Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 19 აგვისტო, 2011


მოახლოებული არჩევნები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რობერტ სტურუას გათავისუფლება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან, ციხეებში ტუბერკულოზის გავრცელების საგანგაშო მაჩვენებელი - ესაა იმ საკითხების ჩამონათვალი, რომელსაც 19 აგვისტოს გამოსულმა გაზეთებმა გვერდი ვერ აუარეს.

„ახალ თაობაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში - „შამბას აფხაზი ვეტერანები გადაეკიდნენ“ - საუბარია აფხაზ ვეტერანთა გაერთიანება „ამცახარას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ვეტერანები აღუშფოთებია სოხუმის ცენტრში შამბას მომხრეების მიერ გამართულ თეატრალიზებულ შოუს. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ 15 აგვისტოს გამართული შოუ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ალექსანდრ ანქვაბის წინააღმდეგ იყო მიმართული. აფხაზ ვეტერანთა თქმით, ანქვაბს აფხაზეთისთვის არასოდეს უღალატია და, შესაბამისად, მის წარსულშიც არაფერია გამოსაძიებელი. იმავე სტატიაში აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება საქართველოში მოქმედი „ექსპერტთა კლუბი“, რომლის წევრთა თქმით, შამბას მომხრეებს შორის ვერ ნახავთ ვეტერანთა ვერც ერთ ორგანიზაციას: „ამის გამო შამბა ნერვიულობს და უშვებს შეცდომებს. მის მომხრეთა შორის არიან: სომეხ ბიზნესმენთა ნაწილი, კაზაკთა გაერთიანება „რუსი ოფიცრები“ და ახალგაზრდობის ნაწილი“.

19 აგვისტოს „ახალ თაობაში“ ასევე იხილავთ სტატიას ცხინვალში წინასაარჩევნო დაძაბულობის შესახებ. „ოსინფორმის“ ცნობაზე დაყრდნობით, გაზეთი წერს, რომ 17 აგვისტოს თავს დასხმიან სახალხო პარტიის წევრ დეპუტატ ალიკ პლიევს, თავდამსხმელთა შორის კი ამოუცვნიათ პრეზიდენტობის კანდიდატი ალან კოჩიევი. ინციდენტთან დაკავშირებით ადგილობრივ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე აღუძრავს, კოჩიევი დაუკავებია, პლიევი კი საავადმყოფოში გადაუყვანიათ.

ქართულ ციხეებში ტუბერკულოზის ეპიდემიის შესახებ წერს გაზეთი „რეზონანსი“, რომლის მიხედვითაც, ტუბერკულოზით პატიმართა 6,6 პროცენტი ყოფილა დაავადებული. სტატია აგებულია სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით და მასში საუბარია იმაზე, რომ ციხეების გადატვირთულობა და ცუდად ვენტილირებული ოთახები ქმნის ტუბერკულოზის გავრცელების მაღალ რისკს. პატიმართა უფლებების დამცველმა ნანა კაკაბაძემ „რეზონანსს“ განუცხადა, რომ თითქმის ყოველი მეორე პატიმარი ტუბერკულოზითაა დაავადებული და რომ ასევე პრობლემაა ჰეპატიტის მასშტაბური გავრცელება. სახალხო დამცველის მონაცემებით, მხოლოდ 2010 წლის განმავლობაში 142 პატიმარი გარდაცვლილა.

„რეზონანსშივე“ წაიკითხავთ გამოხმაურებას რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე. რედაქციის შეკითხვას, უნდა წავიდეს თუ არა სტურუა რუსეთში, ისტორიკოსმა გია ანჩაბაძემ ასე უპასუხა: „წავა თუ არა, ეს მისი გადასაწყვეტია. სტურუა ადრეც მუშაობდა რუსეთში და ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსეთში მიდის ადამიანი, ის მოღალატეა. იქ საქართველოდან წასული მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამ სტერეოტიპს ვერ დავეთანხმები.“

გაზეთი „24 საათი“ კი მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, რომელმაც სულ ახლახან სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა. ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ცესკო მოახლოებული არჩევნების წინ მიზნად ისახავს სამი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზნის განხორციელებას: საარჩევნო ადმინისტრაციის მოდერნიზაციას, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ამომრჩეველთა მაქსიმალურ ინფორმირებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG