Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 21 ივნისი, 2011


მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც აქვეყნებს სტატიას საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ. „‘ხელშესახები’ გლობალური დათბობა“ - ასეთია სტატიის სათაური. ავტორი წერს, გარემოს დაცვის სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, საქართველოში ექსტრემალური მოვლენები გახშირდა და ამინდი უსისტემო გახდა, მიზეზი კი გლობალური დათბობააო. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ ”რეზონანსს“ უთხრა, დღეს-ხვალ ვინარჩუნებთ შესაძლებლობას, რომ ლოკალური ხასიათის წყალდიდობები იყოს, მაგრამ ადგილის მითითება პრაქტიკულად შეუძლებელია - მთელ მსოფლიოში ვერ კეთდება ამ დონის პროგნოზები. ყველას ვაფრთხილებთ, ვინც მდინარის პირას და ხევებთან სახლობს, ეცადონ განერიდონ, სხვა არაფერი შეგვიძლია. 22 ივნისს დასავლეთ საქართველოში უხვ ნალექს ისევ ველოდებით. თუკი ადრე ათ წელიწადში ერთხელ ხდებოდა მსგავსი მოვლენები, ახლა ათ წელიწადში ხუთჯერ გვაქვსო.

ისე, ქართული პრესის ძირითადი განსახილველი საკითხი დღეს ბადრი ბიწაძის ბედ-იღბალია. ”ახალი თაობა“ უთმობს ამას განსაკუთრებით დიდ ადგილს და მის ადგილსამყოფელზე, აი, რას წერს: ”ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა ბადრი ბიწაძე თანმხლებ პირებთან ერთად 26 მაისსვე დააკავეს. მანქანა და თანმხლები პირები სადღაც წაიყვანეს, ბიწაძე კი დმანისის ტყეში ტარზანივით მარტო დატოვეს". ავტორი განაგრძობს: "როგორც ჩანს, იმედი ჰქონდათ, რომ ეს უკანასკნელი "რაგატკების" გამოთლას დაიწყებდა და პოლიციასაც ექნებოდა ნივთმტკიცება. ცნობილია ისიც, რომ დმანისის ტყიდან ბიწაძე გუბაზ სანიკიძემ წამოიყვანა და ბოლნისში დატოვა მისივე თხოვნით. ამის შემდეგ მისი კვალი დაკარგულია, არც ხელისუფლება და არც მისი ოჯახის წევრები არ ამბობენ, სად შეიძლება იყოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფი, რომელსაც, მისი მეუღლის მსგავსად, ძალიან ბევრი და საინტერესო ინფორმაცია აქვს ხელისუფლების წევრებზეო.

”ალია” კი აქვეყნებს ინტერვიუს ზაზა ხატიაშვილთან, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ და ლაპარაკობს იმის შესახებ, თუ რა აზრი აქვს ადვოკატთა უფლებებისთვის ბრძოლას. აი, რას ამბობს ის: ”მაგრამ მას შემდეგ, რაც ადვოკატთა უფლებებისთვის დავიწყე ბრძოლა, იზოლატორში მისულ ადვოკატს თავზე აღარავინ ადგას, მონებივით არ უყურებენ მათ და ციხის ზედამხედველები ადვოკატ გოგონებს მკერდზე ხელებს აღარ უფათურებენ”, თუმცა ზაზა ხატიაშვილი დასძენს,” სანამ სააკაშვილს უცხოეთში "დემოკრატიის შუქურას"ეძახიან, არაფერი გამოსწორდებაო”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG