი სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდება და მგზავრობის ღირებულებაც გაიზრდება. როგორც ”რეზონანსთან” საუბარში ”თბილლაინის” წარმომადგენელი დავით ასანიძე აცხადებს, ტარიფის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია და, სავარაუდოდ, მგზავრობის ღირებულება 80 თეთრი გახდება. ”რეზონანსისვე” ცნობით, უახლოეს მომავალში შესაძლოა ბევრი მძღოლი, დაპირების მიუხედავად, სამსახურის გარეშე დარჩეს, რადგან ”თბილლაინი”, ეგრეთ წოდებული საგარანტიოს სახით, თითოეული მძღოლისგან 500 ევროს გადახდას ითხოვს.

”თუ ვიღაცამ მანქანას ჯოხი ჩაარტყა, ცხადია, უვადო პატიმრობა არ მიესჯება”, - აღნიშნავს დღესვე გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი. ინტერვიუს თემაა საპროტესტო აქციების რეგულაციასთან დაკავშირებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც, დეპუტატის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და არა ამ გადაწყვეტილების საწინააღდეგოდ გაჩნდა. ”ჩვენ, ჩვენი ოპონენტებისაგან განსხვავებით, მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას”, - უთხრა პავლე კუბლაშვილმა გაზეთ ”რეზონანსს”.

”ნაციონალები საკონსტიტუციო სასამართლოს იგნორირებას ახდენენ” - სტატიაში, რომელსაც გაზეთ ”ახალ თაობაში” წაიკითხავთ, პარლამენტის უმრავლესობის ახალი ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიადაა შეფასებული. ქრისტიან-დემოკრატთა ლიდერი გიორგი თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსსა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობა კიდევ ერთხელ დადგეს დღის წესრიგში:

”თუკი პარლამენტში ჩვენი მცირე რაოდენობრივი შესაძლებლობებით ვერ მოვახერხებთ, რომ ეს პროექტი არ იქნეს მიღებული, გავივლით კონსულტაციებს უფლებადამცველებთან და საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ.”

კონსერვატორთა ლიდერი ზვიად ძიძიგური კი ამბობს ”ახალი თაობის” ფურცლებზე, რომ ხელისუფლებას ინტერნეტის გაკონტროლებაც სურს და ”მედიაპალიტრაში” შემოსავლების სამსახურის აუდიტის შესვლაც სწორედ ამას ემსახურებოდა.
”თავისუფლება სოსო ჯაჭვლიანს - შიმშილობის 22-ე დღე”- ამ სათაურით გაზეთი ”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს 26 მაისს დაპატიმრებულ სოსო ჯაჭვლიანთან, რომელიც 13 ივნისიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. დაკავებული ამბობს, რომ მას შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით საქართველოს პატრიარქმაც მიმართა, მაგრამ იგი პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს: „მე პროტესტის სხვა ფორმა არ ვიცი. უბრალოდ, მე უკანონოდ ვარ დაპატიმრებული, ჩემი პირობა არის ასეთი - ან გარეთ ვარ, ან, სანამ დაპატიმრებული ვარ, ვშიმშილობ. სხვანაირად მე არ ვიცი.“

”ჩვენ ბრძოლის 4 გზა შევიმუშავეთ”, - უთხრა, თავის მხრივ, ”ალიას ” ”თეთრი მოძრაობის” - თეთრების - ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა: ”პირველი - ქუჩის აქციების გაძლიერება; მეორე - პარალელურად ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესის გაგრძელება; მესამე - ბოლოს და ბოლოს, იმის გარკვევა, რომელი სახელმწიფოა ჩვენი მეგობარი და რომელი მტერი და, მეოთხე - უცხოეთში მოქმედი ქართული დიასპორის ამოქმედება.” თემურ შაშიაშვილი ფიქრობს, რომ მომავალში სახალხო წარმომადგენლობითი კრება სწორედ ამ გზით უნდა წავიდეს.
XS
SM
MD
LG