Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი - საავადმყოფოში, პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატი - ციხეში


ცხინვალი
ცხინვალი
ცხინვალში პოლიტიკურ საკითხებს რომ მუშტი-კრივით არჩევენ, ეს ახალი ამბავი არ არის. ორი დღის წინ პოლიტიკური შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა და საავადმყოფოში მოხვდა დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი ალექსანდრე პლიევი, რომელსაც სახის არეში 10-მდე ნაკერი დაადეს. პლიევი სახალხო პარტიის წევრია. ამ პარტიაში კოკოითის მომხრეები არიან გაწევრიანებულები. პლიევი ისეა ნაცემი, რომ ლაპარაკი არ შეუძლია, მისი თანაპარტიელი კაზიმირ პლიევი კი აცხადებს, რომ დეპუტატი ალან კოჩიევმა და კიდევ ორმა პირმა სცემა:

„მას ალან კოჩიევმა დაარტყა. როგორც ამბობს, როცა დავარდა, კოჩიევთან კიდევ ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო და მას ფეხებით ცემა დაუწყეს.“

ალან კოჩიევი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „რუხს ფიდანის“ („ნათელი მომავალი“ ) თავმჯდომარეა. დეპუტატ პლიევის ცემაში სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა სწორედ ის დაადანაშაულეს, მაგრამ კოჩიევმა ბრალდება უარყო და პროკურატურაში თვითონვე გამოცხადდა, სადაც თქვა, რომ ჩხუბის მომენტში ის სოფელ იტრაფისში იმყოფებოდა. კოჩიევი პროკურატურამ მაინც დააკავა. დაკავებამდე კოჩიევმა მეგობრებს და უფლებადამცველებს დაურეკა და უთხრა, რომ ინციდენტთან მიმართებაში საკუთარი გვარი მედიიდან გაიგო და არაფერი აქვს საერთო მომხდარ ჩხუბთან. ჩვენმა რადიომ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი, ალექსანდრე კოტაევი, ჩაწერა, რომელმაც განაცხადა, რომ შელაპარაკების შემდეგ პარლამენტის დეპუტატს მან და მისმა მეგობარმა თემურ დოგუზოვმა სცემეს და ამ ჩხუბში კოჩიევს მონაწილეობა არ მიუღია:

„მე არც ვიცოდი, რომ დეპუტატი იყო. ლანძღვა დამიწყო და ვაფრთხილებდი, ნუ მლანძღავ-მეთქი. ძალიან ნასვამი იყო. უნდოდა ჩემთვის დაერტყა, მაგრამ ვერ მოასწრო. მე დავარტყი ორჯერ-სამჯერ და ის დაეცა. მე არ ვიცოდი, თუ ალან კოჩიევი დაიჭირეს. არ მინდა, რომ ჩვენს გამო იქ ვინმე იჯდეს. მე ახლა წავალ პროკურატურაში.“

ამ კომენტარის შემდეგ კოტაევი პროკურატურაში წავიდა და ისიც დააკავეს. ოსი ექსპერტები კი აცხადებენ, რომ 38 წლის ალან კოჩიევმა ცხინვალში მძლავრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა შექმნა, სადაც უამრავი ახალგაზრდა გაერთიანდა. მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად მიიჩნევენ. უფლებადამცველების აზრით, კოჩიევის დაკავება ხელისუფლებისა და კოკოითის მომხრე სახალხო პარტიის მხრიდან პოპულარული პოლიტიკური მოძრაობის დისკრედიტაციას და პოლიტიკური ოპონენტის გზიდან ჩამოცილებას ემსახურება.

ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევი აცხადებს, რომ კოკოითის მომხრეებმა ცხინვალში პროვოკაციების მოწყობა და განსხვავებული აზრის მქონე პირების დევნა დაიწყეს. მისი ვარაუდით, კოკოითის ხელისუფლებაში დარჩენა უნდა და რესპუბლიკა სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისკენ მიჰყავს, რათა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში სკამი შეინარჩუნოს.

„მე მიმაჩნია, რომ ეს პროვოკაციაა, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. ეს პლიევი დადიოდა და ხალხში პროვოცირებდა. ხალხი კი იქ ფეთქებადია. მე მგონია, რომ კიდევ ვიღაცაა ჩარეული, რომელმაც ეს კოტაევი გააღიზიანა და მის საცემად წავიდა. მე დარწმუნებით უნდა ვამბობდე, რომ ალან კოჩიევი არ მონაწილეობდა, მაგრამ ფაქტები არ მაქვს, რომ ზუსტად ვთქვა. ყველა მოწმობით კი, ის არ მონაწილეობდა. ახლა პოლიტიკურ საქმეს დაატრიალებენ. მე მგონია, რომ მათ (მომხრეებს) კოკოითის შეცვლა არ უნდათ. ახლა იქ ვითარებას დაძაბავენ. უკვე თქვეს, რომ საქართველო იმუქრება. შეეცდებიან, რომ საგანგებო მდგომარეობა შემოიღონ. ახლა იქნება შეტაკებები. ორი გზა აქვთ - ან საგანგებო მდგომარეობა შემოიღონ, ან სისხლიანი ქაოსი მოაწყონ. ეს ფაქტი კი პირველი მერცხალია ამ მიმართულებით“, - ამბობს უფლებადამცველი რუსლან მაყაევი.

ოსურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა რეაგირებისთვის რუსეთის ხელისუფლებას მიმართეს. წერილში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთი პოლიტიკურ და სამართლებრივ კრიზისში იმყოფება:

„დაკავებულია პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატი. მისი დაკავება კოკოითის გეგმებში შედის, რათა ჩამოიცილოს ავტორიტეტული კანდიდატი და გზა საკუთარ მემკვიდრეს გაუხსნას. ჩვენ გამოვხატავთ პროტესტს და მოვუწოდებთ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას სასწრაფოდ გაათავისუფლოს დაკავებული. მოვითხოვთ საქმეში რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელების ჩართვას, რადგან შესაძლოა ასეთმა ვითარებამ გაუთვლელი და გარდაუვალი გამწვავება გამოიწვიოს.“

მიმართვას 10 საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაცია აწერს ხელს.
XS
SM
MD
LG