Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა ცხინვალში? კოკოითი პარლამენტში მომხრეებს კარგავს


„სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სამხრეთ ოსეთში“, „პარლამენტი ბლოკირებულია“, „კოკოითის მომხრეები პარლამენტში შეიჭრნენ“ - ამ სათაურებით ჩნდებოდა გუშინ მთელი დღის განმავლობაში ინფორმაცია და სტატიები რუსულ პრესაში. ოსური მედია პარლამენტში კოკოითის მომხრე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების შეჭრის შესახებ არაფერს იუწყებოდა. ოფიციალური ვერსიით, დე ფაქტო რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები მივიდნენ და დეპუტატებს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მოსთხოვეს. საინიციატივო ჯგუფი დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის იბრაჰიმ გასეევის მიერ შეიქმნა და მისი მიზანია კოკოითის მესამე ვადით კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცეს. უმაღლესმა სასამართლომ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება უკანონოდ ცნო. ამიტომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები პარლამენტს მიადგნენ, სადაც პლენარული სხდომა მიმდინარეობდა. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლის არტურ ტატაევის თქმით, ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა და მათ პარლამენტში საკითხის ინიცირებისთვის 12 დეპუტატის ხელმოწერაც მოიპოვეს.

განსხვავებული ვერსია უამბო ჟურნალისტებს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა სტანისლავ კოჩიევმა. მისი თქმით, კოკოითის მომხრეები დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდნენ და საკითხის განხილვას სასწრაფოდ მოითხოვდნენ. შეიარაღებულმა პირებმა 33 დეპუტატიდან მხოლოდ 12-ის დათანხმება შეძლეს. მისი განცხადებით, დეპუტატებმა იური ძიცოითიმ, გენადი კოკოევმა და გიორგი სანაკოევმა, ზეწოლის მიუხედავად, შეიარაღებული პირების მოთხოვნას ხელი არ მოაწერეს და დეპუტატის უფლებამოსილება მოიხსნეს. რუსული მედიის ცნობით, მას შემდეგ,რაც დეპუტატებმა რეგლამენტის დარღვევაზე უარი განაცხადეს, პარლამენტის შენობა 200-მა შეიარაღებულმა პირმა ალყაში მოაქცია და ოთახებში დეპუტატების ცალ-ცალკე გაწვევით მათზე ზეწოლა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში უმრავლესობას კოკოითის მომხრეები შეადგენდნენ, ამიტომ გაჩნდა კითხვა - რისთვის დასჭირდათ მის მომხრე ძალოვანებს პარლამენტში შეჭრა. როგორც რადიო თავისუფლებას ცხინვალიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, მმართველ პარტიაში პრეზიდენტის მესამე ვადით არჩევას ყველა არ უჭერს მხარს და ეს დაპირისპირებისას გამოჩნდა, როცა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კოკოითის მომხრე პირმა იური ძიცოითიმ, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას არც კომუნისტები უჭერენ მხარს. სტანისლავ კოჩიევის განცხადებით, არჩევნებამდე 4-5 თვით ადრე კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა წარმოუდგენელია, პოლიტიკური საკითხის ინიცირების უფლება კი ძალოვანებს არ გააჩნიათ.

საკუთარი მომხრეების პარლამენტში შეჭრა სასწრაფოდ დაგმო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ და გამოძიების დაწყება გენერალურ პროკურორს დაავალა. დღეს ოსური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას. თვითონ კოკოითიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მესამე ვადით კენჭისყრას არ აპირებს, მისი მომხრე ძალოვანები კი მაინც დაჟინებით ითხოვენ რეფერენდუმის ჩატარებას. საეჭვოა, რომ ისინი კოკოითის თანხმობის გარეშე მოქმედებდნენ.

ძალისმიერი მეთოდებით ძალაუფლების შენარჩუნება, ფარსი და მოსკოვში კოკოითის მფარველების მიერ დაწერილი სცენარით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - ასეთ შეფასებას აძლევს გუშინ ცხინვალში მომხდარ ამბებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი გენერალური პროკურორი, ახსარ კოჩიევი. მისი აზრით, ცხინვალში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება. ის დეპუტატები კი, ვინც კონსტიტუციაში ცვლილებას ეწინააღმდეგება, თვითონ ფიქრობენ პრეზიდენტობაზე ან თავის გადარჩენაზე.

ცხინვალში 10 წლის წინანდელ ამბებსაც იხსენებენ. მაშინ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წაგების შემდეგ, მოქმედი პრეზიდენტის ლუდვიგ ჩიბიროვის ვაჟი, ალექსი ჩიბიროვი, შეიარაღებულ მომხრეებთან ერთად პარლამენტში შეიჭრა და დეპუტატებს არჩევნების შედეგების გაუქმება მოსთხოვა. პარლამენტის სპიკერი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მაშინაც კომუნისტების ლიდერი სტანისლავ კოჩიევი იყო, რომელიც შეიარაღებულ პირებს შეეწინააღმდეგა. ის არჩევნები მეორე ტურში ედუარდ კოკოითიმ მოიგო. პარლამენტის სპიკერი დღესაც კოჩიევია, რომელიც უკვე კოკოითის მომხრე შეიარაღებულ პირებს ეწინააღმდეგება. რადიო თავისუფლების წყაროები ცხინვალიდან იტყობინებიან, რომ შიდაპოლიტიკური ვითარება ფეთქებადსაშიშია. როგორც ჩანს, მალე დე ფაქტო რესპუბლიკაში დაკავებების ახალი სერია დაიწყება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირებულმა წყარომ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ქართველ სამართალდამცავებს ოსი მილიციელები უკვე დაუკავშირდნენ და სთხოვეს, საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხინვალიდან გადმოსული პირები დააკავოს.
XS
SM
MD
LG