Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 6 ივლისი, 2011


დღევანდელი ქართული ბეჭდური მედია აქტიურად წერს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტის შესახებ, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ ორგანიზაციებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მიღების შესაძლებლობას აძლევს: ”განხეთქილება - ნაციონალები საპატრიარქოს წინააღმდეგ”, - ასე ასათაურებს 6 ივლისის ”რეზონანსი” პუბლიკაციას პირველ გვერდზე. ხელისუფლება ვალდებულებას იღებს, რომ შესაბამის ქვეყნებთან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვასა და სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები წარმართოს - ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა საპატრიარქოში რელიგიური გაერთიანების სტატუსის შესახებ კონსულტაციები გამართა, მაგრამ საბოლოოდ გაცხადდა, რომ პარლამენტმა საპატრიარქოსთან შეთანხმებას ვერ მიაღწია", - წერს გაზეთი "რეზონანსი". "დეტალებზე არ მინდა საუბარი, თუმცა საპატრიარქო ითხოვდა, რომ რელიგიური გაერთიანებები, რომელთაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების უფლება მიეცემოდათ, მათი ჩამონათვალი მაქსიმალურად მცირე ყოფილიყო - ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, რაზედაც ჩვენ უარი ვთქვით", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

რომაულ-კათოლიკური ეკლესია, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესია, ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია, ასევე მუსლიმთა და იუდეველთა თემები, ეს ის რელიგიური ორგანიზაციებია, რომლებსაც საქართველოსთან მჭიდრო ისტორიული კავშირი აქვთ. "წლების განმავლობაში აღნიშნული რელიგიური გაერთიანებები ითხოვდნენ, საჯარო იურიდიული პირის სტატუსი მინიჭებოდათ. სახელმწიფომ ახლა გადადგა შემხვედრი ნაბიჯი, თუმცა აქ არის ერთი პრობლემა - კანონპროექტის ავტორებმა უნდა მისცენ საშუალება არა მხოლოდ ხუთ რელიგიურ გაერთიანებას, არამედ ყველას, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, რომელი სტატუსით სარგებლობა სურთ - ეს უნდა იყოს რელიგიური გაერთიანების არჩევანი და არა მხოლოდ სახელმწიფოს შეთავაზება", - აცხადებს რელიგიური უმცირესობების უფლებების დამცველი ბექა მინდიაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ქართველმა კანონმდებლებმა საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღეს მიუხედავად იმისა, რომ 4 ივლისს, საღამოს, გავრცელდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის საგანგებო განცხადება, რომელშიც ილია II გამოთქვამდა გაოცებას, რატომ გადაწყვიტა საქართველოს პარლამენტმა "ესოდენ მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება საჯარო განხილვის გარეშე და ასეთი დაჩქარებული წესით", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში, სათაურით "მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს". პუბლიკაციის ავტორს წერილში მოჰყავს ამონარიდი კათალიკოს-პატრიარქის საგანგებო განცხადებიდან, სადაც ის მოუწოდებდა ხელისუფლებას, "რომ აუცილებელია შეჩერდეს კანონის მიღების პროცედურა და გაიმართოს საჯარო დებატები, რათა ჩამოყალიბდეს საერთო საზოგადოებრივი აზრი და მოხდეს კონსენსუსი მართლმადიდებელ ეკლესიასთანაც, რადგან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია". ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ”ყველა სიახლის” ჟურნალისტთან საუბრისას ამბობს, რომ სხვადასხვა კონფესიებისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის საფრთხეებს შეიცავს: ”ქვეყნის ინტერესებს შედარებით მცირერიცხოვანი რელიგიური კონფესიები არ წარმოადგენენ, მით უფრო, ისინი აგრესიით არ გამოირჩევიან, თუმცა სტატუსით ბევრი პრივილეგიის მოთხოვნის უპირატესობა მიენიჭებათ და, თუ მოუნდებათ, სერიოზული პრობლემები შეუძლიათ შეუქმნან სახელმწიფოს”, - ამბობს მამუკა არეშიძე გაზეთ ”ყველა სიახლესთან” საუბარში.

”ხელისუფლებამ ეკლესიაზე ახალი შეტევა დაიწყო”, - ასეთი სათაურით აქვეყნებს ერთ-ერთ სტატიას დღევანდელი ”ახალი თაობა”. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას ანტიეკლესიური კამპანიის წარმოებაში სდებს ბრალს, წერს პუბლიკაციის ავტორი. ნაციონალების ინიცირებული კანონპროექტი დაიწუნა როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციამ: ”მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შეჩერდეს საქართველოში რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების პროცედურა საქართველოს საპატრიარქოს გვერდის ავლით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, როდესაც ანალოგიური სტატუსი სხვა სახელმწიფოებში მიენიჭება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას”, - აცხადებენ კახა კუკავა და ეკა ბესელია.
XS
SM
MD
LG