Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის "დინამო" და რუსთავის "მეტალურგი" ევროპის ლიგის მესამე წინასწარ წრეში ითამაშებენ


დღეს ევროპის საფეხბურთო ლიგაში მოასპარეზე საქართველოს სამივე გუნდმა გაიმარჯვა, თუმცა მესამე შესარჩევი წრის საგზურები მხოლოდ ორმა მათგანმა მოიპოვა. ყველაზე დამაჯერებელი იყო თბილისის „დინამოს“ მოგება. მან საკუთარ მინდორზე აშკარად დაჯაბნა უელსის „ლანელი“ (5:0) და პირველ შეხვედრაში მარცხის მიუხედავად (1:2), შემდეგ წრეში გავიდა. არანაკლებ აღსანიშნავია რუსთავის „მეტალურგის“ წარმატება. ამ ერთი კვირის წინ რუსთაველებმა საკუთარ მინდორზე ვერ გატეხეს პავლოდარის „ირტიშის“ წინააღმდეგობა და ფრეს (1:1) დასჯერდნენ. სამაგიეროდ, დღეს, ყაზახეთში გამართულ საპასუხო შეხვედრაში „მეტალურგმა“ მასპინძელთა კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა და მესამე წრეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ამავე ანგარიშით (2:0) „გაგრამ“ ზესტაფონში დაამარცხა კვიპროსის ქალაქ ფამაგუსტის „ანორთოსისი“, მაგრამ მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან პირველი მატჩი კვიპროსელებს უფრო დიდი ანგარიშით ჰქონდათ მოგებული - 3:0. ჩემპიონთა ლიგაში წარმატებით თამაშობს საქართველოს ჩემპიონი „ზესტაფონი“. კიშინიოვის „დაჩიასთან“ გუშინდელი მარცხის მიუხედავად (0:2), ზესტაფონელები მესამე წინასწარ წრეში ითამაშებენ, რადგან პირველ შეხვედრაში მოლდაველთა კარში სამი უპასუხო ბურთი ჰქონდათ გატანილი.
XS
SM
MD
LG