Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნამდვილი ფსიქოლოგიური დახმარება თუ თაღლითობა?


შეხვედრის მონაწილეები
შეხვედრის მონაწილეები
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილთა დასახლებებში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მიზნით არაერთი ორგანიზაცია შევიდა, მაგრამ მდგომარეობა თითქმის არ გაუმჯობესებულა. პოსტტრავმულ პერიოდში იძულებით გადაადგილებული პირები ფსიქოლოგიურ პრობლემებს ისევ უჩივიან.

გორის ასოციაცია „ფსიქეას“ ფსიქოლოგებმა დევნილთა დასახლებებში კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა 92 პროცენტი ისევ ფსიქოლოგიურ დახმარებას ითხოვს. ეთერ მჭედლიძე თვითონ ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირია და კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. პროფესიით ფსიქოლოგმა კარგად იცის, თავის მეზობლებსა და ნაცნობებს პოსტტრავმულ პერიოდში როგორი ჩივილები აქვთ.

ასოციაცია „ფსიქეა“ ამჟამად ახორციელებს პროექტს „დევნილი მოსახლეობის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა“, „უფროსი დის, უფროსი ძმის“ პროგრამის დანერგვა მათი თვითადვოკატირებისა და ადვოკატირების მიზნით. ამ პროექტის ფარგლებში გორში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

შეხვედრა ხმაურიანი გამოდგა, რადგან „ფსიქეას“ წარმომადგენლებმა ის არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკეს, რომლებიც დევნილებთან ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით მუშაობენ და შედეგები არა აქვთ. ფსიქოლოგ ელენე მაკარიძის თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირებთან ხშირად ისეთი ადამიანები მიდიოდნენ სეანსის ჩასატარებლად, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნდა. მისი აზრით, უნდა შეიქმნას პროფესიონალ ფსიქოლოგთა ერთიანი ბაზა, რათა დონორმაც და დახმარების მსურველმაც უკეთესად იცოდეს, ვისთან ექნება საქმე.

დევნილი მოსახლეობის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული. პროექტს ახორციელებენ „ქეა ნორვეგია“ და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“. „ქეა“ არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნილთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების მიმართულების პროექტებს უფინანსებს.

„ქეას“ პროექტის დირექტორი ვახტანგ ფირანიშვილი აცხადებს, რომ არაერთმა ორგანიზაციამ ომის შემდეგ ისე მიიღო ფსიქოლოგიური მიმართულების დაფინანსება, რომ რეალურად პროფესიონალი ფსიქოლოგები არ ჰყოლიათ, ამის გამო კი ზიანი ისევ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიადგათ.

შეხვედრაზე ფსიქოლოგებმა დაუფარავად ისაუბრეს იმაზე, რომ სხვადასხვა ორგანიზაციაში, საგანმანათლებო დაწესებულებაში ფსიქოლოგებად შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე კადრები მუშაობენ. ერთ-ერთ ორგანიზაციაში ინჟინერიც კი ატარებს ფსიქოლოგიურ სეანსებს. ამიტომ ადგილობრივი ფსიქოლოგები სახელმწიფოსგან გარკვეული რეგულაციების შემოღებას ითხოვენ, თვითონ კი პროფესიონალ ფსიქოლოგთა ერთიანი ბაზის შექმნას აპირებენ.
XS
SM
MD
LG