Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ნარკობიზნესთან ბრძოლის აშშ-ის ახალი გეგმა


ავღანეთის პოლიციამ ათზე მეტი კილოგრამზე მეტი ნარკოტიკების კონფისკაცია მოახდინა. 2010 წლის 27 მარტი.
ავღანეთის პოლიციამ ათზე მეტი კილოგრამზე მეტი ნარკოტიკების კონფისკაცია მოახდინა. 2010 წლის 27 მარტი.
ნარკოტიკების უმსხვილეს მწარმოებლად მსოფლიოში ავღანეთი რჩება. იქიდან ოპიუმის ყაყაჩო გადააქვთ შუა აზიის ქვეყნებში, შემდეგ რუსეთში და მის მიღმა, ევროპაში. მილიარდობით დოლარი მოძრაობს ამ ბიზნესში, რომლიდანაც სარგებელს იღებენ ექსტრემისტული ჯგუფებიც. ნარკოტიკი ანადგურებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს.

აშშ-ის არმიის ავღანეთიდან გასვლის შემდეგ ნარკობიზნესის შემაკავებელი ძალა შესუსტდება და მისი ტრანსპორტირება გამარტივდება, ფიქრობენ სატრანზიტო ქვეყნებში, სადაც იმოგზაურეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის უწყებაში მუშაობენ. მათ მიერ შემუშავებული, ჯერ კიდევ პროექტის სახით არსებული, გეგმა, სახელწოდებით „შუა აზიის ანტინარკოტიკული ინიციატივა“, გულისხმობს ყაზახეთში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში საგანგებო კონკრეტული დანიშნულების ძალების შექმნას, ძალებისა, რომლებსაც ავღანეთსა და რუსეთში შესაბამის ჯგუფებთან ექნებათ კავშირი. ეს შვიდი ჯგუფი ერთმანეთს გაუცვლის მნიშვნელოვან ინფორმაციას და განავითარებს კოორდინაციას ერთმანეთის ტერიტორიებზე ერთობლივი ოპერაციების მოწყობის მიზნით; ისინი დაეხმარებიან აგრეთვე ერთმანეთს იმაში, რომ ძებნილი ან უკვე დაკავებული ნარკოტიკებით მოვაჭრენი პასუხისგებაში მიეცნენ.

უილიამ ბრაუნფილდმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რომელიც საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდაცვის საქმეთა სფეროს განაგებს, ჩვენს რადიოს უთხრა, რომ ამ გაერთიანების შექმნით ვაშინგტონი ამ ქვეყნების მთავრობებსა და სამართალდამცველ ორგანოებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებას ესწრაფვის. ეს სახელმწიფოები გაცვლიან არა მხოლოდ მწარმოებელი, არამედ სატრანზიტო ქვეყნების შესახებ ინფორმაციას; აშშ გაიღებს თანხებს საჭირო სპეციალისტებისა და აღჭურვილობისთვის; ყველაფერ ამაზე მოსალაპარაკებლად იმოგზაურა შუა აზიაში და ასევე რუსეთში ჩვენმა რესპონდენტმა, რომელმაც პარტნიორებს ამერიკის ინიციატივა წარუდგინაო, თქვა ბრაუნფილდმა. სხვათა შორის, ის შეხვდა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებს, ოტუნბაევასა და რაჰმონსო. ბრაუნფილდს თავისი ვიზიტების დროს არაერთხელ გაუგონია დაჩივლება, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარის გაყვანას მოჰყვება ოპიუმის ექსპორტის ზრდა. ის არ ეთანხმება ამ აზრს, რადგან ავღანეთის უშიშროების სამსახურის წვრთნა მომავალშიც არ შეწყდებაო, და ამბობს:

„მწამს, რომ წარმატებას ვაღწევთ ავღანეთში და მჯერა, რომ, ავღანეთიდან აშშ-ისა და ნატოს გასვლასთან ერთად, უფრო ქმედითი გახდება ავღანეთის სამართალდამცველი უწყებები, გაიზრდება მათ მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება. რამდენადაც ვიცი, ავღანეთის სამართალდამცველებისთვის მხარდაჭერის შემცირება არ იგეგმება. მხოლოდ იქ მყოფი ჩვენი უსაფრთხოებისა და შეიარაღებული ძალების შემცირებაა დაგეგმილი.“

ბრაუნფილდი ადრე აშშ-ის ელჩად მსახურობდა კოლუმბიაში, ქვეყანაში, სადაც ნარკობიზნესი ასევე განვითარებული იყო. კოლუმბია შუა აზია არ არის, ამბობს ის, და განმარტავს, რომ აშშ-ის ინიციატივასთან ერთად, შესაბამისი ქვეყნების ლიდერებს დასჭირდებათ სრული ძალისხმევა ნარკოტიკებთან ბრძოლის საქმეში:

„მათ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომ მოუწევთ პოლიტიკური ფასის გადახდა, რადგან აქ საქმე პოლიტიკურ ფასთან გვაქვს. ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციების გავლენის შესუსტება ფული ღირს, ეს ადამიანთა სიცოცხლის ფასადაც კეთდება, ეს მოითხოვს გარკვეული დროით სამართალდამცველი ორგანოებისთვის უპირატესობის მინიჭებას, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას. სხვა უწყებები, რომლებიც სახელმწიფოზე არიან დამოკიდებული, უკმაყოფილონი იქნებიან. ამავე დროს, მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება ხდება საჭირო გარკვეული პირების მიმართაც.“

ახლა მოსალოდნელია, რომ შუა აზიის ქვეყნები დაელოდებიან რუსეთის რეაქციას ამ გეგმის მიმართ. მართალია, რუსეთისა და აშშ-ის ბოლოდროინდელი დაახლოება, რომელიც ურთიერთობის გადატვირთვის სახელით გახდა ცნობილი, მოქმედებს, მოსკოვი მაინც არაა ყოველთვის კმაყოფილი მისი გავლენის არეალში ვაშინგტონის გააქტიურებით. ამ მხრივ, მინიშნებას წარმოადგენდა თავდაცვის სამინისტროს ორგანო „კრასნაია ზვეზდაში“ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ეხებოდა ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე აშშ-ის სახსრებით გახსნილ საგუშაგოს. სტატიაში ეწერა:

„ეს არ ნიშნავს აშშ-ის სრულ სამხედრო ყოფნას, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, ყველაფერი მცირედით იწყება.“

ბრაუნფილდი, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს არ შეხვედრია მოსკოვში, თვლის, რომ რუსეთსა და შშ-ს ერთნაირად აწუხებთ ნარკოტიკების პრობლემა ამ რეგიონში. მისივე თანახმად, ახალი ინიციატივა არ ითვალისწინებს აშშ-ის ან რუსეთის ფართო ყოფნას რეგიონში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG