Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები ვანო მერაბიშვილს ხვდებიან


ჯერ ისევ მიმდინარეობს შეხვედრა ჟურნალისტთა ერთ ჯგუფსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს შორის, დაკავებული ფოტოკორესპონდენტების საკითხთან დაკავშირებით. მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნა ერთ-ერთი იყო იმ მოთხოვნათა შორის, რომლებიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ შინაგან საქმეთა სამინისტროში 11 ივლისს შეტანილ განცხადებაში ასახა. საბჭოს წარმომადგენლებმა ვანო მერაბიშვილის დასტური, შეხვედრის თაობაზე, 12 ივლისს მიიღეს. როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ, 13 ივლისს, შეხვედრის დაწყებამდე უთხრა ”რადიო თავისუფლებას”, ჟურნალისტების ჯგუფი შინაგან საქმეთა მინისტრთან ”საკმაოდ საფუძვლიან”, მაგრამ ამავე დროს ”საკმაოდ მწვავე” საუბარს მოელოდა.

”ჩვენი მოთხოვნები უცვლელია. ჩვენ ვითხოვთ რაც შეიძლება დროულად მოეხსნას ამ საქმეს გრიფი ”საიდუმლო”, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, რომ გამოძიების შესახებ იყვნენ უკეთ ინფორმირებული; რაც მისცემს საშუალებას ადვოკატებს, რომ მოიხსნან ეს დუმილის ვალდებულება და ინფორმაცია ამომწურავად მიაწოდონ საზოგადოებას”, - უთხრა ქორიძემ ”რადიო თავისუფლებას” და დასძინა, რომ თუკი ფოტოკორესპონდენტების საქმეს მოეხსნება გრიფი ”საიდუმლო”, ეს ”დიდად შეუწყობს ხელს იმას, რომ დაკავებული ფოტოკორესპონდენტების საქმის გამოძიება გახდეს უფრო ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი.”

ზვიად ქორიძის გარდა, ვანო მერაბიშვილს ხვდებიან: ია ანთაძე, ლაშა ტუღუში, თამარ კორძაია, ნინო ზურიაშვილი, ნინო დანელია და შორენა შავერდაშვილი.
XS
SM
MD
LG