Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების რეგისტრაცია დაიწყო


მექა ხანგოშვილი, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში
მექა ხანგოშვილი, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში
25 ივლისიდან საქართველოში მცხოვრებმა უცხო ქვეყნის ლტოლვილებმა ყოველწლიური სავალდებულო რეგისტრაცია უნდა გაიარონ. ძირითადად საუბარია ჩეჩენ ლტოლვილებზე, რომელთა საერთო რიცხვი, შარშანდელი მონაცემებით, 950-ს არ აღემატებოდა, წელს კი მათი რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა. ნაწილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ნაწილმა კი მესამე ქვეყანას შეაფარა თავი. თუმცა საქართველოში დარჩენილ ჩეჩენ ლტოლვილებს კვლავაც არაერთი გადაუჭრელი პრობლემა აწუხებთ.

საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე ლტოლვილების რეგისტრაციას ლტოლვილთა შესახებ საქართველოს კანონი არეგულირებს. ამ კანონის თანახმად, ლტოლვილებს ყოველწლიურად აღრიცხავენ. ეს პროცესი ჩეჩენ ლტოლვილებს ეხება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი ლიკა ბასლანაძე აცხადებს, რომ 25 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით მათ რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, პირველიდან 31 აგვისტოს ჩათვლით კი - თბილისში, ლტოლვილთა სამინისტროში, რომელიც თამარაშვილის ქუჩაზე, 15ა-ში მდებარეობს.

ამ დოკუმენტებით ჩეჩენი ლტოლვილები არც ერთმა ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე არ შეუშვა, თუ არ ჩავთვლით, გამონაკლისის სახით, უკრაინას...
2000 წლის მონაცემებით, საქართველოში 8000-დან 9000-მდე ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობდა. წლების განმავლობაში მათი რიცხვი 900-მდე შემცირდა, გვეუბნება ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში მექა ხანგოშვილი. ამ 900 ადამიანში შედიან ის ქისტებიც, რომლებიც საქართველოდან ჩეჩნეთში 80-იან წლებში წავიდნენ და ომის შემდგომ ლტოლვილებად დაბრუნდნენ, თუმცა, ჩეჩნებისგან განსხვავებით, მათ უმრავლესობას აქ საცხოვრებელი არ გაუყიდია. მექა ხანგოშვილის მონაცემებით, ამ 900 ადამიანში დღეს დააახლოებით 400 ეროვნებით ჩეჩენი იქნება. მისივე თქმით, ყველას, ვისაც კი შესაძლებლობა მიეცა, საქართველო დატოვა. ჩეჩნების ერთმა ნაწილმა ევროპულ ქვეყნებს შეაფარა თავი, მცირე ნაწილი კი, ვისაც ომში მონაწილეობა არ მიუღია, სამშობლოს დაუბრუნდა. წლების განმავლობაში საქართველოში მცხოვრები ჩეჩნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ მათ გადაადგილებას უკავშირდებოდა. მიუხედვად იმისა, რომ 2009 წელს მათ ე.წ. სამგზავრო დოკუმენტაცია გადასცეს, ამან პრობლემა მაინც ვერ მოაგვარა, ამბობს მექა ხანგოშვილი:

”ამ დოკუმენტების მიღების შემდეგ, ჟენევის კონვენციის თანახმად, მათ ჰქონდათ საქართველოდან გასვლის და შემოსვლის უფლება, მაგრამ რეალურად ამ დოკუმენტმა ვერ იმუშავა, რადგან ამ დოკუმენტებით ჩეჩენი ლტოლვილები არც ერთმა ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე არ შეუშვა, თუ არ ჩავთვლით, გამონაკლისის სახით, უკრაინას. ანუ ეს სამგზავრო დოკუმენტი რეალურად ჩეჩნებმა ვერ გამოიყენეს.”

ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩეჩნებს მიეცათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, მიეღოთ საქართველოს მოქალაქეობა.

დასაქმების შანსი არის მინიმალური. ვისაც პატარა საკარმიდამო ნაკვეთი აქვს, იქ თუ მოიყვანს რამეს, ზოგს პატარა მაღაზია აქვს, ზოგს პატარა სილამაზის სალონი...
”ყველაზე მთავარი ის არის, რომ მე მოვიპოვე გადაადგილების უფლება. აქამდე მე ეს შესაძლებლობა არ მქონდა. არ შემეძლო შევხვედროდი ნათესავებს. ახლა შემიძლია ვიზის გარეშე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წავიდე, უკრაინაში, აზერბაიჯანში... თურქეთში გადავიდე და თუნდაც რაღაც პატარა ბიზნესის წამოწყებაზე ვიფიქრო”, - ამბობს საქართველოში ჩეჩენი ლტოლვილების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი ზიაუდდინ იდიგოვი, რომელიც ახლა ოჯახთან ერთად პანკისის ხეობაში ცხოვრობს.

მექა ხანგოშვილი კი გვეუბნება, რომ მოქალაქეობის მიღების მსურველები დღესაც არსებობენ, მაგრამ რადგან ეს პროცედურა დაახლებით 400 ლარი ღირს, ჩეჩენი ლტოლვილები საკუთარი მცირე შემოსავლით ამ თანხის გადახდას ვერ ახერხებენ. ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში ჩეჩნებს ლტოლვილის დახმარება უწყდებათ, სამაგიეროდ, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატისგან ისინი ერთჯერად კომპენსაციას - 8000 დოლარს - იღებენ. თუმცა ეს თანხა გათვალისწინებულია პანკისის ხეობაში კომპაქტურად ჩასახლებულ მცხოვრებთათვის. თბილისში მცხოვრებ ჩეჩნებს კი, მექა ხანგოშვილის ინფორმაციით, 2500 დოლარით აკმაყოფილებენ.

ზიაუდდინ იდიგოვი ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, ჩეჩნებს საქართველოში ცხოვრება უჭირთ. პანკისის ხეობაში ძირითად მესაქონლეობას მისდევენ, მაგრამ მიწა ყველასთვის საკმარისი არ არის:

”ეს ხომ ხეობაა, მთებით გარშემორტყმული, და მიწის ნაკლებობაა და, ცხადია, ჩვენს პრობლემებს ესეც თავის კვალს ატყობს.”

დასაქმების პრობლემა არათუ ჩეჩნებს, ადგილობრივ ქისტებსაც აქვთ და ამ პრობლემას ვერც ის ფაქტორი შველის, რომ ჩეჩნების ნაწილმა ქართული ენა ისწავლა. სირთულეებზე ლაპარაკობს მექა ხანგოშვილიც:

”დასაქმების შანსი არის მინიმალური. ვისაც პატარა საკარმიდამო ნაკვეთი აქვს, იქ თუ მოიყვანს რამეს, ზოგს პატარა მაღაზია აქვს, ზოგს პატარა სილამაზის სალონი. ეს ბიზნესიც არ არის გრძელვადიანი, მაგრამ რომ იტყვიან, თავი გააქვთ და არ შიმშილობენ.”

თუმცა მექა ხანგოშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, ვინ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და ვინ არა, ყველა ჩეჩენი გამუდმებით ელის უკან, სამშობლოში დაბრუნებას.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG