Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ტურისტული ბუმი ბორჯომში


ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალი
2011 წლის საზაფხულო სეზონი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. იანვრის შემდეგ ბორჯომის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ათი ათასამდე უცხოელი დამსვენებელი დაფიქსირდა. მათი უმეტესი ნაწილი ისრაელიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან ჩამოსული ტურისტია. ცენტრის ხელმძღვანელი არტურ სტეფანიანი ამბობს, რომ ისინი დამსვენებელთა ასეთ რაოდენობას არ ელოდნენ:

„შარშან მთელი წლის განმავლობაში იყო დაახლოებით 3 500 კაცი - ის, ვინც შემოვიდა ჩემთან ოფისში და მოიძია გარკვეული ინფორმაცია. წელს, იანვრიდან დაწყებული დღემდე, იყო თითქმის ათი ათასი კაცი შემოსული ჩემთან ოფისში ინფორმაციის მოსაძიებლად. ეს არის თითქმის სამჯერ მეტი. ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვიდა წელს. ბუკლეტები, რაც დავბეჭდეთ, შემოგველია, ახლა ახალ პარტიას ვბეჭდავთ. გაცილებით მეტია ჩამოსული ადგილობრივი დამსვენებელიც.”

ტურისტების უმეტესი ნაწილი ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დათვალიერებას ითხოვს. მათი მოთხოვნის მიხედვით, მეორე ადგილს რომანოვების სასახლე იკავებს, სადაც ამჟამად პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული. დამსვენებლები დიდ ინტერესს იჩენენ მინერალური წყლების პარკის მიმართაც.

,,ჩვენ სამი ტურისტი ჩამოვედით ესტონეთიდან, ბევრი რამ წავიკითხეთ საქართველოს შესახებ და გავიგეთ, რომ საქართველო და ესტონეთი ძალიან განსხვავებული ქვეყნებია. ბორჯომში პირველად ვართ, ამინდი კარგია, ესტონეთში ცივა.“

,,ჩვენ გვინდოდა დაგველია ბევრი ქართული ღვინო და გაგვესინჯა ასევე ბევრი ქართული კერძი, გვენახა ქართველი ხალხი, რადგან ესტონეთში ამბობენ, რომ ქართველები ძალიან კეთილშობილი და სტუმართმოყვარე ხალხია.“

,,მე ვხედავ ლამაზ საგნებსაც და არცთუ ისე ლამაზს. ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული ვარ საკვების გამო, რადგან ჯერ კიდევ ლიტვაში ვფიქრობდი, რომ საქართველოში ძალიან გემრიელი კერძებია, თუმცა ჯერ ვერ ვჭამე ძალიან გემრიელი ვერაფერი.“

ბორჯომს მიმდინარე წელს რამდენიმე ახალი სასტუმრო შეემატა, სადაც მსურველს ერთი დღე–ღამის გატარება სამჯერადი კვებით 80 ლარი უჯდება. ,,ვილა–ლიკანის“ მენეჯერი ინგა ფხიკიძე ამბობს, რომ განსაკუთრებული კლიენტებისთვის გარკვეული შეღავათები არსებობს:

,,ტურისტები არიან ამერიკიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ბაქოდან და აგრეთვე საქართველოს მოქალაქეები. ცხენი გვყავს ჩვენი, რომლითაც უცხოელები ძალიან ინტერესდებიან და ტყე–პარკთან გვაქვს ხელშეკრულება, რომლითაც იქ სეირნობენ.“

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ტურისტების მატება ქალაქში მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნამ გამოიწვია. მიმდინარე წელს აქ რამდენიმე პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა და ქუჩები მოწესრიგდა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გრიმი ჯვარიძე აცხადებს, რომ მომავალი სეზონისთვის კურორტზე ტურისტებს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ:

,,ბორჯომში არის უკვე სუფთა წყალი, რამაც განაპირობა ის, რომ დამსვენებელი წყალს აღარ უჩივის. წელს აღებულია პროექტები - მტკვრის მარჯვენა სანაპირო დამთავრდება სრულად, მომავალ წელს დაიწყება მტკვრის მარცხენა სანაპირო - როგორც გზები, ასევე სკვერები. ვიმედოვნებთ, რომ ეს გარკვეულ შედეგს გამოიღებს და მომავალ წელს უნდა მივიღოთ უფრო მეტი ტურისტი.“

ის ფაქტი, რომ საქართველოს ყველა სეზონზე შეუძლია დამსვენებლთა მიღება, კარგად იციან ტურიზმის დეპარტამენტში. შესაბამისად, გათვლებიც ამის მიხედვით კეთდება. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია სიდამონიძე აცხადებს, რომ, ამინდის მიუხედავად, დამსვენებელი საქართველოში არ მოიწყენს:

,,რეალურად საქართველოში არის ყოველსეზონური მიმართულება. მეორე მხრივ, ყველაზე აქტიური და მონახულებადი არის მაინც ზაფხულის ტურისტული სეზონი, ვინაიდან ამ პერიოდში უკვე საკმაოდ დატვირთულია შავიზღვისპირეთის კურორტებიც, მთიანი ადგილებიც და ასევე, რა თქმა უნდა, სამედიცინო კურორტები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია და სადაც ძალიან ბევრი ხალხი დადის, ვინაიდან იქ არსებობს არა მარტო სამკურნალო წყლები, არამედ სამკურნალო კლიმატიც. არის ასევე ძალიან დიდი მოთხოვნა კულტურულ ტურიზმზე და სათავგადასავლო ტურიზმზე, რის გამოც წელს ძალიან მოხშირდა ე.წ. ,,Backpacker“–თა - ზურგჩანთიანთა - რაოდენობა, რომლებიც ინდივიდუალურად ჩამოდიან და მოგზაურობენ საქართველოს მასშტაბით.“

ბორჯომში საზაფხულო სეზონი ივნისის თვიდან დაიწყო და სექტემბრის დასაწყისამდე გასტანს. ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ქალაქში ტურისტების შემოდინება არ შეწყდება და მათი რაოდენობა წლის ბოლომდე 15 ათასს მიაღწევს.
XS
SM
MD
LG