Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლური პრესა აქცენტს პრესის თავისუფლებაზე აკეთებს


საქართველოში ფოტოგრაფების დაკავებას აქტიურად ეხმიანება დასავლური მედია, რომელიც დაკავების ფაქტების მიმოხილვასთან ერთად ქვეყანაში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.

დასავლური პრესა უმრავლეს შემთხვევაში ფოტოგრაფების დაკავებას განიხილავს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ დაწყებული ჯაშუშური ქსელების გამოვლენის კონტექსტში. თუმცა, როგორც BBC წერს, განსხვავება ისაა, რომ საქმე ამჯერად ეხება ჟურნალისტებს. მაგალითად, პრესა ციტირებს პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსამსახურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ფოტორეპორტიორების დაკავების ფაქტს კავშირი არა აქვს მედიის თავისუფლებასთან და ის ეხება ქვეყნისთვის ზიანის მომტანი ინფორმაციის გავრცელებას ჯაშუშური ქსელებით.

ამის მიუხედავად, დასავლური პრესა იმ ფაქტის კონსტატირებას ახდენს, რომ დაკავებული ადამიანები არიან გავლენიანი დასავლური გამოცემებისთვის სხვადასხვა ფორმით მომუშავე ფოტორეპორტიორები. ამავე კონტექსტში მედია საუბარს იწყებს მედიაპრობლემებზე ქვეყანაში და პრეზიდენტ სააკაშვილის ტაქტიკაზე თავისი მოწინააღმდეგეების მიმართ. BBC წერს:

”ბატონ სააკაშვილს ხშირად აკრიტიკებენ უკანასკნელ წლებში მძიმე ტაქტიკის გამოყენებისთვის მისი მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას.”

პრესა ასევე იხსენებს აგვისტოს ომს, როგორც აგენტების თემის აგორების ათვლის წერტილს და ასევე როგორც დროს, როცა დაიწყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პრეზიდენტ სააკაშვილის გავლენისა და იმიჯის უარყოფითი კონოტაციით განხილვა. იხსენებენ ასევე 2007 წლის შემოდგომას, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის რეფორმატორის იმიჯი პირველად შეიცვალა მსოფლიოს თვალში იმიჯით ქვეყნის მეთაურისა, რომლის მმართველობის დროსაც დამოუკიდებელ ტელეკომპანიაში პოლიცია შეიჭრა, მისი მაუწყებლობა შეწყვიტა და ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება აკრძალა. მაგალითად, „ასოშიეიტიდ პრესი“ (AP) წერს:

”ამის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ გამოაცხადა 15-დღიანი აკრძალვა მედიასაინფორმაციო საშუალებებზე, რადგან, მისი თქმით, მედია ხელს უწყობდა ადამიანთა შეკრებებს.”

პრესა ასევე საუბრობს იმაზე, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში სწორედ თავისუფალი მედიის დახმარებით მოვიდა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სწორედ თავისუფალ მედიას დაუპირისპირდა. მაგალითად სააგენტოები იხსენებენ ორგანიზაციის - „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ - ანგარიშებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო პრესის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში მეასე ადგილზეა. „როიტერსი“ფოტოგრაფების დაკავებაზე დაწერილ სტატიაში ცალკე გამოყოფს თავს მედიის თავისუფლების შესახებ, სადაც ვკითხულობთ:

”მედიის დამცველი ორგანიზაციები სააკაშვილის მთავრობას მედიის მანიპულირებასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.”

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტორი, რომელზეც საერთაშორისო მედია ყურადღებას ამახვილებს, არის პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი. მასალები ძირითადად იწყება იმით, რომ დაკავებულია პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი და შემდეგ უკვე ლაპარაკია სხვა ფოტოგრაფებზეც. მაგალითად, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ აქცენტს აკეთებს იმ ფაქტზე, რომ სხვა ფოტოგრაფების დაკავების მიზეზი შესაძლოა გახდა პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები:

”ერთ-ერთი დაკავებული ფოტოჟურნალისტის, ზურაბ ქურციკიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმე, როგორც ჩანს, ეხება ფოტოებს, რომლებიც პრეზიდენტის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ გადაიღო და სხვებმა გაავრცელეს.”

დასავლური მედია მიმოხილვით კონტექსტში სხვადასხვა ფორმით ახსენებს ასევე ბოლო ფოტოებს, რომლებიც დაკავებულმა რეპორტიორებმა საერთაშორისო მედიაში გაავრცელეს და თბილისში 26 მაისის ღამით განვითარებულ მოვლენებს ასახავს.
XS
SM
MD
LG