Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ხელისუფლება პირობას დებს, რომ სარწყავი წყლის პრობლემას მოაგვარებს


ადგილობრივი ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობას ჰპირდება, რომ ივლისის ბოლომდე სარწყავი წყლის პრობლემა ბოლომდე მოგვარდება. ერგნეთს, ზემო ნიქოზს, ქვემო და ზემო ხვითს და ყელქცეულს აგვისტოს ომის შემდეგ სარწყავი წყალი არ მიეწოდება. ომამდე ამ სოფლების მიწის ნაკვეთები ცხინვალიდან გამომავალი სალთვისის სარწყავი არხით ირწყვებოდა, მაგრამ კოკოითის ხელისუფლებამ არხები ჩაკეტა, რის გამოც სამი წელია ამ სოფლებში მოსავალს თითქმის ვერ იღებენ. ომის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობამ საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა.

ხელისუფლებამ მდინარე ლიახვზე ახალი საირიგაციო სისტემა - ნიქოზის კაშხალი -ააგო, მაგრამ ეს სისტემა ყველა სოფელს მაინც ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ საჭირო გახდა დამატებითი წყალსაქაჩების და სატუმბი ძრავების დამონტაჟება. სატუმბი სადგურების მეშვეობით წყალი სალთვისის არხში უნდა გადავიდეს, რომელიც უწყლოდ დარჩენილ სოფლებს გაასარწყავებს. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, უკვე მწყობრშია ტირიფონის სარწყავი არხიც, რომელიც პატარა ლიახვის ხეობის სოფლების მიწის ნაკვეთებს მორწყავს. შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორის ზურაბ ჩხეიძის განცხადებით, ივლისის ბოლომდე რეგიონის უმთავრესი პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება.

ევროკავშირის და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოყოფილი ფინანსებით რეგიონის ყველა შიდა საირიგაციო არხი გაიწმინდება და შეკეთდება. მომავალი წლიდან კასპის რაიონშიც ახმაჯის საირიგაციო სისტემა ამუშავდება, რომელიც ასევე ოკუპირებული ახალგორიდან არის გადაკეტილი. სარწყავი არხების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, წვეთოვანი სისტემების დამონტაჟებაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG