Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების უარი თბილისში მკურნალობაზე


ცხინვალში ინფექციური დაავადებების აფეთქებაა. ნაწლავური ინფექციებით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დე ფაქტო რესპუბლიკის ინფექციური საავადმყოფო პაციენტების მიღებას ვეღარ აუდის. თვითონ საავადმყოფო მძიმე მდგომარეობაშია - არ არის მედიკამენტები, პაციენტებს წყალიც კი სანატრელი აქვთ. ექიმები სტაციონარში მხოლოდ მძიმე ავადმყოფებს ათავსებენ, დანარჩენებს კი სახლში უშვებენ. ცხინვალისთვის ზაფხულის სეზონზე ეს პრობლემები მეორე წელია მოუგვარებელი რჩება. გადათხრილ და ნახევრად დანგრეულ ქალაქში საკვები პროდუქტები ქუჩაში იყიდება. გარდა ამისა, მოვაჭრეები, ვიდრე მთელი პროდუქციის რეალიზებას არ მოახდენენ, ვლადიკავკაზში ახალი პროდუქტების საყიდლად აღარ მიდიან, ამიტომ მომხმარებელს ხშირ შემთხვევაში ვადაგასული პროდუქცია რჩება ხელში. როგორც ცხინვალელი ინფექციონისტები აცხადებენ, წელს ხილ-ბოსტნეულით მოწამვლა უფრო ხშირია. ინფექციური საავადმყოფოს ექიმი ვარვარა კოზაევა ახალგაზრდებს ცხინვალის ტბაში ბანაობისგან თავის შეკავებასაც ურჩევს.

ინფექციურ საავადმყოფოში ძირითადად ბავშვები არიან მოთავსებულნი, მათი მშობლები კი იქაური პრობლემების გამო ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბარში უკმაყოფილებას არ მალავენ. დიანა მაყიევას საავადმყოფოში უმცროსი შვილი უწევს. შარშან ამავე საავადმყოფოში მის უფროს შვილს მკურნალობდნენ. მისი თქმით, ამ სამედიცინო დაწესებულებაში ერთი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა.

ქართული მხარე დე ფაქტო ხელისუფლებას სთავაზობს, რომ მძიმე ავადმყოფები ქართულ სამედიცინო დაწესებულებებში გადმოიყვანოს, მაგრამ, შეთანხმების მიუხედავად, ბოლო ხანებში ეს პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. რამდენიმე დღის წინ ცხინვალში ავტოავარიაში მოყვა 17 წლის სოსლან ალბოროვი, მას ხერხემალი დაუზიანდა, დაზარალებულის ნათესავები მის გადმოყვანას თბილისში ითხოვდნენ, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებამ მათ ავადმყოფის ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაყვანა შესთავაზა. ვლადიკავკაზი შორს არის, მძიმე ავადმყოფისთვის კი თითოეული წუთი ძვირფასი იყო. როგორც ცხინვალელი ბლოგერი მარია პლიევა იუწყება, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალბოროვის თბილისში გადაყვანაზე მის ნათესავებს საბოლოოდ უარი უთხრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ ქართული მხარე ნებისმიერ წუთს მზადაა ცხინვალიდან მძიმე ავადმყოფები მიიღოს. ამ შეთავაზებას ოსური მხარე ომის შემდეგ უფრო აქტიურად იყენებდა ხოლმე, ბოლო ხანებში კი ავადმყოფების გადმოყვანა შეწყდა და, უტიაშვილის თქმით, იმ ოჯახების მიმართ, რომელთაც დაზარალებულის თბილისში გადმოყვანის სურვილი აქვთ, რეპრესიები იწყება.

ცხინვალის ჯანდაცვის ობიექტები მძიმე მდგომარეობაშია, ადგილზე ხშირად მედიკამენტების დეფიციტია, საუბარი ზედმეტია ჯანმრთელობის სრულფასოვან გამოკვლევასა და მკურნალობაზე. ამიტომ ცხინვალელების ნაწილი სამკურნალოდ რუსეთში მიდის, თუმცა ამის შესაძლებლობა ყველას არა აქვს. ადგილობრივ ექიმებს კი როგორც დე ფაქტო, ისე რუსეთის ხელისუფლება ჰპირდება, რომ ომის შედეგად დაზიანებული ჯანდაცვის ობიექტების აღდგენა მალე დაიწყება. ეს დაპირება მესამე წელია ისმის. კრემლი კი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, პირველ რიგში, საკუთარ სამხედრო ქალაქებს აშენებს.
XS
SM
MD
LG