Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 12 აგვისტო, 2011


დღევანდელ “რეზონანსში” თბილისის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში დიფერენცირებული ფასების დაწესების შესახებ წაიკითხავთ სტატიას, სათაურით - “მდიდრების და ღარიბების უბნებად დაყოფილი თბილისი”. ავტორი წერს: “დედაქალაქის საბავშვო ბაღებში უბნების მიხედვით დიფერენცირებული გადასახადის შემოღებით თბილისის მერიამ ქალაქი მდიდრების და ღარიბების უბნებად დაყო, მიიჩნევენ ფსიქოლოგები და ფიქრობენ, რომ თუკი უბნების ამგვარი დაყოფა გაგრძელდა, სამომავლოდ საკმაოდ მძიმე შედეგებს მოიტანს - შესაძლოა, მოზარდებს შორის დაპირისპირება დაიწყოს.” - “რეზონანსის” სტატიაში ასევე წერია, რომ “მერიაში გადასახადების განსხვავებულობას ბაღების მიერ შეთავაზებული სერვისებით ხსნიან”.

“რეზონანსში” დღეს “ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთ ლიდერ მამუკა კაციტაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება, სათაურით - “”ექვსიანი” ხელისუფლების ნავში ზის”. კაციტაძე ამბობს: “გადახედეთ ელემენტარულად პარტიების ისტორიას. "ახალი მემარჯვენეების" ისტორიას გადახედეთ და ნახეთ, რომელიმე ხელისუფლებასთან თუ გვქონია რაიმე ტიპის ნავში ჯდომის გამოცდილება. შემდეგ გადახედეთ "ექვსიანში" შემავალ პარტიებს და დასკვნა თავად გამოიტანეთ”. ამ საკითხის გარდა, მამუკა კაციტაძე მომავალ არჩევნებზეც ლაპარაკობს, ჟურნალისტს სთხოვს იმ ექსპერტების სიას, ვინც “ახალ მემარჯვენეებს” უწინასწარმეტყველებს, რომ სოლიდურად ვერ იქნებიან პარლამენტში წარმოდგენილნი, და დასძენს: “მე მათ 2012 წლის ნოემბერში დაველაპარაკები და მათ ექსპერტობაზეც მერე ვისაუბრებ.”

არჩევნებისა და ქვეყანაში ძალთა გადანაწილების პერსპექტივაზე წერს დღევანდელი “ახალი თაობა”. სტატიაში სათაურით - “სად იქნება სააკაშვილი 2013 წლის შემდეგ?” - წაიკითხავთ: “დიდი შანსია მომავალი ხუთი წელი ან სანამ კვლავ მიეცემა პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება, სააკაშვილმა ნაცმოძრაობის მთავარ ოფისში დაიდოს კაბინეტი და, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არაოფიციალური მმართველი გახდეს, ოღონდ პირველი ვიოლინოს პრონციპით. ერთ გუნდს პრეზიდენტის სავარძელს აჩუქებს, მეორეს - პარლამენტის თავმჯდომარისას, გააკონტროლებს ერთსაც და მეორესაც.”

“24 საათი” წერს, რომ საქართველოდან ჯარის გაყვანისა და დევნილებისთვის დაბრუნების საშუალების მიცემისკენ რუსეთის ხელისუფლებას “აშშ-ის ჰელსინკის კომისიამაც” მოუწოდა. პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძეს “24 საათისთვის” უთქვამს: “თავისთავად ის ფაქტი, რომ კიდევ ერთი ასეთი დოკუმენტი შეიქმნა, ხელს უწყობს საერთო-საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას როგორც თავად შეერთებულ შტატებში, ისე, რა თქმა უნდა, მის ფარგლებს გარეთაცო”.

“საქართველოს რესპუბლიკაში” არაერთი ინტერვიუ ქვეყნდება. ერთ-ერთი საქართველოს ჩოგბურთის პრობლემებს ეძღვნება. რესპონდენტი ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველია: “საქართველოში ჩოგბურთის თამაშისა და განვითარების ელემენტარული პირობები არაა და ამიტომ ტოვებენ ქვეყანას ჩოგბურთელები. საერთაშორისო ტურნირებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში საქართველოს ჩემპიონატსაც კი ვერ ატარებენ, რადგან ჩოგბურთელებს ვერ აგროვებენ - ისინი არ არიან.”

დასასრულ, ისევ “რეზონანსს” მივუბრუნდები, რომელშიც ჯაშუშობაში ბრალდებულ ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება, სადაც ის ამბობს, რომ განაახლა მუშაობა ევროპის პრეს-ფოტო სააგენტოსთან: “უკვე მქონდა ერთი გადაღება გორში, ომის სამი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე და ეს ფოტოები უკვე დაიდო “ეპა”-ს ვებგვერდზე.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG