Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 20 ივლისი, 2011


დღეს გაზეთები ე.წ. ”მარშრუტკებით” მგზავრობის ფასის გაზრდის მიზეზს იძიებენ. ”ვინ აიძულებს ”მარშრუტკის” მძღოლებს ფასის მომატებას?” – ეს ”ახალი თაობის” სათაურია. ავტორი წერს, რომ, მძღოლების თქმით, ფასის გაზრდა ხელისუფლების წარმომადგენლებმა აიძულეს, და ერთ-ერთი მძღოლის კომენტარს ბეჭდავს: ”მგზავრობის საფასურის გაზრდა ჩვენ არაფერში გვაწყობდა. გუშინ დილით თავს დაგვადგნენ ავტომატიანი და შავფორმიანი ტიპები. მათ უკვე დაბეჭდილი ჰქონდათ ფურცლებზე ”80 თეთრი”. მათ თავისი ხელით გააკრეს ეს წარწერები. როცა ვკითხე, მგზავრებს როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი, გვითხეს: რამდენი ლაპარაკი გცოდნია, შუბლში ტყვია არ მოგხვდესო.”

”24 საათის” პირველ გვერდზე სათაური - ”50-დან 80-მდე”. ავტორი წერს: ”რამდენიმე თვის წინ თბილისის საკრებულოში განმარტავდნენ, რომ, სატენდერო პირობების თანახმად, მგზავრობის საფასურს ”გაზრდა არ ემუქრებოდა”. დანაპირები დაირღვა და ფასმა დედაქალაქში არა მხოლოდ ახალ, არამედ ძველ, თითქმის ყველა მარშრუტზე აიწია.”

პრესაში ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება ფოტორეპორტიორების საქმე. ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს: ”პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, რომ თუ ამ ადამიანებს საპროცესო შეთანხმებას არ გაუფორმებს, ესენი ალაპარაკდებიან, ადგებიან და იტყვიან სასამართლოზე, რომ არა, ბატონო, ასე არ ყოფილა, ჩვენ გვაიძულეს... და სასამართლო იძულებული გახდება მიიღოს ის ჩვენება, რომელსაც სასამართლოზე განაცხადებენ, იმიტომ რომ საჯაროდ გაცხადებული ჩვენებაა მტკიცებულება და არა იქ, სადღაც ჯურღმულში და ციხის კედლებში მიღებული აღიარებითი ჩვენებები.”

”ყველა სიახლის” ავტორი სტატიაში, სათაურით ”ჭეშმარიტების მომენტი”, ფოტორეპორტიორების საქმეზე დღემდე გავრცელებული ინფორმაციის რეალურობის გაანალიზებას ცდილობს: ”ვინც უყურა აბდალაძის ”აღიარების” დამონტაჟებულ კადრებს, ნამდვილად დაეჭვდებოდა ”აღიარების” გულწრფელობაში და იმაში, რაც აბდალაძემ დაიბრალა. მაგალითად, ქვეყნის პირველი პირების შეხვედრების ფოტოგრაფირება და სტენოგრამების გაკეთება. ჯერ ერთი, სტენოგრამის გაკეთებას სპეციალური უნარ-ჩვევები სჭირდება, მეორეც, ფოტოგრაფები ოფიციალურ პირთა შეხვედრების მხოლოდ ღია ნაწილს ესწრებიან, რომელზეც, როგორც წესი, არაფერი მნიშვნელოვანი, დაზვერვისთვის საინტერესო არ ითქმება. შეხვედრის დახურულ ნაწილზე კი ფოტოგრაფები პრაქტიკულად არ დაიშვებიან ან, თუ დაიშვებიან, მხოლოდ უშიშროების სამსახურის მეთვალყურეობით და ასეთ შემთხვევაში ფოტოგრაფს სტენოგრაფირების საშუალებას, ბუნებრივია, არავინ მისცემს.”

დღეს პარლამენტში შექმნილ ახალ ფრაქციაზეც წაიკითხავთ. ”რეზონანსი” მას ”მარტოდარჩენილი დეპუტატების ფრაქციულ გაერთიანებას” უწოდებს, ”ვერსია” კი ფრაქციის წევრებთან იმის გარკვევას ცდილობს, იქნება თუ არა ახალი ფრაქცია ”ექვსიანის” დასაყრდენი პარლამენტში. ”ვერსიაში” ეკა ბესელიას და ლევან გაჩეჩილაძის მიერ ახალი პარტიის შექმნის ალბათობაზეც წაიკითხავთ. ამავე გაზეთს 26 მაისის დარბევის დეტალებს დღეს უზიარებს ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” წევრი შალვა ოგბაიძე. ”ქართული პარტიის” წევრი სოფიო ხორგუანი კი ”ვერსიის” კორესპონდენტს ეუბნება, ”არჩევნების ბოიკოტი უკვე გუშინდელი დღეა. მას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ დარწმუნებულები ვიქნებოდით, რომ დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც შემოგვიერთდებოდნენო.”

”რეზონანსი” ”კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა” და ”შერიგების რესურსების” მიერ მომზადებული კვლევის შედეგებზე წერს. კვლევით ჯგუფს 1992-93 წლების ომის შემდეგ კოლექტიური განსახლების ცენტრებში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 1000-მდე ადამიანი გამოუკითხავს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ”რეზონანსს” ეუბნება: ”ამ მთავრობას დევნილებისთვის თუ რამის გაკეთება უნდა, ეს არის მათთვის მშვენიერი მასალა. ეს არ არის ერთადერთი და უნიკალური, მაგრამ ამ ტიპის გამოკვლევა საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა. შესაბამისად, ეს არის პირველი ნაბიჯი. თუ რამე არ მოეწონათ, თავად გამოასწორონ. ეს არის დიაგნოზი, ცნობა ჯანმრთელობის შესახებ დევნილობაზე.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG