Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელი პროვოკაცია თუ მტრის ხატი არჩევნების წინ?..


ერგნეთი
ერგნეთი
აგვისტოს ბოლოს ქართული მხარე ქართულ-ოსურ საზღვარზე მასშტაბური პროვოკაციისთვის ემზადება - ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა ოსური მედიით დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის აპარატმა. კოკოითის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, ანდჟეი ტიშკევიჩს, წერილი გაუგზავნა და შესაძლო პროვოკაციზე ქართულ მხარესთან ერთად პასუხისმგებლობა ევროპელებსაც დააკისრა. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით დაგეგმილია ქართულ-ოსურ საზღვართან მოეწყოს მშვიდობიანი მიტინგები, რომელშიც მონაწილეობას დევნილები მიიღებენ. ოსური მხარე მიიჩნევს, რომ ეს პროვოკაციაა და დევნილების მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ის მკაცრ ზომებს მიმართავს.

ჩოჩიევის უწყების შემდეგ განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმაც გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ ინფორმაცია მათაც აქვთ და მზად არიან საზღვართან ვითარების გამწვავების შემთხვევაში რუს მესაზღვრეებთან ერთად ადეკვატურად იმოქმედონ.

ანალოგიური განცხადება დაახლოებით ერთი თვის წინ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. მაშინ ოსური მხარე იუწყებოდა, რომ ქართველი დევნილები, ხელისუფლების ხელშეწყობით, თვითაღიარებული რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთას გეგმავდნენ, მაშინაც ოსური მხარე ძალის გამოყენებით იმუქრებოდა.

ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი ოსური მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს. მისი აზრით, თვითაღიარებულ რესპუბლიკაში მოახლოებული არჩევნების წინ კოკოითის ხელისუფლება მტრის ხატის შექმნითა და ადგილობრივი საზოგადოების დაშინებით ცდილობს იქაურ ამომრჩეველს ყოველდღიური ყოფითი პრობლემები დაავიწყოს და ყურადღება სხვა თემებზე გადაატანინოს.

მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ განცხადებები ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა, რაც ეგრეთ წოდებული საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ოსებისა და ქართველების შეშფოთებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მეთვალყურეობენ და ნებისმიერი გადაადგილება მათი ყურადღების ცენტრში ექცევა.
XS
SM
MD
LG