Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა სტრატეგიული "წრებრუნვა", ანუ სტრატეგია, რომელიც არ მუშაობს


რამაზ გერლიანი, ექსპერტი კოალიციისა „დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისათვის“, სპეციალურ ჯგუფთან ერთად დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობს. რამაზ გერლიანი ამბობს, რომ სტრატეგიაში დაშვებულია ფუნდამენტური ხარვეზები, რის გამოც რეალურად სტრატეგია არ მუშაობს. რამაზ გერლიანს დათო ჩაგანავა ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: შეგიძლია გამოყო ძირითადი ხარვეზი, რომელიც დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიაში იკვეთება?

რამაზ გერლიანი: სტრატეგიის მთავარი მიზანი უნდა იყოს დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მაგრამ რეალურად სტრატეგია ოდნავაც ვერ აუმჯობესებს დევნილების სოციალურ მდგომარეობას. პირიქით, აუარესებს. მთავარ პრობლემად რჩება უქონლობა სოციალური გარანტიებისა, რომელიც უნდა იდოს ამ სტრატეგიაში.

რადიო თავისუფლება: თქვენი დაკვირვებით, ხდება დევნილების უკან დაბრუნება ისევ დედაქალაქში ან განსახლებამდე არსებულ სოციუმებში?

რამაზ გერლიანი: დაახლოებით 85 პროცენტი განსახლებულთა ისევ უბრუნდება დედაქალაქს, იმიტომ რომ რეალურად ჩასახლებებში საარსებო პირობები არ არსებობს. თუ ადამიანს თვითდასაქმების კუთხით აქ უკვე აწყობილი მდგომარეობა აქვს, როცა შენ მას მოწყვეტ ამ რეალობას, ის ჩასახლებებში სამ თვეზე მეტხანს ვერ ძლებს. ვერ ძლებს იმიტომ, რომ მას იქ ელემენტარული პირობების უზრუნველყოფა არ შეუძლია. 22 ლარი ამ გარდამავალ ეტაპზე დევნილს, ბუნებრივია, ვერ დაეხმარება, მაშინ როცა საარსებო მინიმუმი 160 ლარზე მეტია, ანუ ექვსჯერ ნაკლები თანხით დევნილი სრულიად ახალ გარემოსთან ადაპტირებას ვერ ახერხებს. ამას გარდა, მთავარი ფაქტორი, რომელზეც შეიძლება განსახლებული მოსახლეობა დამაგრდეს, არის მიწის რესურსი. რეალობა არის ასეთი: დევნილების უმეტესობას მიწის ეს რესურსი არ აქვს, არავინ არ გადასცა მათ ეს საკუთრებაში, შესაბამისად, ისინი იძულებულნი ხდებიან, რომ დატოვონ კომპაქტური ჩასახლებები. სტრატეგიის განმახორციელებლები, იმის მაგივრად, რომ რამე შეცვალონ, პროცესს აგრძელებენ და ამ კომპაქტური ჩასახლებების დევნილთა სხვა ნაკადებით შევსება ხდება... მიმდინარეობს დევნილთა წრებრუნვა შერემონტებულ შენობებში…

რადიო თავისუფლება: რა არის სტრატეგიის მთავარი მიზანი? როგორც სტრატეგიაში იკვეთება, მთავარი მიზანი სტრატეგიისა უნდა იყოს ინტეგრაცია დევნილთა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ ხდება. მაშინ რა მიზანს ემსახურება სტრატეგია, თუ შეგვიძლია ეს ვთქვათ?

რამაზ გერლიანი: გარკვეულწილად, ასე ჩანს, თუმცა სტრატეგიის მთავარი მიზანი უნდა იყოს არა ინტეგრაცია, არამედ დევნილთა განსახლება. როცა ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ (მეც დევნილი ვარ) ვართ საზოგადოების ნაწილი, რომელ ინტეგრაციაზეა საუბარი ასეთ შემთხვევაში? ჩვენ პრობლემა ინტეგრაციის კუთხით არ გვაქვს… ჩვენ, უბრალოდ, ვართ მოწყვლადი ფენა და სტრატეგიაში მთავარი აქცენტი უნდა იყოს - და გარკვეულწილად არის კიდეც - დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ანუ დევნილთა განსახლება. დღევანდელი რეალობა, სამწუხაროდ, არის დევნილთა გამოსახლება და არა დევნილთა დამაგრება მდგრად სოციალურ სოციუმებში. სწორედ ეს არის განსახლება.

რადიო თავისუფლება: სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია თავის დასკვნებში აღნიშნავს, რომ ამ სტრატეგიის განხორციელებისას დევნილი მოსახლეობის იზოლაცია ხდება…

რამაზ გერლიანი: რასაკვირველია, ეს ასე ხდება. მოგეხსენებათ, თვრამეტი წლის განმავლობაში ეს ადამიანები ერთ სოციუმში ცხოვრობდნენ. თვრამეტი წლის განმავლობაში იზრდება ახალი თაობა. ამის შემდგომ შენ უცებ ამ ადამიანებს ადაპტაციის ადგილს წყვეტ და მიგყავს სადღაც. ბუნებრივია, რომ იქ გარკვეული პერიოდი იქნება იზოლირებული და ამ პერიოდის გადასალახავი რაღაც მექანიზმი ჩვენ ამ სტრატეგიაში ვერ ვნახეთ… ეს არის ზუსტად მთავარი პრობლემა. თუნდაც რომ მიწა მისცე მოხმარებაში, ამ შემთხვევაშიც კი, სანამ მიწაზე საწარმოო ციკლი ჩაივლის (მიწაზე საწარმოო ციკლი თვრამეტი თვით ხასიათდება), შენ, სახელმწიფომ, ამ პერიოდში სულ მცირე რაღაც სახსრები უნდა გაუჩინო, რომ დევნილმა გარემოსთანაც მოახდინოს ადაპტაცია და თავისი სოციალური მდგომარეობაც გაიუმჯობესოს. მაგრამ სოციალური პირობები საკვებით და ეკონომიკური პირობებით არ შემოიფარგლება, აქ საუბარია ინფრასტრუქტურაზეც, სასწავლებლებზე, სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებთან სიახლოვეზე და უამრავ სხვა კრიტერიუმზე, რომლებიც ”არანაკლებ პირობებს” [სტარტეგიაში სწორედ ასეა გაწერილი] ქმნის, ვიდრე მანამდე ჰქონდა დევნილს. ეს ”არანაკლები პირობები” მარტო შეფერადებული კედლები არ არის.

რადიო თავისუფლება: გამოსავალს რაში ხედავთ? გაქვთ რაიმე კონკრეტული რეკომენდაცია, როგორ შეიძლება სტრატეგიამ იმუშაოს? იმიტომ რომ იმ მდგომარეობაში, რომელსაც აღვწერთ, სტრატეგია უბრალოდ არ მუშაობს, დევნილები უკან ბრუნდებიან, აღსრულება გრძელდება და პროცესი წრეზე მიდის.

რამაზ გერლიანი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ განსახლება, პირველ რიგში, უნდა მოხდეს უკვე ადაპტირებულ გარემოში, სადაც დევნილები ათწლეულებია ცხოვრობენ. ვინც თბილისში იმყოფება, თბილისის შემოგარენში, ხოლო ვინც რეგიონებში იმყოფება, რეგიონალური მასშტაბით. მეორე, თუ რეგიონებში განსახლება ხდება, მკაცრად უნდა განისაზღვროს საარსებო პირობები. ამ შემთხვევაში არის საუბარი მიწაზე და იმ პირველად რესურსზე, რომელიც მიწის მოსახმარად არის აუცილებელი. ადამიანებისათვის უნდა მოხდეს მიწის საკუთრებაში გადაცემა და, ამასთან, ადამიანების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ჰერბიციტები იქნება თუ სხვა სასოფლო-სამეურნეო ნედლეულით, რაც აუცილებელია ადამიანების მიწაზე დასამაგრებლად. ეს ყველაფერი თუ მოხდება პირველ ეტაპზე, შემდგომ ეს ადამიანები თავის თავს თავად მიხედავენ. დღეს კი ხდება მათი მოწყვეტა სამუშაო ადგილებიდან 22 ლარიანი დახმარების ამარა, შებათქაშებულ შენობებში.

რადიო თავისუფლება: ამ თემებზე გქონიათ საუბარი სამინისტროსთან ან სტრატეგიის შემუშავებაში თუ იყვნენ თავად დევნილები ჩართულნი?

რამაზ გერლიანი: დევნილთა სამინისტრო ჩვენ ამ თემებზე არ გველაპარაკება. ჩვენ ვართ ინფორმაციის მიღების რეჟიმში, მათ მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ჩვენთვის გაცნობის რეჟიმში…
თუმცა სრული სურათი რომ წარმოვიდგინოთ, დევნილთა სამინისტრო მხოლოდ აღმსრულებელია სტრატეგიისა და ამიტომ მხოლოდ სამინისტროსთან ამ თემაზე საუბარი შედეგს ვერ გამოიღებს. სტრატეგიის დაგეგმვაში ბევრი სხვადასხვა სამინისტრო და საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული და თუ ეს პრობლემა მოლაპარაკებათა მაგიდაზე დაიდება, ყველა უნდა ჩაერთოს და ყველამ უნდა განიხილოს ალტერნატიული ვერსია. დევნილთა სამინისტრო მხოლოდ განსაზღვრავს სტრატეგიის აღსრულებას, რეალური ხარვეზი კი თავად სტრატეგიაშია, მის ხედვაში, რომელიც ბუნდოვანი და ორაზროვანია… ის აძლევს აღმსრულებლებს საშუალებას ორმაგი ჩარჩოებით იმოქმედონ. სტრატეგიაში არ არის განსაზღვრული განსახლება სად მოხდება, როგორ, რა ვითარებაში, არ არის გარკვეული კომპენსაციის საკითხი, დევნილთა ინფორმირება სტრატეგიაში ბოლო ეტაპად წერია, ანუ ჯერ პოლიტიკის გატარება ხდება და მერე დევნილთა ინფორმირება. მე ვფიქრობ, რომ ინფორმირება მანამდეა საჭირო, სანამ პოლიტიკის გატარება დაიწყება, უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობა, უნდა მიეწოდებოდეს დევნილებს ინფორმაცია და, ამავე დროს, უნდა იყოს უკუკავშირი, ანუ დევნილთა შეთავაზებების გათვალისწინება უნდა ხდებოდეს, რადგან მარტო ერთმხრივი კომუნიკაცია ისევ იმავე ხარვეზებამდე მიგვიყვანს, რაც აშკარა გახდა ამ სტრატეგიის აღსრულებისას. ეს ყველაფერი კი იმაში გამოიხატება, რომ რეალურად გაუთვლელი პოლიტიკის განხორციელება დათქმულ დროში, ბუნებრივია, ვერ ხერხდება. შესაბამისად, ჯერ ერთი წელი დაუმატეს, ახლა ისევ ერთი წლით აგრძელებენ, ეს გამოიწვევს ამ სტრატეგიის ასე უსასრულოდ გაწელვას, რაც, საბოლოო ჯამში, არაწარმატებული პოლიტიკის გამოვლინებაა.

რადიო თავისუფლება: რატომ მოხდა, რომ ასეთი ფუნდამენტური რაღაცების გათვალისწინება არ მოხდა? ვერ გათვალეს? იჩქარეს? ამდენი ორგანიზაცია იყო ჩართული…

რამაზ გერლიანი: ბევრი ორგანიზაცია იქ იყო თავის დასაქნევად, ფიქტიურად, სტრატეგიის შემუშავებისას არ იყვნენ ჩართული პირები თუ ორგანიზაციები, რომლებიც ფლობენ რეალურ სურათს, ასევე არ ხდებოდა რეკომენდაციების გათვალისწინება. ამ ყველაფერმა მოგვცა ის ფუნდამენტური ხარვეზები, რომლებიც ამ სტრატეგიაში დევს.
XS
SM
MD
LG