Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო რეფორმის მიღწევებზე საუბრობს


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმა - ეს გახლდათ მთავარი თემა შეხვედრისა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა. საბჭოს წარმომადგენლებმა საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარომადგენლებს უმასპინძლეს. ის, რომ საქართველოში სასამართლო რეფორმა მიმდინარეობს, ცხადია. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე პოზიტიური საკითხი, სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები კვლავ თვალში საცემია.
საბჭოს ინიციატივით, საკონსტიტუციო კომისიამ განიხილა საკითხი და მოხდა ისე, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნა არის უკვე კანონი...

როგორი იყო სასამართლოს რეფორმამდელი სასამართლო? აი, ასეთი კითხვა შეიძლება დაესვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ვალერი ცერცვაძის მისასალმებელ სიტყვას, სადაც ის იმასაც ამბობს, ნეგატიური საკითხების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანსო. თუმცა მაინც გამოკვეთს რამდენიმე მათგანს, რომელთა შორის უპირველესია კორუფცია, სასამართლოს მიმართ საზოგადოების უნდობლობა, გართულებული სასამართლო პროცედურები:

“ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმა დავისახეთ და გადავწყვიტეთ ამ სფეროში გარდატეხა შეგვეტანა და მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა იმ უცხოური ქვეყნების გამოცდილება, რომლებსაც დიდი წარმატება აქვთ ამ კუთხით და, რაღა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ჩვენი, ქართული რეალობა, რომელზეც უნდა მოგვერგო ეს ყველაფერი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფცია აღმოფხვრილიყო და ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ, ამას ხალხი ამბობს, ამას კვლევები ადასტურებს. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ეს არის ის, რის გარეშეც წარმოუდგენელია დამოუკიდებელი მართლმსაჯულება”, - ამბობს ვალერი ცერცვაძე.

მისივე თქმით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში შემუშავდა მნიშვნელოვანი საპროცესო ცვლილებები, რამაც შესაძლებელი გახადა სასამართლოს ადვილად ხელმისაწვდომობა და სასამართლო პროცედურების გამარტივება. ერთ-ერთ განსაკუთრებულ მიღწევად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლის დანიშვნის, დაწინაურებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის მოწესრიგებას მიიჩნევს. ვალერი ცერცვაძე მოსამართლის დამოუკიდებლობის ამაღლების თვალსაზრისით გატარებულ რეფორმაზე ამახვილებს ყურადღებას:

”საბჭოს ინიციატივით, საკონსტიტუციო კომისიამ განიხილა საკითხი და მოხდა ისე, რომ მოსამართლეთა უვადო დანიშვნა არის უკვე კანონი. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსამართლეები დავნიშნოთ უვადოდ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი და გარანტია იმისა, რომ მოსამართლემ მყარად იგრძნოს თავი საკუთარ პოზიციაზე და იგი დამოკიდებული იყოს მხოლოდ კანონზე. ამ კუთხით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შემუშავებული კანონი, რომელიც მოსამართლეებთან აკრძალულ კომუნიკაციას გულისხმობს”, - აცხადებს ვალერი ცერცვაძე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული საზოგადოების მოსაზრებები და იდეები, აღნიშნავენ საბჭოში და იმასაც ამბობენ, რომ სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა და საჯაროობის უზრუნველყოფა რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო სექტორის საკმაოდ ფართო სპექტრი ესწრებოდა, ერთხმად აღინიშნა, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ყველანი ერთ მხარეს დგანან და მათი ერთიანი მიზანი კი სრულყოფილი და დახვეწილი სასამართლო სისტემის შექმნაა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმაზეც საუბრობენ, რომ, სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების მიუხედავად, კვლავ რჩება მთელი რიგი პრობლემებისა, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია და მათ აღმოსაფხვრელად ზრუნვა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

ნინა ხატისკაცი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმ კონკრეტულ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ისინი მართლმსაჯულების სისტემასთან თანამშრომლობის დროს წააწყდნენ. ეს პრობლემა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უკავშირდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ყურადღების ცენტრში მოექცა რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, კონკრეტულად კი, საპროცესო გარიგებები, რომელთა რიცხვიც, ნინა ხატისკაცის თქმით, საქართველოში ძალიან მაღალია. ის აღნიშნული ფაქტის მიზეზებზე საუბრობს:

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეებში ნდობის სერიოზული პრობლემა არსებობს და ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან, მუდმივად აქვთ იმის განცდა, რომ აზრი არა აქვს სასამართლო სისტემაში ბრძოლას და ყოველთვის ცდილობენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე გააკეთონ აქცენტი...
”არის ასეთი კრიტიკული მოსაზრება, რომ საპროცესო შეთანხმებები არის ერთგვარი გარიგება მხარეებს შორის და იმ სიტუაციაში, როდესაც ქვეყანაში ლაპარაკია იმაზე, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომჩივანის სასარგებლოდ, მხარეს ყოველთვის ურჩევნია წავიდეს საპროცესო გარიგებაზე, რადგან მას ეს ერთადერთ გამოსავლად მიაჩნია.”

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხარისხი - ეს ის საკითხებია, რომლებიც, მიუხედავად სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმებისა, კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება, მიაჩნია ნაზი ჯანეზაშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წარმომადგენელს. ის აქვე ყურადღებას ამახვილებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ გარკვეული შაბლონური ტიპის მიდგომებზე, მაგალითად, როგორიცაა წინასწარი პატიმრობის შეფარდება:

”როდესაც ხდება წინასწარი პატიმრობის შეფარდება გამოძიების ეტაპზე, ამ შემთხვევაში ჩვენი საპროცესო კანონმდებლობა საკმაოდ ვრცელია და ითვალისწინებს იმას, რომ უნდა არსებობდეს იმის საფრთხე, რომ პოტენციური დამნაშავე შესაძლებელია მიემალოს გამოძიებას და ა.შ. ასეთ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დრო და სურვილი იმისა, რომ საქმე შეისწავლოს დეტალურად და დაასკვნას, არის თუ არა აუცილებელი, რომ ბრალდებულს შეეფარდოს წინასწარი პატიმრობა.”

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრების მიერ არაერთხელ აღინიშნა, რომ საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სხვაგვარად ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი.

”ეს არის მხოლოდ სასამართლოს მომხმარებლების კვლევები და ეს არ არის მთლიანად საზოგადოებრივი აზრის კვლევა. ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, აქაც სხვადასხვა მიდგომა არსებობს, ანუ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეებში ნდობის სერიოზული პრობლემა არსებობს და ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან, მუდმივად აქვთ იმის განცდა, რომ აზრი არა აქვს სასამართლო სისტემაში ბრძოლას და ყოველთვის ცდილობენ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე გააკეთონ აქცენტი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით არის სხვადასხვა პრობლემები, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის უმაღლესო საბჭოს აქტიურობით გარკვეული პოზიტიური შედეგები გვექნება”, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
XS
SM
MD
LG