Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ


ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გორში
ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გორში
ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენლებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დაღუპულთა მემორიალი თეთრლენტიანი წითელი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს; შემდეგ გადაინაცვლეს გორის ციხესთან, ქართველ მებრძოლთა მონუმენტთან, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ 2008 წლის დასაწყისში შეიქმნა, მაგრამ იმ დროისთვის ჯერ კიდევ სუსტმა ორგანიზაციამ საომარი მოქმედებების დაწყებას ხელი ვერ შეუშალა. ორგანიზაცია აგვისტოს ომის შემდეგ გააქტიურდა და მასში ძირითადად ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში მცხოვრები და დევნილი ქალები გაწევრიანდნენ. ქართველებმა მალე დაამყარეს კონტაქტი ცხინვალში მცხოვრებ ქალებთან და ერთობლივი სამშვიდობო პროექტების განხორციელებაც შეძლეს.

აგვისტოს ომის მე-3 წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია ერთი კვირის წინ ბაქოში ქართველი და ოსი ქალების შეხვედრისას დაიგეგმა. ამ აქციის მესიჯი იყო „ერთად მშვიდობისთვის და მშვიდობა ერთობისთვის“. გორში გამართულ აქციაში ოსი ეროვნების ქალებმაც მიიღეს მონაწილეობა. ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წარმომადგენლის ნაზი ბერუაშვილის თქმით, თეთრლენტიან წითელ ყვავილებს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა.
ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გორში

ქალთა მოძრაობის ლიდერის მანანა მებუკეს აზრით, აგვისტოს ეს დღეები ემოციურად დატვირთულია, მაგრამ დგება დრო, როცა ემოციებმა უკან უნდა გადაიწიოს და როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, ნებისმიერმა ქალმა მშვიდობის მშენებლობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

ცხინვალში ქალთა სამშვიდობო მოძრაობას ლირა ცხოვრებოვა ხელმძღვანელობს. მისი თქმით, პირველ ეტაპზე ომით დაზარალებულმა ქალებმა წყენა და გულისტკივილი უნდა დაივიწყონ. ქართველმა და ოსმა ქალებმა ერთმანეთს უნდა მიუსამძიმრონ და ომის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი მოძრაობა გაშალონ.

აქციის დასასრულს ქალთა სამშვიდობო მოძრაობის წევრები გორის ციხეზე ავიდნენ და სამშვიდობო მოწოდებებით ცისფერი ბუშტები ცაში გაუშვეს. ბუშტებზე მიმაგრებული იყო წარწერა „ერთად მშვიდობისთვის, მშვიდობა ერთობისთვის“. ჩაფიქრებული იყო რომ ეს ბუშტები ცხინვალისკენ გაფრენილიყო, მაგრამ ქარმა ისინი თბილისის მიმართულებით წაიღო. ქალებმა კი ჩაილაპარაკეს, რომ როგორც ცხინვალში, ისე თბილისში ჯერ კიდევ ბევრს არ ესმის მშვიდობის ფასი.
XS
SM
MD
LG