Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 22 აგვისტო, 2011


ორშაბათის ქართული პრესა ძირითადად რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას, გათავისუფლების ფაქტსა და მიზეზებს უთმობს გაზეთის პირველ გვერდებს. გაზეთი „ასავალ-დასავალი“ რეჟისორთან ექსკლუზიურ ინტერვიუსაც სთავაზობს მკითხველს. ინტერვიუში, სათაურით ”დააკვირდით სააკაშვილს, მისი სახე ბოროტებას ირეკლავს”, რობერტ სტურუა ჟურნალისტს კითხვაზე, კულტურის მინისტრმა რურუამ გაათავისუფლა ის თუ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, პასუხობს : ”რა თქმა უნდა, რურუამ კი არა, სააკაშვილმა მომხსნა, ამაში ეჭვი არ მეპარება! ჩემი მოხსნა ”ეთნიკურ მეტაფორებთან არ არის დაკავშირებული”. ”ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული კითხვების პასუხად რობერტ სტურუა ამბობს, რომ, მიუხედავად შეთავაზებისა, რუსეთის ტაგანკის თეატრში წასვლას არ გეგმავს, - კალიაგინის თეატრი აირჩია, სადაც მიწვეული მთავარი რეჟისორის თანამდებობა შესთავაზეს.

გაზეთი ”კვირის პალიტრა“ გასულ კვირაში რუსთავის მეექვსე საპყრობილეში გარდაცვლილი პატიმრის, მამუკა ზერეკიძის საქმეს უძღვნის მასალას. სტატიაში ”ზერეკიძეების ოჯახის ტრაგედია” ნათქვამია, 16 აგვისტოს ციხეში გარდაცვლილი მამუკა ზერეკიძის დაღუპვის მიზეზად დაღუპულის ოჯახის წევრებს ციხის თანამშრომლებმა დენის დარტყმა დაუსახელეს, სასჯელაღსრულების სამინისტრო ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ ორ ჯადოსნურ სიტყვას ამბობსო: ”მიმდინარეობს გამოძიება”.

„კვირის პალიტრის“ სტატიის ავტორი წერს, რომ სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გამოძიების და ექსპერტიზის პასუხებს ელის. მისი აზრით, დენის დარტყმით პატიმრის გარდაცვალება არაერთ კითხვას ბადებს.
”მამუკა ზერეკიძე საზოგადოებამ 2006 წლის ზაფხულში გაიცნო - შვილის, გიორგი ზერეკიძის, საქმის გახმაურების შემდგომ. გამოძიებამ 14 წლის გიორგი ზერეკიძეს ანგარების მიზნით მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა და ხულიგნობა დასდო ბრალად, სასამართლომ მას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ზერეკიძეებმა საქმე სტრასბურგში გაასაჩივრეს. მოგვიანებით გიორგი ზერეკიძის მამა, მამუკა ზერეკიძე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს”, ნათქვამია „კვირის პალიტრის“ სტატიაში.

გაზეთს ”მთელი კვირა” სათაურად კითხვა გამოაქვს: „ვის უჭერს მხარს რუსეთი აფხაზურ არჩევნებში?“. გაზეთი ”ექსპერტთა კლუბის”პრეზიდენტს, აფხაზეთის უშიშროების ყოფილ მინისტრს, ლევან კიკნაძეს ესაუბრება. ის ამბობს: ”ერთი ცხადია, რუსი ცდილობს ხელისუფლებაში მოიყვანოს კაცი, რომლისგანაც ნაკლები თავის ტკივილი ექნება. შამბა რომ მათთვის მისაღები არ არის, ესეც გასაგებია, რადგან მან რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ ბევრი კრიტიკული განცხადება გააკეთა, თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთისთვის შამბა უფრო მისაღებია, ვიდრე ანქვაბი, რადგან ანქვაბი უფრო პრინციპულია, ხისტი პიროვნებაა და დისციპლინის მოყვარული... სასწორი შეიძლება შამბას მხარეს გადაიხაროს, რადგან მას აქტიურად უჭერს მხარს რუსეთი.”
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG