Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნუცა ალექსი-მესხიშვილი - კინორეჟისორი


3 ივლისი, კვირა
დღეს დილას, გამთენიისას, ჩვენი თვითმფრინავი თბილისში დაეშვა. ჩემი მთავარი შეგრძნებაა, რომ სახლში ვბრუნდები. მინდა, რომ ჩვენს შვილებსაც ჰქონდეთ ეს შეგრძნება - რომ არის ადგილი დედამიწაზე, სადაც გადმოხვალ თვითმფრინავიდან, მატარებლიდან თუ მანქანიდან, და მოხვდები სახლში.

რამდენიმე დღის წინათ, ერთმა სტუმარმა, ჰამბურგში, ასეთი გამონათქვამი გაიხსენა (თუ არ ვცდები, ბერძნული): გამარჯვებულისათვის ყველგან სახლია, დამარცხებულს კი სამშობლო ეძახის.

ცხოვრებაში ხომ ბევრჯერ მარცხდები და იმარჯვებ. როდესაც მარცხდები, სახლში გინდა მოხვდე. ჩემი სახლი ეს ქალაქია, სადაც დღეს უკვე მერამდენედ ჩამოვედი; ხან დამარცხებული, ხან - გამარჯვებული.

12 წლის წინ პარიზიდან სახლში რომ არ დავბრუნებულიყავი (იმ მომენტში, ჩემი აზრით, დამარცხებული), მაშინ კოკასაც ვერ გავიცნობდი. კოკას არსებობა ჩემს ცხოვრებაში ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვებაა.

ჩამოვედით გამთენიისას. გათენება და დაბინდება ხომ ჯადოსნური დროებია! კიდევ ვიღაცის ნათქვამი გამახსენდა: „თუ ქალაქი გამთენიისას არ გინახავს, ჩათვალე, რომ იმ ქალაქში არ ყოფილხარ.“ ხშირად მახსენდება ეს სიტყვები.

თუ მხოლოდ დღის ჩვეულებრივ მონაკვეთში დაესწარი ქალაქის ცხოვრებას, თუ იქ არაფერი შეგემთხვა, არ შეგაგვიანდა, არ დაგათენდა თავზე და იმ უცნაურ წამს არ შეესწარი, რასაც გათენება ჰქვია, ჩათვალე, რომ, უბრალოდ, საფოსტო ბარათი დაათვალიერე. მშობლიურ ქალაქში კი, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვინც გათენებას არ შესწრებია.

ასე, გამთენიისას, შემოვედით სახლში. უკვე გათენებულზე დავიძინეთ. და იგივე 3 ივლისი 10 საათზე მეორედ დაიწყო - კარზე ნინოს ზარით.

ნინოც ჩემი სახლია. ჩემი სამშობლოა. ნინოც ის არის ჩემთვის, ვისთანაც დამარცხებული მივალ.

თავისუფლების დღიურები - ნუცა ალექსი-მესხიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:35 0:00



4 ივლისი, ორშაბათი
დილა. პატარა თონე დავითაშვილის ქუჩაზე. შოთი პური - 80 თეთრი.

ველოდები. იქვე ახალგაზრდა ბიჭები სხედან, ისინიც პურს ელოდებიან და თან ბჭობენ, რამდენი ფული დასჭირდებათ რესტორანში წასასვლელად, რამდენ მწვადს ეყოფა, რამდენ ხინკალს...

პური გამოცხვა. ბიჭები ერთ პურს იღებენ და იქვე ჭამენ. მეც მომაქვს თონიდან ამოღებული ორი გავარვარებული პური.

დავითაშვილის ქუჩაზე ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელია დახაზული. ქუჩებში საყიდლებით, პარკებით დატვირთული ქალები მოდიან, პაპანაქება სიცხეში რაღაცნაირად მშვიდად და ერთგულად რომ მოუყვებიან აღმართს, სახლში ხილი და სანოვაგე მიაქვთ.

იქვე გხვდებიან ასაკოვანი კაცები, ძველებურ თუ ძველ გაუთოებულ პერანგებში და კოსტუმის შარვლებში გამოწყობილები, გაცვეთილი საქაღალდით ხელში. მათ ზუსტად ასეთივე კაცები ხვდებიან, დგანან და, ტრანსპორტის მოლოდინში, საუბრობენ.

თბილისში ჩამოსვლისას ჩემი მთავარი სურვილი არაფრის კეთება იყო. არაფრის კეთება იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც შეგიძლია, არაფერი აკეთო. არ იყო მასპინძელი, არ იყო სტუმარი.

ასეთი მთელი დღე გავატარე ყაზბეგის ქუჩაზე დედაჩემთან, ქეთისთან. მოვიდა რამდენიმე ადამიანი, ვისთან ერთადაც უბრალოდ ხარ. კახა, ისევ ნინო, სალომე.

ძნელია, დღიურში აღწერო არაფრის კეთება.

ამასთან დაკავშირებით დათოს შემოთავაზება დღიურების დაწერის თაობაზე მაგონებს პარიზის კინოსკოლაში სწავლის დროს ხმის ფაკულტეტის ხელმძღვანელის დავალებას, ჩაგვეწერა სიჩუმე. უნდა დავყოფილიყავით ორკაციან ჯგუფებად, წავსულიყავით მიკროფონით და მაგნიტოფონით ქალაქში და ჩაგვეწერა სიჩუმე.

მაშინ გავიგე, რომ სიჩუმეები, თურმე, ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მერე ვუსმენდით ამ სიჩუმეებს და ვარჩევდით ლექციაზე.

ასე ვცდილობ ახლა, აღვწერო თბილისი.

5 ივლისი, სამშაბათი
ვიყავით რესტორან „მასპინძელოში“. ვჭამეთ ხინკალი, მწვადი, ჩაშუშული სოკო. ყველაფერი ძალიან გემრიელია.

ქეთისთან ერთად თბილისში ყოფნა. ქეთი ჩემი ნაწილია. ჩემი საზომი ერთეული. ქეთის მიმართ როგორებიც არიან ადამიანები, ჩემთვის ის უფრო ფასეულია, ვიდრე ჩემს მიმართ.

საღამოს, გვიან, მეგობრის სამზარეულოში… უბრალოდ იყო, იცინო, მოისმინო, ათას სისულელეზე ილაპარაკო, გაიგო ათასი ამბავი. კარგად იგრძნო თავი.

რამდენი რამე იცვლება ცხოვრებაში, რამდენ რამეს სხვანაირად უყურებ, რამდენი სხვადასხვა აზრი გვაქვს ყველას რამდენ თემაზე. რამდენ რამეში ვუპირისპირდებით ერთმანეთს!.. მაგრამ უცვლელია იმ კედლების, იმ ბინების, იმ სამზარეულოების მომნუსხავი ძალა, სადაც ბავშვობა გაგიტარებია.

6 ივლისი, ოთხშაბათი
დღეს გავიგონე ასეთი წინადადება: ბავშვობის ბედნიერმა წლებმა გადაატანინა მერე ყველაფერიო.

რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩვენმა ბავშვებმა ასეთი რამე იფიქრონ ან შეიგრძნონ! ბავშვობაში ისეთი ბედნიერი იყო, რომ მერე ყველაფერს გაუძლო.

დედაჩემის ერთი ფოტო მაქვს, სადაც ხუთიოდე წლისაა და ხელები აქვს გაწვდილი თავისი დედისკენ. მერე დედაჩემის დედა 10 წლით გადაასახლეს. თავისი შვილი მეორედ 16 წლისა ნახა.
ამ ფოტოზე ძალიან მეცოდება დედაჩემი, მაგრამ კიდევ უფრო მეცოდება ბებიაჩემი ნუცა, რომელსაც თავისი ექვსი წლის შვილი ათი წლის განმავლობაში არ უნახავს.

დღეს ასე დადიან ანანურში ბებიების ანაბარა დატოვებული ბავშვები. მათი დედები საბერძნეთში და იტალიაში არიან გახიზნულნი სამუშაოდ.

7 ივლისი, ხუთშაბათი
თბილისში მანქანით ვმოძრაობ.

ხშირად სხვას გზას რომ დაუთმობ, შენც უფრო იადვილებ გზას და უფრო ჩქარა მიდიხარ. და, საერთოდ, სხვისთვის გზის დათმობა გიადვილებს წინსვლას, და არა პირიქით. ასეთივე აზრი მაქვს ახლა პარლამენტის მიღებულ კანონპროექტზე რელიგიური კონფესიების შესახებ. არ მჯერა, რომ შემწყნარებლობამ შეიძლება ზიანი მოგაყენოს, რომ სხვისი პატივისცემა და მისი შენთან გათანაბრება შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს შენთვის; ეხება ეს ცალკეულ პიროვნებას თუ სახელმწიფოს.

არ შეიძლება პიროვნებას მოსთხოვო ზნეობრიობა, სახელმწიფოს კი - არა. სახელმწიფოც შეიძლება იყოს მორალური და ამორალური, როგორც ადამიანი. ჩვენი ხელისუფლება, ძალიან იშვიათად დგამს ზნეობრივ ნაბიჯს, და სწორედ მაშინ აწყდება ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების აღშფოთებას.

საღამოს შევედით გუგას ახლად გახსნილ კაფეში, ფარდულში, როგორც თვითონ უწოდებს, სახელად „შავი ლომი“. ვჭამეთ გახუხული პური, გუდის ყველი და დავლიეთ ჩაი ლიმონით.

სოლოლაკი ზაფხულში, შუაღამეს, ძალიან შთამბეჭდავია - ცოცხალი, მოძრავი, თან მშვიდი, ლამაზი. ყოველ ფანჯარაში, სხავადასხვა ფერის შპალერის ანარეკლი, გამჭვირვალე ფარდები და სინათლეები.

8 ივლისი, პარასკევი
დილას, მანქანაში, რადიოდან მესმის, რომ დააკავეს ხუთი ფოტოგრაფი. ცხადია, შეუძლებელია,იმავე წუთს შენი აზრი გაგიჩნდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. მაგრამ აუცილებელია, გქონდეს შეგრძნება, რომ სასამართლო, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, გაარჩევს მტყუან-მართალს. რომ არსებობს სასამართლო, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, ხალხს თავისი დამოუკიდებლობა დაუმტკიცოს. ეცადოს მაინც... ჩვენს წარმოსახვაში კი სასამართლო საერთოდ არ არსებობს. არსებობს ხელისუფლება, რომელიც იჭერს და უშვებს ხალხს.

მთავარია, მომავალში, ვინმეს დაკავების ფაქტს რომ გაიგონებ, რას გაიფიქრებ. იფიქრებ თუ არა, რომ სიმართლე ნამდვილად გაირკვევა. მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ვთქვათ რომ სახელმწიფო შედგა. დღეს კი ძალიან ვუთანაგრძნობ დაკავებულ ფოტოგრაფებს.

ჩვენი ახალი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ატრიბუტიც უკვე სახეზეა: ტელევიზიით გადმოცემული აღიარებითი ჩვენება. გაურკვეველი გზით მოპოვებული.

იქამდე კი შევდივარ შროშის ქუჩაზე, მზა საჭმელების მაღაზიაში, ნანული ბებოსთან.

ისევ ისეთია დახლი, ხელით დაწერილი კერძების სახელებით. იქვე, ქურაზე, ცხვება ხაჭაპური, ლობიანი. ნანული ბებო მიეკუთვნება ერთ-ერთ იშვიათ რეალურ, არაგამოგონილ თბილისურ ბრენდს, რომელსაც შეუძლია, თავის მაღაზიას დააწეროს: Since 1994.

9 ივლისი, შაბათი
ამასობაში ერთი კვირა გავიდა, და ვერ ვნახე ზაირა.

ეს ჩემი ახალი ცხოვრების პირველი კვირაა.

ეს წელი გავატარე ჰამბურგში.

ექვსი თვის განმავლობაში ვიკეთებდი ქიმიოთერაპიას.

ქიმიოთერაპია ნიშნავს 5-6 საათის გატარებას ერთ ოთახში, რამდენიმე ადამიანთან ერთად, რომლებიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარს გადადიან და გადმოდიან.

ის თითო დღე თეთრ ოთახში, სხვადასხვა ასაკის ქალებთან ერთად, ის სუნი, ის ჰაერი, ძალიან ძნელი გადასატანი იყო.

გუშინ, თბილისში, ვიღაც ამბობდა, რომ ისე ცხელოდა, არ იცოდა ის დღე როგორ ჩაემთავრებინა. ოღონდ ერთხელ კი არ ამბობენ ამას - ასჯერ, ათასჯერ. მეც ნელ-ნელა ვუერთდები ამ თბილისურ წუწუნს.

ასეთი პირობითი რამ არის ცხოვრება...
XS
SM
MD
LG