Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა ისწავლონ უსინათლოებმა ახალი ცხოვრება


თბილისში გაიმართა კონფერენცია, რომელშიც პოლონეთის, სომხეთისა და საქართველოს უსინათლოთა ორგანიზაციებმა მიიღეს მონაწილეობა. რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ხედავენ და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

სამწუხაროდ, ბევრი სტერეოტიპი ისევ არსებობს საზოგადოებაში, რომ, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს არ შეუძლია მუშაობა...
34 წლის ლაშა ცაიშვილს რადიოგადაცემა, სახელწოდებით ”უიმედობაზე გამარჯვებულნი”, მიჰყავს. ის თავის გადაცემაში იმ ადამიანებს იწვევს, რომლებმაც სიძნელეები გადალახეს და ამით წარმატებასაც მიაღწიეს. ლაშამ ეს გზა თავად განვლო. ის დაბადებიდან უსინათლოა. თუმცა ამ პრობლემას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ უმაღლესი განათლება მიეღო და, მეტიც, ის დღესდღეობით დისერტაციაზე მუშაობს. როგორც ლაშა ჰყვება, რომ არა მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და, რა თქმა უნდა, მისი დიდი მონდომება, ალბათ, ვერც ვერაფერს მოახერხებდა, რადგან, მისი თქმით, საქართველოში უსინათლოებისათვის თითქმის არანაირი შესაძლებლობები არ არსებობს იმისა, რომ დამოუკიდებლად იარსებონ. ლაშას გადაცემის მთავარი გზავნილია გააგებინოს საზოგადოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც დანარჩენი ყველა:

”საზოგადოება არ არის მიჩვეული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებთან ურთიერთობას. სამწუხაროდ, ბევრი სტერეოტიპი ისევ არსებობს საზოგადოებაში, რომ, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანს არ შეუძლია მუშაობა - ყველა სიბრალულით გიყურებს, ჰგონიათ, რომ თუკი ფიზიკური ნაკლი გაქვს, ე.ი. ჩამოწერილი ხარ და ვერსად ვერაფერს გააკეთებ”, - ამბობს ლაშა.

29 წლის ალპინისტის დავით ყვირილიანის მხედველობა თვალის დაავადებამ, გლაუკომამ შეიწირა. თუმცა იმ ფაქტს, რომ ვეღარ ხედავს, მისთვის ხელი არ შეუშლია იცხოვროს აქტიური ცხოვრებით. თბილისში გამართულ კონფერენციაში, რომელშიც პოლონეთის, სომხეთისა და საქართველოს უსინათლოთა ორგანიზაციები ღებულობენ მონაწილეობას, აქტიურად არის ჩართული. კითხვაზე, თუ რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში უსინათლოთა დასახმარებლად და რა გამოცდილება შეიძლება გაიზიაროს პოლონეთისაგან საქართველომ, ის პასუხობს:
ახლა, მაგალითად, სრულდება ქართული ხმოვანი სინთეზატორი კომპიუტერისათვის, რომელიც ყველა უსინათლოს მისცემს შესაძლებლობას კომპიუტერით ისარგებლოს...

”აქ დაინახეთ, ხომ, უსინათლო, რომელსაც ჯოხი უჭირავს. აი, ამ ჯოხით მას შეუძლია მთელი ევროპა მოიაროს. ევროპაში ავტობუსები აცხადებენ ნომრებს; ნებისმიერ ლიფტში, სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველგან ბრაილის შრიფტით არის სართულები დანომრილი. ჩვენ ერთადერთი - ხმოვანი შუქნიშნები გვაქვს. სხვა რაიმე ადაპტაცია, რაც უსინათლოსათვის აუცილებელია, ფაქტობრივად, არ არის ჯერჯერობით. ჩვენ, პირველ რიგში, საზოგადოება უნდა შევცვალოთ და ამისათვის ყველამ უნდა გადავდგათ თითო ნაბიჯი”, - ამბობს დათო.

როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან საქართველოში და ევროპაში მცხოვრები უსინათლოების მდგომარეობა. ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს უსინათლოთა კავშირის ხელმძღვანელი რევაზ მაისურაძე. მე თბილისში მხოლოდ ორ უსინათლო ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლიათ, ამბობს ის. რეზო მაისურაძე იმ უმთავრეს პრობლემებზე საუბრობს, რაც საქართველოში მცხოვრებ უსინათლოებს აწუხებთ:

საქართველოში არ არიან ინსტრუქტორები, რომლებიც უსინათლოებს თეთრი ჯოხით სიარულს ასწავლიან...
”ხელმისაწვდომი განათლება - ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახლა, მაგალითად, სრულდება ქართული ხმოვანი სინთეზატორი კომპიუტერისათვის, რომელიც ყველა უსინათლოს მისცემს შესაძლებლობას კომპიუტერით ისარგებლოს. მეორე, ეს არის დასაქმება. ამ სიტუაციის გამოსასწორებლად საკანონმდებლო ბერკეტიც შეიძლება იყოს გამოყენებული. მაგალითად, თუკი კანონში ჩაიდება დებულება, რომ ყველა დამსაქმებელი დასაქმებულთა შორის 3 პროცენტს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს დაასაქმებს, შესაძლებელია მას შეღავათი მიეცეს რომელიმე გადასახადის გადახდისას. და, მესამე, ხელმისაწვდომი გარემო. მაგალითად, ევროპის ყველა ქვეყანაში უსინათლოები დამოუკიდებლად დადიან, აქ კი მხოლოდ ორი ვიცი ასეთი”, - ამბობს რევაზ მაისურაძე.

2009 წლიდან საქართველო, სომხეთი და პოლონეთი ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც სამ ქვეყანაში უსინათლოთა მდგომარეობის გაცნობასა და შესწავლას გულისხმობდა, დასრულებულია. პოლონეთის მთავარ მისიას აღნიშნულ პროექტში საქართველოსა და სომხეთისათვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. როგორც ელიზაბეტ ილეკსიაკი, პოლონეთის უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელი და რეაბილიტაციის პედაგოგი ამბობს, სიტუაციის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც საქართველოსა და არც სომხეთში გარდა იმისა, რომ არ არსებობს უსინათლოთათვის განკუთვნილი სპეციალური სარეაბილიტაციო ცენტრები, არ არიან ასევე უსინათლოებთან მუშაობის მეთოდიკაში დახელოვნებული სპეციალისტები. მისი თქმით, უსინათლოებმა დამოუკიდებლად ცხოვრება უნდა ისწავლონ და მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ცხოვრება მშობლებისა და მეგობრების დახმარების გარეშეც შეუძლიათ.

”საქართველოში არ არიან ინსტრუქტორები, რომლებიც უსინათლოებს თეთრი ჯოხით სიარულს ასწავლიან. არ არიან ის სპეციალისტები, რომლებიც დაეხმარებიან იმ ადამიანებს, რომლებიც, მართალია, ცუდად, მაგრამ ჯერ კიდევ ხედავენ. მათ უნდა ასწავლონ, როგორ გამოიყენონ ასეთმა ადამიანებმა დარჩენილი მხედველობა, როგორ გახადონ ცხოვრება უკეთესი - მაგალითად, როგორ მოაწყონ სახლი, როგორ გაანაწილონ შუქი, კონტრასტული ფერები. როდესაც ადამიანი მხედველობას კარგავს, მას ცხოვრების ხელახლა სწავლა უწევს. ჩვენ ვამზადებთ ინსტრუქტორებს, რომლებიც უსინათლოებს ახალი ცხოვრების სწავლაში ეხმარებიან”, - ამბობს ელიზაბეტ ილეკსიაკი.

პოლონეთის, სომხეთისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის მეორე ნაწილი უკვე სომეხი და ქართველი სპეციალისტების პოლონეთში გამგზავრებას გულისხმობს, პოლონეთში, სადაც ისინი ყველა იმ მეთოდს შეისწავლიან, რომელიც საქართველოსა და სომხეთში მცხოვრებ უსინათლოებს ცხოვრებას გაუადვილებს.
XS
SM
MD
LG