Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერელი გლეხები მოსავლის სიმცირეს უჩივიან


იმერელი გლეხები მოსავლის სიმცირის გამო ჩივიან. სოფლის მოსახლეობას განსაკუთრებით სიმინდის მოუსავლიანობა აწუხებს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში გლეხები მოუსავლიანობას სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან. მათ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მიმართაც. გოდოგნელი ნარგიზა აბესაძის თქმით, მისმა ოჯახმა საკუთარი ყანის სიმინდის თესლი გამოიყენა, რადგან ადგილობრივი სიმინდის მოვლა ხელმისაწვდომია, ჰიბრიდული სიმინდის თესლის ფასი - კილოგრამი 14 ლარი - გლეხებისთვის ძვირია.

„მე ჩემი მამაპაპისეული სიმინდის თესლი მაქვს და ის ვარჩიე - ვიცი რაც არის, როგორ მოდის, რა სჭირდება. ხომ იცით, შეჩვეული ჭირი სჯობია შეუჩვეველსო. ჰიბრიდული სიმინდი ერთ მეზობელს აქვს დათესილი და რომ ამბობენ სამ ტაროს იკეთებსო, ჩემთან არ გაუკეთებიაო“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ნარგიზა აბესაძემ.
მოსავლის სიმცირეს გვალვებითა და სარწყავი წყლის უქონლობით ხსნის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობა. სოფელ ახალთერჯოლაში მცხოვრები თამარ რობაქიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა, იმის მიუხედავად, რომ მოვლა-პატრონობა არ დააკლეს, ჰიბრიდული სიმინდის მოსავლით უკმაყოფილოა.

„ მე ჩემი ადგილობრივი სიმინდი დავთესე და ამინდები როგორიც იყო, იმის შესაბამისად არ ვემდური. ჰიბრიდული ვინც დათესა, არავისას ტარო არა აქვს. ბევრმა 14 კილოგრამი დათესა, ზოგმა – 10, ზოგმა – 7 , ზოგმა – 3 და თითო-თითო დათესეს წკაპებში. ჩემს გარშემო ბევრს აქვს დათესილი და არავინ კმაყოფილი არაა. მით უმეტეს, გათოხნა არ უნდაო. გათოხნა იმ ხალხმა, სასუქი მისცა და მაინც დარჩნენ გზა-შარაზე“, ამბობს თამარ რობაქიძე.

რადიო თავისუფლების რესპონდენტების თქმით, გამგეობების შეთავაზებული ჰიბრიდული სიმინდის მარცვლის დათესვას მოსახლეობა სიფრთხილით მოეკიდა - გლეხების ნაწილმა საჭმელად მის გამოყენებაზე უარი თქვა, მეორე ნაწილმა კი ფრინველისა და საქონლის გამოსაკვებად სცადა მისი მოყვანა. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანების მკვიდრი ლამარა ნიქაბაძე ამბობს, სოფლის მოსახლეობა ე. წ. ამერიკული ჰიბრიდული სიმინდისგან უკეთეს მოსავალს ელოდა, მაგრამ მოლოდინმა არ გაამართლა.
„ფარცხანაყანებში ყვითელი სიმინდის თესლში იმდენი ფული გადაიხადა ხალხმა და მოსავალი არ მოვიდა, არ ივარგა სიმინდმა - ზოგმა ტარო არ გაიკეთა, რომელმაც გაიკეთა, ნაქუჩალაა მსხვილი და კაკლებია ცოტა. მე საჭმელად თეთრ სიმინდს ვთესავ და, საერთოდ, ქათამი, ღორი უნდა გავზარდო და საქონლის საკვებად გვჭირდება სოფელში სიმინდი“, – ამბობს ფარცხანაყანებელი ლამარა ნიქაბაძე.

როგორც გლეხების ნაწილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, წლევანდელი მოსავლის აღების შემდეგ გადაწყვეტენ გამოიყენებენ თუ არა ჰიბრიდულ სიმინდს საკვებად. მოსავლის დაბინავება იმერეთის სოფლებში სექტემბრის ბოლოს დაიწყება.
XS
SM
MD
LG