Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო სირიაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს


რამდენიმე საათით გადაიდო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომა, რომელზეც სირიაში შექმნილი ვითარება უნდა განიხილონ. სხდომა, როგორც იუწყებიან, ტექნიკური მიზეზებით გადაიდო და ვარაუდობენ, რომ ის დღეს მაინც ჩატარდება. საბჭოს წევრმა ოცამდე ქვეყანამ, მათ შორის არაბულმა სახელმწიფოებმა ქუვეითმა, კატარმა და საუდის არაბეთმა შეიმუშავეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც სირიის ხელისუფლებას ჰგმობს ოპოზიციური დემონსტრაციების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობრივი ზომებისთვის. დოკუმენტში გამოთქმულია, აგრეთვე, მოწოდება, შეიქმნას საერთაშორისო კომისია ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევათა გამოსაძიებლად. დამასკში იმყოფება გაეროს ჰუმანიტარული მისია, რომელმაც ქვეყანაში შექმნილი ვითარება უნდა შეაფასოს. სირიაში უკვე თითქმის ნახევარი წელია, გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები. გუშინდელ ტელემიმართვაში ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა უარით უპასუხა დასავლეთის ქვეყნების ლიდერთა მოწოდებას გადადგომის თაობაზე, ისაუბრა ქვეყნის საშინაო საქმეებში ძალადობრივი ჩარევის დაუშვებლობაზე და განაცხადა, რომ მხარს უჭერს სირიაში რეფორმების გატარებას.
XS
SM
MD
LG