Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სკანდალური უკრაინელი ფემინისტების ბრძოლის ტაქტიკა


უკრაინელ ქალთა ჯგუფი „ფემენი“ მისი წელზემოთ შიშველი წევრების მიერ გამართული სკანდალური პროტესტებითაა ცნობილი. როგორც ჯგუფი აცხადებს, მათ განზრახული აქვთ ებრძოლონ სექსიზმსა და ავტორიტარიზმს როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჯგუფის სულისჩამდგმელი ანა გუცოლი თავისი გეგმების შესახებ კიევში - საკუთარ ბარში - ესაუბრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ტომ ბალმფორტს.

შიშველი მკერდი, ჰიჯაბი და შემწვარი კვერცხი არ არის ჩვეულებრივი ინგრედიენტები სოციალური პროტესტის დროს. თუმცა „ფემენის“ - უკრაინელი ფემინისტების - მოძრაობისათვის, რომლის ქერათმიანი წევრები მკერდშიშველნი აპროტესტებენ სექსიზმსა და სქესობრივ დისკრიმინაციას, ასეთი ტაქტიკა ბრძოლის უმნიშვნელოვანესი ელემენტია - განსაკუთრებით სოციალური თვითშეგნების ასამაღლებლად - უკრაინაში, ქვეყანაში, სადაც ავტორიტარული სახელმწიფო ძალას არ იშურებს პროტესტის აღსაკვეთად, - ამბობს ანა გუცოლი, ორგანიზაცია „ფემენის“ პატარა, ჟღალთმიანი ლიდერი.
ანა გუცოლი

„ახლა, როცა ზეწოლა ხორციელდება, დიახ, ადამიანები აცნობიერებენ, რომ არ არის საკმარისი პროტესტის მოწყობა, არ არის საკმარისი კარვების გაშლა, საჭიროა რაღაც ისეთის გაკეთება, რითაც ვითარებას შემოაბრუნებ და მაქსიმალურ ყურადღებას მიიპყრობ.“

სწორედ მაქსიმალური ყურადღების მიპყრობაა ის, რასაც „ფემენი“ 2008 წლიდან ცდილობს. დაარსების სამწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში რადიკალურმა ფემინისტურმა ჯგუფმა სწრაფად შეიძინა მეგობრებიცა და მტრებიც პატრიარქალურ პოსტსაბჭოთა უკრაინაში მათ მიერ ქალთა დისკრიმინაციის წინაააღმდეგ მიმართული შიშველი მკერდების დემონსტრირებით, ხშირად ვულგარული ფორმით ჩატარებული საპროტესტო აქციებით.
ძალიან ამბიციურმა და პროვოკაციულმა „ფემენმა“ პროსტიტუტების დამქირავებლების წინააღმდეგ მიმართული მკაცრი კანონმდებლობის მიღების კამპანიით დაიწყო და მალე ქალთა საერთაშორისო პრობლემებსაც გადასწვდა.
ტოპლეს პროტესტი - ეს შესაძლოა იყოს ყველაზე ძლიერი და ეფექტიანი ფორმა მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტისა...

16 ივნისს „ფემენის“ წევრებმა თავიანთ ჩვეულ სტილში გააპროტესტეს საუდის არაბეთში მიღებული კანონი, რომელიც ქალებს მანქანის მართვას უკრძალავს. ლამაზმანმა უკრაინელმა აქტივისტებმა კიევში უცნაური აქცია გამართეს. ნახევრად შიშველი ქალები ფანჯრებზე ჰიჯაბმიმაგრებული მანქანებით დაქროდნენ საუდის არაბეთის საელჩოს წინ და აფრიალებდნენ ტრანსპარანტებს, წარწერით: „კაცებს აქლემები, ქალებს მანქანები.“

„ტოპლეს პროტესტი - ეს შესაძლოა იყოს ყველაზე ძლიერი და ეფექტიანი ფორმა მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტისა. შეიძლება ისროლო ხელყუმბარები, შეიძლება ასევე იშიმშილო, ააფეთქო რაღაც ანდა, დალახვროს ღმერთმა, დახვრიტო ვინმე, რაც მასების ყურადღებას იმსახურებს... ანდა შეიძლება ტოპლესი გამოხვიდე.“

„ტოპლეს აქტივისტებად“ ცნობილი „ფემენი“ აპირებს საპროტესტო ტალღის აგორებას ისეთ ძალიან რთულ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, „ვერხოვნა რადაში“, პარლამენტარ ქალთა რაოდენობის გაზრდა და პროსტიტუციის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაა. პროსტიტუციის ინდუსტრიის მფარველებს უკრაინაში ამ უკანონო ბიზნესით წელიწადში მილიარდი დოლარის მოგება რჩებათ. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ანა გუცოლი ამბობს, ეს „არ არის იოლი“ საქმე უკრაინულ საზოგადოებაში, სადაც მამაკაცები დომინირებენ, „ფემენი“ არ აპირებს გაჩერებას. მათ რიგებში კიევის მასშტაბით 300 აქტივისტია, კიდევ 50 წევრი ჰყავთ რეგიონებში, მათ შორის - ოდესასა და დნეპროპეტროვსკში; მკერდშიშველ აქტივისტთა ინტერნეტმხარდამჭერების რაოდენობა კი 25 ათასს შეადგენს.

„ეს კი სრულიად საკმარისია ქალთა რადიკალური მოძრაობის დასაწყებადო“, - ხუმრობით ამბობს ანა გუცოლი, ორგანიზაცია „ფემენის“ სულისჩამდგმელი და ხელმძღვანელი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG