Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოში - ერთი პოსტი ორის ნაცვლად


ფილიპ ლეფორი
ფილიპ ლეფორი
1 სექტემბრიდან ფრანგ დიპლომატ ფილიპ ლეფორს ოფიციალურად დაექვემდებარა მანამდე ცალ-ცალკე არსებული ორი პოსტი: კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა საქართველოში და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა სამხრეთ კავკასიაში. პირველს მანამდე პიერ მორელი, ხოლო მეორეს პიტერ სემნები იკავებდა. ევროკავშირმა თავისი გადაწყვეტილება ორი პოსტის უფლებამოსილებათა გაერთიანების შესახებ 26 აგვისტოს გამოაცხადა. რა მოლოდინი უკავშირდება ევროკავშირის ახალი სპეციალური წარმომადგენლის, საფრანგეთის ყოფილი ელჩის საქართველოში - ფილიპ ლეფორის - სამომავლო საქმიანობას?

ახალ სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ფილიპ ლეფორს, მანდატის თავდაპირველი მოქმედების ვადა ევროკავშირმა 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე განუსაზღვრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 10 თვის მანძილზე ფილიპ ლეფორს მოუწევს ყველა იმ საქმის გაკეთება, რასაც პიერ მორელი 2011 წლის 31 აგვისტომდე, ხოლო პიტერ სემნები - 2011 წლის 28 თებერვლამდე აკეთებდა.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს კეტრინ ეშტონს ეჭვი არ ეპარება, რომ ახალი სპეციალური წარმომადგენელი შეძლებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ევროკავშირის როლის გაძლიერებას ”მგრძნობიარე რეგიონში”:

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენ ფილიპ ლეფორს ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე ვნიშნავთ. ფილიპ ლეფორს რეგიონის საფუძვლიანი ცოდნა და იქ ძალიან მაღალ დონეზე წლების განმავლობაში დაგროვილი სამუშაო გამოცდილება აქვს", - ნათქვამია კეტრინ ეშტონის წერილობით განცხადებაში, რომელიც გავრცელდა 26 აგვისტოს, სპეცწარმომადგენლის პოსტზე ფილიპ ლეფორის დანიშვნის დღეს.

კეტრინ ეშტონი მნიშვნელოვნად თვლის იმ ფაქტს, რომ ფილიპ ლეფორმა დაახლოებით 20-წლიანი დიპლომატიური კარიერის დიდი ნაწილი კავკასიასა და რუსეთში მოღვაწეობას დაუთმო. 2004–2007 წლებში ის იყო საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ხოლო 2007–2010 წლებში რუსეთში საფრანგეთის ელჩის მოადგილის ფუნქციას ასრულებდა.

ფილიპ ლეფორის საქმიანობიდან განსაკუთრებულს ვერაფერს იხსენებს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი, თუმცა უდავოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის ახალ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში და რუსეთში მუშაობის გამოცდილება აქვს:

”ყველაზე მნიშვნელოვანი ჟენევის მოლაპარაკებებში არის რუსეთის კარგად ცოდნა და საქართველოს კონტექსტის კარგად ცოდნა. რამდენად წარმატებული იქნება მისი საქმიანობა, გამოჩნდება. ყოველ შემთხვევაში, მისი გამოცდილება ხელს უწყობს იმას, რომ ეს მისია კარგად შეასრულოს.”

ორი წინამორბედის ნაცვლად შესასრულებელი მისია ევროკავშირის ახალ სპეციალურ წარმომადგენელს საკმაოდ მასშტაბურ მოვალეობებს აკისრებს. გარდა იმისა, რომ ფრანგმა დიპლომატმა თანათავმჯდომარის როლი უნდა იტვირთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, მისი უფლებამოსილება ასევე ითვალისწინებს: ურთიერთობების დამყარებას რეგიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებთან თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აქვეა დიდი პასუხისმგებლობა რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერისა და, რაც მთავარია, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა უნდა იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის დაცვითა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან კოორდინაციით.

ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ფილიპ ლეფორს მოუწევს გააგრძელოს და განავითაროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ევროკავშირის მიერ 2009 წელს შემუშავებული პოლიტიკა, სახელწოდებით - ”ჩართულობა აღიარების გარეშე.” ამ პრინციპის გარშემო პიტერ სემნები მუშაობდა და 22 თებერვალს, როდესაც სპეცწარმომადგენლის პოსტზე თავისი ბოლო - ასე ვთქვათ, გამოსამშვიდობებელი - პრესკონფერენცია გამართა, მან თქვა, რომ ევროკავშირს გაცილებით მეტი კონტაქტი აქვს აფხაზეთთან, ვიდრე სამხრეთ ოსეთთან.

იმხანად, როდესაც პიტერ სემნები სოხუმში ჩადიოდა, ალექსანდრ ანქვაბი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ფილიპ ლეფორს კი მასთან მუშაობა მოუწევს როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან. თუკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ანქვაბის მიერ გაკეთებული ერთი განცხადებით ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ ლეფორს მასთან მუშაობა არ გაუადვილდება. აფხაზეთის ტელეეთერით აგვისტოს შუა რიცხვებში გამოსვლისას ალექსანდრ ანქვაბმა თქვა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა ”ჩართულობა აღიარების გარეშე” ღიმილს იწვევს:

”მათ ბევრჯერ უნდოდათ რაღაცაში ჩვენი ჩართვა, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით და არასდროს - აფხაზეთის ინტერესების გათვალისწინებით. ჩემი აზრი ასეთია: ჩვენ აღზრდილი ხალხი ვართ და საერთაშორისო ორგანიზაციებს კონტაქტებზე უარს არ ვეუბნებით... მათაც ხომ სჭირდებათ ხანდახან, რომ დახარჯონ ფული და აიღონ ხელფასი...”

თუ როგორ გამონახავს ევროკავშირის ახალი სპეციალური წარმომადგენელი საერთო ენას სოხუმისა და ცხინვალის ლიდერებთან, ამის პირველი შედეგები სულ მალე გამოჩნდება. უკვე ცნობილია, რომ ფილიპ ლეფორი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩასვლას სექტემბრის ბოლოსთვის აპირებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG