Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტინ ლაგარდი პრიორიტეტების შესახებ


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი
სახელმწიფოთა ვალები, ეკონომიკური ზრდა და სოციალური დესტაბილიზაციის საფრთხე - ეს არის საკითხები, რომლებზე მუშაობასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარ პრიორიტეტებად ასახელებს ამ ორგანიზაციის ახალი ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი. ახალ პოსტზე მუშაობის დაწყების შემდეგ, ის პირველად გამოვიდა მნიშვნელოვანი საჯარო მოხსენებით.

საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, კრისტინ ლაგარდი სამი კვირის წინ შეუდგა მუშაობას ორგანიზაციაში, რომელსაც მიიჩნევენ დახმარების ბოლო ინსტანციად მძიმე ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნებისათვის. ასეთთა რიცხვი კი მცირე არ არის. სულ საერთაშორისო სავალუტო ფონდი აერთიანებს 187 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს და, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსებიდან დღემდე, მათ მეტ-ნაკლები წარმატებით უწევს დახმარებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალმა ხელმძღანელმა, რომელიც პირველი საჯარო მოხსენებით გამოვიდა ნიუ-იორკში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში, ბუნებრივია, ამჟამინდელ მთავარ ამოცანებზე ისაუბრა - მისი განმარტებით, სახელმწიფოთა დავალიანებასთან, ეკონომიკურ ზრდასთან და სოციალური დესტაბილიზაციის საფრთხესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პირველს - სახელმწიფოთა ვალების პრობლემას რაც შეეხება, კრისტინ ლაგარდმა შეაქო ევროზონის ლიდერები, რომლებმაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს, როცა შეთანხმდნენ პროგრამაზე ვალებში ჩავარდნილი ქვეყნების დასახმარებლად. „მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გაბედულ პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელიც, ჩემი აზრით, ნიშნავს მართლაც მნიშვნელოვან ცვლილებას ევროპის მოწყობაში და გზას უკვალავს მონეტარული კავშირის დარეგულირებას - იმედი მაქვს, რომ ამ გაბედულ ნაბიჯს მიბაძავს შეერთებული შტატებიც“, - განაცხადა ლაგარდმა.

პრობლემაზე, რომლის წინაშეც შეერთებული შტატების დგას - ამ ქვეყნისთვის უპრეცედენტო დეფოლტის, ანუ ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის საფრთხეზე - კრისტინ ლაგარდმა უფრო დაწვრილებით ისაუბრა. მისი თქმით, საკითხი დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს. „გულახდილად რომ ითქვას, შეერთებული შტატების დეფოლტი, ან მაჩვენებლების მნიშვნელოვნად ჩამოქვეითება ძალიან, ძალიან, ძალიან სერიოზული მოვლენა იქნებოდა არა მარტო შეერთებული შტატებისათვის, არამედ მთლიანად, გლობალური ეკონომიკისათვის“, რადგან ამას, ლაგარდის და არა მარტო მისი შეფასებით, „შორსმიმავალი შედეგები მოჰყვებოდა“.

კრისტინ ლაგარდმა ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე თავისი წინამორბედისა და თანამემამულის, დომინიკ სტროს კანის შესახებაც. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, იძულებული იყო, გადამდგარიყო სექსუალური ძალადობის ბრალდებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო. კრისტინ ლაგარდმა ის შეაქო დამასხურებისათვის, რომელიც დომინიკ სტროს-ხანს მიუძღვის, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელს მსოფლიო საფინანსო კრიზისის პერიოდში.

„წინა განმკარგულებელმა დირექტორმა, დომინიკ სტროს-კანმა ძალიან კარგი სამუშაო გასწია, როცა დამაჯერებელი პარნტიორისა და უმაღლესი კალიბრის ინტელექტუალური წყაროს რეპუტაცია დაუმკვიდრა საერთაშორისო სავალუტო ფონდს“, და ეს, კრისტინ ლაგარდის თქმით, „ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს რესურსების სათანადო დონესთან ერთად საიმისოდ, რომ თავი გაგვერთმია კრიზისისთვის, რომელიც გამოვიარეთ“.

გლობალურ საფინანსო კრიზისის დასაძლევაში საკვანძო მნიშვნელობის როლი შეასრულეს სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებმა, რაც, ლაგარდის შეფასებით, მიუთითებს ბოლო წლებში მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე.
მეორე მხრივ, შეშფოთებას იწვევს სოციალური პრობლემები, რომლებიც თვალშისაცემია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებშიც კი. ახალგაზრდებს უჭირთ სამუშაოს შოვნა და დგანან ხანგრლიძივი უმუშევრობის საფრთხის, ან დაბალი შემოსავლით ცხოვრების პერსპექტივის წინაშე. მაშინ როცა უფროს თაობას უწევს ბრძოლა ჯანდაცვის მაღალი სტანდარტისა და რიგიანი პენსიებისათვის. ეს ორი პრობლემა ერთად - თაობათა დაპირისპირებას მოასწავებსო, აღნიშნავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ხელმძღვანელი და დასძენს, რომ აუცილებელი ზრუნვა, ეკონომიკის „სწორად“ ზრდაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მისი ხელმძღვანელის განცხადებით, მოელის რომ გლობალური ეკონომიკის ზრდა 2012 წელს 4-4,5 პროცენტს მიაღწევს, თუმცა გაჯანსაღების პროცესი დაუბალანსებელი იქნება და საფრთხეები მოუგვარებელი რჩება.
XS
SM
MD
LG