Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიპროსზე მომხდარმა აფეთქებებმა 12 ადამიანი შეიწირა


დღეს დილით ძლიერი აფეთქებები მოხდა კიპროსის ბერძნული ნაწილის მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 12 ადამიანი და მწყობრიდან გამოვიდა ელექტროსადგური. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქდა 2009 წელს ირანულ გემზე კონფისცირებული იარაღის საცავი. როგორც იუწყებიან, აფეთქებების გამო გადადგნენ თავდაცვის მინისტრი კოსტას პაპაკოსტასი და ეროვნული გვარდიის სარდალი, პეტროს ცალიკლიდესი. ამასთან, მთავრობა, მისი პრესმდივნის განცხადებით, გამორიცხავს, რომ აფეთქების მიზეზი საბოტაჟი იყო. აფეთქების შედეგად დაიჭრა ათობით ადამიანი და მძიმე ზარალი მიადგა ახლოს მდებარე სოფელს. იმის გამო, რომ მწყობრიდან გამოვიდა ვასილიკოს ელექტროსადგური, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა კიპროსის მნიშვნელოვან ნაწილს. კიპროსი ორ ნაწილად არის გაყოფილი მას შემდეგ, რაც 1974 წელს თურქეთის არმიამ დაიპყრო მისი ტერიტორიის მესამედი. 2004 წელს ბერძნულენოვანი სამხრეთი კიპროსი ევროკავშირში გაწევრიანდა.
XS
SM
MD
LG