Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 26 ივლისი, 2011


დღევანდელი პრესა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ფასის კვლავ გაიაფების ალბათობაზე წერს და მკითხველს ორშაბათს გამართული საპროტესტო აქციების შესახებ მოუთხრობს.
გარდა ამისა, დღევანდელ პრესაშჲ კიევში რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების მოსალოდნელ შეხვედრაზეც გაეცნობით მოსაზრებებს. “რეზონანსისთვის” მამუკა არეშიძეს უთქვამს, რომ საქართველოს პატრიარქის უკრაინაში დაგეგმილ ღონისძიებებზე მიწვევით რუსეთის პატრიარქმა “ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს რელიგიური სეპარატისტებისადმი ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ”... „ამ ფონზე საქართველოს პატრიარქს აქვს საშუალება დასვას საკითხი აფხაზეთში მისი ვიზიტის თაობაზე, მაგრამ ახლა აფხაზეთში არჩევნებია და არ მგონია, რომ უახლოეს ხანებში ამ ვიზიტის ჩატარება შესაძლებელი იყოს. ეს უფრო შორეული პერსპექტივის საქმეა. შემოდგომის ბოლოს შეიძლება მოხერხდეს”, - უთხრა მამუკა არეშიძემ “რეზონანსს”.

ამავე გაზეთში დღეს ქვეყნდება “ახალი მემარჯვენეების” წევრის, ფიქრია ჩიხრაძის, მოსაზრება. ტექსტის სათაურია - “ვეცადოთ, ვიყოთ ქრისტიანები”. ფიქრია ჩიხრაძე წერს: “თუ ჩვენ არ მოგვწონს სააკაშვილი, რომელმაც, ეჭვი გვაქვს, რომ შური იძია პატრიარქზე, მისი ავტორიტეტისა და პოზიციის გამო, თუ ჩვენ არ მოგვწონს სინოდთან არცთუ სასიამოვნოდ გაშინაურებული სოსო თოფურიძე, ჩვენ თავად ნუ გადავიქცევით კოლექტიურ თოფურიძედ და ნუ წამოვიწყებთ სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აგრესიულ რევიზიას.”

დღეს ორი გაზეთი - “ახალი თაობა” და “ალია” - აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუებს გოგა ხაინდრავასთან. “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ფოტორეპორტიორების დაკავების ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივი ის იყო, რომ “ცხადი გახდა, საქართველოს შსს-დან და საგარეო საქმეთა სამინისტროდან ძალიან სერიოზული ინფორმაციული გაჟონვა მიდის. გაჟონვა კი არა, ეს არის პირდაპირი თანამშრომლობა რუსულ დაზვერვასთან და მას ახორციელებენ უმაღლესი სახელისუფლებო პირები” - ხაინდრავა ვაშაძეს, მერაბიშვილს, ბენდუქიძესა და ბეჟუაშვილს ჩამოთვლის. მისი აზრით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟონვა ფოტოგრაფებს დააბრალეს. ამავე ინტერვიუში ის აცხადებს იმასაც, რომ საქართველოს ორ ფრონტზე უწევს წინააღმდეგობის გაწევა, ერთი რუსეთის პირდაპირი ინტერვენციაა, მეორე კი - “ამერიკული ექსპანსია, რომელიც ფულსა და ხალიჩის ქვემოთ მოქმედებებშია ასახული”.

“ალიასთან” გოგა ხაინდრავას საუბრის უდიდესი ნაწილი “ქართულ პარტიას” ეძღვნება. ის აცხადებს, რომ ჩვეულებრივ პირდაპირობით გამორჩეული ირაკლი ოქრუაშვილის ბოლო სატელევიზიო კომენტარები აფიქრებინებს, რომ “იქ იჯდა ეროსი კიწმარიშვილი, ოღონდ, ოქრუაშვილის სახე ჰქონდა მიღებული, როცა ის ინტერვიუს იძლეოდა”. ამავე ინტერვიუში ხაინდრავა გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სქემა არავის უნდა სცოდნოდა კიწმარიშვილის გარდა: “ამიხსენით, ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება კიწმარიშვილი სააკაშვილს აგინებდეს, მისი ცოლი ამ ხელისუფლებიდან ფინანსდებოდეს? ესენი ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ.” ხაინდრავა კიწმარიშვილს “ქართული პარტიის” დაშლაშიც ადანაშაულებს და ამავე ინტერვიუს ბოლოს სოზარ სუბარს მიმართავს, რომ მან თქვას, “რა არის სიმართლე”.
“ალიაში” ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილთან ინტერვიუს წაიკითხავთ. საუბარი ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთდამოკიდებულების შეფასებას ეხება. ნათელაშვილი ჟურნალისტს ეუბნება: “ მიხეილ სააკაშვილი მზად არის პატრიარქზე ფიზიკურად აღმართოს ხელი და უწმინდესს ტერორისული აქტი მოუწყოს” და აზუსტებს, რომ ეს მარტო მისი მოსაზრება კი არ არის, არამედ “ისეთ ინფორმაციას” ფლობს, “რასაც გაზეთით ვერ იტყვის”.
“24 საათი” მთავარ ადგილს უთმობს სტატიას - „პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში“. დღევანდელ ნომერშივე გაეცნობით შსს-ს მიერ გავრცელებულ დაწვრილებით სტატისტიკას საქართველოში დანაშაულის სახეობების შესახებ. ამ ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვსი თვის მდგომარეობით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა 2000-ზე მეტით შემცირებულა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG