Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ემართლებიან ერთმანეთს ირანი, აზერბაიჯანი და თურქეთი?


გენერალი ჰასან ფირუზაბადი
გენერალი ჰასან ფირუზაბადი
გასულ კვირაში საქართველოს სამ მეზობელ სახელმწიფოს - აზერბაიჯანს, თურქეთსა და ირანს შორის სიტყვიერი დიპლომატიური ომი გაჩაღდა. თეირანის ურთიერთობა გამწვავდა ბაქოსთან და ასევე ანკარასთან. თავიდან ირანის სამხედრო მეთაურმა, გენერალმა ჰასან ფირუზაბადიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტი გააფრთხილა ერთობ არადიპლომატიური ფორმით, უბედურება მოგელის ისლამური პრინციპების ღალატისთვისო. შემდეგ ირანის პარლამენტის ერთ-ერთი გავლენიანი კომიტეტის თავმჯდომარემ გამოაცხადა, გასამხედროებული ქურთისტანის მუშათა პარტიის დე ფაქტო მეთაური, რომელიც თურქეთის მიერ იძებნება ტერორისტული საქმიანობისთვის, დავაკავეთო. ორივე ამბავმა მღელვარება გამოიწვია, მაგრამ ორივე მალევე უარყო ირანმა: ილჰამ ალიევის მიმართ ნათქვამი არასწორად იქნა გაგებული, ქურთთა ლიდერის დაჭერა კი გაუგებრობა იყოო. ამას მალევე მოჰყვა კიდევ ერთი ამბავი: აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა აზერბაიჯანში აკრძალული ისლამური პარტიის სამი წევრი. ეს პარტია, ბაქოს ბრალდებით, ირანის მიერაა დაარსებული მეზობელი ქვეყნის დესტაბილიზების მიზნით. სამივე დაკავებულს იარაღის და ნარკოტიკის უკანონო შენახვა ბრალდება. მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ინციდენტები შემთხვევით არ მომხდარა.აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ირანი ამ ქვეყნის საქმეებში ერევა. ბაქო აბრალებს თეირანს, რომ ის დგას მისი პროდასავლური მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლების - სხვათა შორის, სკოლებში ქალთა თავსაბურავის, ჰეჯაბის, აკრძალვის გამო მოწყობილი დემონსტრაციების - უკან. აზერბაიჯანის პოლიტიკური ანალიტიკოსი არათუნ ორუჯლუ ამბობს, რომ ბოლო დაპატიმრება ირანის მოქმედებას უკავშირდება პირდაპირ:

„ისლამური პარტიის თავმჯდომარის დაკავება ალიევის მიმართ მის კრიტიკულ გამოსვლას მოჰყვა. მაგრამ მათ არ შეუძლიათ ფირუზაბადის დაჭერა. ისინი იმათ იჭერენ, ვისაც, ვარაუდობენ, რომ ირანთან მჭიდრო კავშირი აქვს. ამით ისინი ირანს სიგნალს უგზავნიან.“

ბაქოში დაფუძნებული კასპიის პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ვაფა გულზადე, რომელიც ამ ქვეყნის უშიშროების საკითხებში მრჩეველი იყო, ფიქრობს, რომ ირანს აზერბაიჯანში ისლამური რესპუბლიკის შექმნა სურს:

„ირანმა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო აგრესიული პოლიტიკა აზერბაიჯანის მიმართ. მან ჯერ აზერბაიჯანში ჰიზბოლას მსგავსი ისლამური რელიგიის შეტანა სცადა. არაერთი ირანელი ჩამოვიდა აზერბაიჯანში და შექმნა ჰიზბოლას უჯრედი. ირანი განაგრძობს ამ საქმიანობას: ქმნის აქ უჯრედებს და ეხმარება მათ.“

აზერბაიჯანს და ირანს ერთმანეთთან მჭიდრო ისტორიული კავშირები აქვთ. აზერბაიჯანი, როგორც ამჟამინდელი სახელმწიფო, წარმოიქმნა ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთმა მე-19 საუკუნეში დაიკავა და მანამდე ირანის შემადგენლობაში იყო. ყოველი ათი აზერბაიჯანელიდან ცხრა, ირანის მსგავსად, შიიტიზმს მისდევს, მათი ენა კი, თურქული, ირანის მოსახლეობის მეოთხედის მშობლიური ენაა. ეს ფაქტორი ორივეს ეჭვს უჩენს. ირანს აზერბაიჯანის ახლო მოკავშირეები, თავისი მტრები, აშშ და ისრაელი - და ასევე ნატო -თავისთვის საფრთხედ მიაჩნია. ბაქო ისრაელთან სანავთობო და იარაღის სფეროში ვაჭრობს. ირანი შიშობს, რომ ისრაელმა აზერბაიჯანი შეიძლება მის წინააღმდეგ მეხუთე კოლონად გამოიყენოს. რაც შეეხება თურქეთს, როგორც ირანის საკითხთა ექსპერტი, ბაქოში მცხოვრები სადრადინ სოლთანი ამბობს, თეირანი ბაქოზე ზეწოლას იყენებს თურქეთისთვის თავისი მოკავშირის, სირიის თაობაზე სიგნალის გასაგზავნად. თურქეთი, მისი თქმით, აშშ-თან ერთად, გმობს სირიის რეჟიმის - ირანის მოკავშირის - ქმედებას:

„თეირანი გაღიზიანებულია ამ ვითარებით. თეირანი ყურადღებით ადევნებს თვალს ნატოსა და აზერბაიჯანის და აშშ-ისა და აზერბაიჯანის ურთიერთობას. ფირუზაბადის მსგავსი გამოთქმებით, ირანი სიგნალს უგზავნის თურქეთსა და აშშ-ს, რომ შეუძლია პრობლემები შეუქმნას მათ მოკავშირე აზერბაიჯანს, ისევე როგორც ისინი ახდენენ ზეწოლას სირიაზე.“

ამ მოსაზრებას ერთგვარად ადასტურებს გაზეთ „თუდეის ზემანში“ მარქარ ესაიანი, რომელიც წერს, როცა ირანი ქურთისტანის მუშათა პარტიის წარმომადგენელთა დაჭერის შესაძლებლობის შესახებ იუწყება, ამით ის თურქეთს სირიის საკითხში დათმობის სანაცვლოდ ქურთ მეამბოხეებთან ბრძოლაში მოკავშირეობას სთავაზობსო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG