Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 15 აგვისტო, 2011


“ყველამ უნდა დავწეროთ წინასწარ “თვითაღიარება”” - ამ სათაურით აანონსებს პირველ გვერდზე “კვირის პალიტრა” ინტერვიუს პოეტ დავით მაღრაძესთან, რომელიც ამბობს: “ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და თავისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებს. ჯერი ახლა გარე სამყაროზეა, ვის დაუჭერს მხარს - თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს თუ მოძალადე რეჟიმს”. ინტერვიუს დასასრულს კი წაიკითხავთ: “რადგან ამ ყოფაში ყველას განსაცდელი გველის, საქართველოს მოსახლეობამ პრევენცია უნდა გავაკეთოთ და დავწეროთ: “სრულიად ჯანსაღ მდგომარეობაში ვაცხადებთ, არ ირწმუნოთ ჩემი თვითაღიარება იმის მერე, რაც დამაკავებენ. ეს იქნება შეთითხნილი, მოგონილი მათი ვერსიების თანახმად, მაგრამ შეიძლება ისეთ დღეში ჩამაგდონ, რომ მაღიარებინონ” - ეს მთელმა საქართველომ უნდა თქვას წინასწარ.”
“მთელი კვირა” წერს, რომ კულტურის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის გაუქმების გეგმაზე. სტატიაში წაიკითხავთ: “რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული ინფორმაციის საპასუხოდ, თითქოს ხელისუფლება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას გათავისუფლებას გეგმავს და ამისათვის ზოგადად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის გაუქმებას აპირებს, კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ცნობები მცდარია და მსგავსი გეგმები სამინისტროს არ აქვს. “არანაირად არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს რობერტ სტურუას გათავისუფლება იგეგმებოდეს”, - უთქვამს “რეზონანსისთვის” კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს.

“მთელ კვირაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურ მდივან ირაკლი ჩიქოვანთან: “ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები ერთხელ და სამუდამოდ აღარ უნდა იყოს ისეთი მოვლენა, როგორსაც ჩვენი მოქალაქეები და ისტორია იცნობს უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში.”

მომავალი არჩევნებია ქრისტიან-დემოკრატ გიორგი ახვლედიანთან ინტერვიუს თემაც. ახვლედიანი ამბობს: “ის ტორტი, რომელიც დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ცხვება, ისეთი დიდი აღარ იქნება და ყველას ვერ დააკმაყოფილებს. ის, ვინც ადგილის გარეშე დარჩება, თავშესაფრის ძიებას აუცილებლად დაიწყებს.”

ამავე გაზეთს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ეუბნება: “პირდაპირ გეტყვით: ხათუნა კალმახელიძე არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ის ციხეში უნდა იჯდეს. კალმახელიძეს კი იმ შემთხვევაში დასჯიან, თუ სააკაშვილს ევროკავშირი პერსონა ნონ გრატად ცნობს.”

“ასავალ-დასავლის” მთავარ თემებად რჩება ეკლესია და მის მიმართ არსებული საფრთხეები. თამაზ წივწივაძე: “ხმამაღლა ვაცხადებ, ეს თანამედროვე ფაშისტები მის უწმინდესობას ნელ-ნელა კლავენ!”. ნანა დევდარიანი: “ჩვენ ვერ ვუვლით ჩვენს საერო ხელისუფლებას და გვინდა, რომ ეს მოაგვაროს სასულიერო ხელისუფლებამ. გვინდა, რომ ჩვენი საკეთებელი სხვამ აკეთოს”. “ასავალ-დასავლის” დღევანდელ ნომერში შალვა ნათელაშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის ამბობს: “საქართველო ამერიკელებისთვის არის მეწველი ძროხა! მაგათ სულ ფეხებზე ჰკიდიათ ქართველი ხალხი! ჩამოვლენ, კარგად იქეიფებენ, ფულებს ჩაირიცხავენ და მერე დაგვმოძღვრავენ, საქართველოში დემოკრატიული რეფორმები ტარდება და აბა, თქვენ იცით, ასე გააგრძელეთო!”

ეკლესიის თემას “კვირის ქრონიკაც” უთმობს დღეს მნჲშვნელოვან ადგილს. გარდა ამისა, “კვირის ქრონიკა” პირველ გვერდზე წერს: “სააკაშვილის სკუტერთან დაჯახებისას დაშავებულ ბელარუს გოგონას 500 ათასი გადაუხადეს?!”. რატომ დაჯდა გაბრაზებული პრეზიდენტი სკუტერზე განმუხურში ქეიფისას და როგორ აერიათ ვერა ქობალია ზუგდიდის გამგებელ ალიკა ქობალიაში, გაზეთს “დაიცავი საქართველოს” წარმომადგენელი კახა მიქაია უამბობს.
“კვირის ქრონიკაში” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ რესპუბლიკელ თინა ხიდაშელთან, რომელიც არჩილ გეგენავას მონოპოლიურ ბიზნესზე და მისი სხვა ფიგურით ჩანაცვლების პერსპექტივაზე ლაპარაკობს: “პრაქტიკულად ვიცი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდები, ძალიან გამიჭირდება ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. სავარაუდოდ, ძალიან მაღალი ალბათობით, გეგენავა ჩაანაცვლა ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი გოგუაძემ.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG