Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჰმადიანები და ებრაელები ერთად - ცხოველთა უფლებების ნიდერლანდელი დამცველების წინააღმდეგ


რელიგიის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს ცხოველთა უფლებების გამო? დიახ, შეიძლება. ამას ღიად აცხადებს ნიდერლანდის პარლამენტის წევრი, ამ ქვეყნის „ცხოველთა დაცვის პარტიის“ ლიდერი, მარიანე თიმე, რომლის 2002 წელს დაარსებული პოლიტიკური ჯგუფი, მისივე თქმით, 2008 წლიდან იბრძვის კანონისთვის, რომელიც ახლა, ივნისის ბოლოს, ნიდერლანდის პარლამენტმა მიიღო. კანონი კი ცხოველების დაკვლის აკრძალვას გულისხმობს წინასწარ მათი გაბრუების გარეშე. ეს კი იწვევს იმათი უფლებების შეზღუდვას, ვისი აღმსარებლობისთვისაც მიუღებელია გაბრუებული ცხოველების დაკვლა. ლაპარაკია მაჰმადიანებსა და იუდეველებზე, რომლებიც ჰოლანდიაში საკმარისად ცხოვრობენ. ჰოლანდიელი კანონმდებელი ამბობს, ჩვენს ქვეყანაში ცხოველთა კეთილდღეობა მნიშვნელოვანი თემაა და ვფიქრობთ, რელიგიის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ადამიანების ან ცხოველების ტანჯვა იწყებაო: „თუ რელიგიის თავისუფლება ტკივილს აყენებს ვინმეს, ადამიანს თუ ცხოველს, რელიგიის თავისუფლება უნდა შეიზღუდოს“, ამბობს თიმე, რომლის „ცხოველთა დაცვის პარტიას“ ნიდერლანდის პარლამენტში ორი ადგილი აქვს. ერთი დეპუტატი მას ჰყავს სენატშიც, რომელმაც ეს პროექტი უნდა დაამტკიცოს.

ამ, ევროპის არცთუ ისე დიდ ქვეყანაში, ნიდერლანდში, სადაც 16 მილიონი ადამიანია, ერთი მილიონი მაჰმადიანი და 50 ათასი ებრაელი ცხოვრობს. ამ ორ რელიგიურ თემს ახლა უჩვეულოდ აერთიანებს ახალი კანონი, რომელიც მათ, მიუხედავად არსებითი განსხვავებულობისა, უკრძალავს რელიგიური წესის შესაბამისად ცხოველის დაკვლას. ორივე რელიგიური თემის წესით, ქოშერისა და ჰალალის თანახმად, ცხოველი დაკვლის დროს გონზე უნდა იყოს, რათა სისხლისგან დაიცალოს. ორივე აღიარებს წესს, რომ ცხოველის წამება არ უნდა მოხდეს, ამიტომაცაა საჭირო ერთობ ბასრი დანით კისრის არტერიის სწრაფად გადაჭრა. კანონი, რომელზეც გესაუბებით, იმასაც გულისხმობს, რომ თუკი რომელიმე რელიგიურ ჯგუფს, რომელსაც არ სურს დაკვლამდე გააბრუოს ცხოველი, შეეძლება გამოიყენოს მეცნიერულად აღიარებული მეთოდი, რომელიც ცხოველს ნაკლებ ტკივილს მიაყენებს, ვიდრე გაბრუება, მაშინ გამონაკლისის დაშვება შეიძლება და დაკვლასაც წინ ვერაფერი დაუდგება. ევროპის ორმა წამყვანმა რელიგიურმა გაერთიანებამ - ევროპის ებრაელთა კონგრესმა და ევროპელ რაბინთა კონფერენციამ - განაცხადა, რომ შეეცდებიან წინ აღუდგნენ კანონის მიღებას. ებრაელთა კონგრესი აპირებს სამართლებრივ საშუალებებს მიმართოს და დაამტკიცოს, რომ ეს არის კანონი, რომელიც დისკრიმინაციულია და ხელყოფს რელიგიურ თავისუფლებას. რაბინთა კონფერენციამ ნიდერლანდის სენატს მიმართა, არ დაამტკიცოს კანონი. ჰოლანდიის მედიას რაბინთა კონფერენციის თავმჯდომარემ, რაბინმა პინხას გოლდშმიდტმა განუცხდა,ამ კანონის პრაქტიკული ეფექტი ისაა, რომ ნიდერლადში ებრაელები აღარ არიან მიღებულიო. ასეთი რამ 60 წელიწადია არ მომხდარაო, ამბობს გოლდშმიდტი. ებრაული თემის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ნიდერლანდში ეს აკრძალვა დაუკავშირა ნაცისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ქოშერული საყასბოების აკრძალვას. რელიგიურ წეს-ჩვეულებებზე თავდასხმად მიიღო ნიდერლანდის პარლამენტის გადაწყვეტილება არაერთმა მაჰმადიანმა. სულ ცოტა დროა გასული მას მერე, რაც ამსტერდამის სასამართლომ გაამართლა ულტრამემარჯვენე ხეერტ ვილდერსი, რომელსაც ბრალად ედებოდა მაჰმადიანთა მიმართ სიძულვილისა და დისკრიმინაციის ხელშეწყობა. ვილდერსი ცნობილია თავისი თეზებით, რომ ისლამი და მაჰმადიანი ემიგრანტები ჰოლანდიურ კულტურას საფრთხეს უქმნიან. არაერთი მაჰმადიანი და არამუსლიმი თვლის ჰოლანდიაში, რომ ცხოველების სარიტუალო დაკვლის აკრძალვის სამიზნე მაჰმადიანები არიან. ის, მართლაც, გამოხატავს მზარდ ანტიმაჰმადიანურ გრძნობებს ამ ქვეყანაში, ამბობს ირანული წარმოშობის ჰოლანდიელი, ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორი, თურაჯ ათაბაქი. „აკრძალვის სამიზნე, საფიქრებელია, მაჰმადიანური თემია, რომლის წევრების რიცხვი ბოლო წლებში ევროპაში მუდმივად იზრდება. ისინი ინარჩუნებენ მაჰმადიანურ ფასეულობებს, მათ შორის ჩაცმა-დახურვის წესს. და, ამასთან, მათ საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან თავი შორს უჭირავთ და ეგრეთ წოდებულ კოლონიებად ცხოვრობენ. ეს აღიზიანებს ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფონ ისლამური ჯგუფები, ისლამური თემები, როგორც ეს საფრანგეთსა და ავსტრიაში ხდება.“

„ცხოველთა დაცვის პარტია“ და მისი მომხრეები ირწმუნებიან, რომ სხვაზე არაფერზე ფიქრობენ, გარდა ცხოველთა უფლებებისა. პარტიის ლიდერი თიმე ამბობს, მაჰმადიანთა და ებრაელთა საყასბოების გარდა, ჰოლანდიაში სხვა არავინ მიმართავს ცხოველთა გაბრუების გარეშე დაკვლასო. ისვე დარწმუნებულია, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი უყურებს სერიოზულად ცხოველთა უფლებების დაცვას. გამოკითხვებით, ამ ქვეყანაში ახალ კანონს უმრავლესობა მხარს უჭერს. ჰოლანდია პირველი ქვეყანა არ არის, სადაც ამ გზით ხდება, რელიგიური ჯგუფების აზრით, მათთვის თავისუფლების შეზღუდვა. ახალმა ზელანდიამ, ხოლო ევროპაში ლუქსემბურგმა, შვეიცარიამ, შვეციამ და ნორვეგიამ ამ რელიგიური წესებით ცხოველთა დაკვლა უკვე აკრძალეს. თურქეთი ერთადერთი მაჰმადიანური ქვეყანაა, სადაც ასეთი აკრძალვის შემოღებაზე პოლიტიკურ წრეებში მსჯელობენ. როგორც რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის თანამშრომელმა, ეკონომიკის სპეციალისტმა არაშ ჰასან ნიამ გვითხრა, ირანში, დიდ საყასბოებში, სამრეწველო მიზნებით ცხოველთა დაკვლა ჰალალის წესით არ ხდება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG