Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმუშევრობა საქართველოში


„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია
ოპონენტები საქართველოს ხელისუფლებას უმუშევრობის მაღალი დონის გამო აკრიტიკებენ. მათი მტკიცებით, უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი - 16,3 პროცენტი - არ ასახავს სინამდვილეს. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უმუშევრობის შესამცირებლად დაუსაქმებელთა ცენტრი უნდა შექმნას. ვინ და როგორ ებრძვის უმუშევრობას საქართველოში?
ნიკო 45 წლის დიპლომირებული ინჟინერია, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, საკუთარი პროფესიით მუშაობის დაწყება ვერ მოახერხა:

„ყველაფერზე ვიყავი თანახმა, მაგრამ ვერ ვიშოვე სამსახური. უმუშევარია ჩემს ახლომახლო ყველა, იქნება მეზობელი თუ მეგობარი.“

უნდა შეიქმნას დაუსაქმებელთა ცენტრი, სადაც ყველა დარეგისტრირდება და რეალურად გავარკვევთ რა პროფესიის ადამიანები ეძებენ სამსახურს...
ნიკოსა და მისი მეგობრების ამგვარ სავალალო ყოფას იზიარებს საქართველოს აქტიური მოსახლეობის 16,3 პროცენტი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა ჭელიძის თქმით, უმუშევართა რაოდენობა მნიშვნელოვნად - დაახლოებით სამი პროცენტით - გაიზარდა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ. ამჟამად უმუშევრად ითვლება 320 ათასი ადამიანი, ხოლო დასაქმებულად 1 მლნ 620 ათასი კაცი.

„აქტიურ სამუშაო ძალად ითვლება მოსახლეობა 15 წელზე მაღლა, ოღონდ ისინი, ვინც ეძებს სამსახურს ან მუშაობს. თვითდასაქმებულების პროცენტული წილი მთლიანად დასაქმებაში ძალიან მაღალია. დასაქმებულად მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულები რომ ჩავთვალოთ, უმუშევრობის დონე 60-65 პროცენტი იქნება“, უთხრა ზაზა ჭელიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა უნდა ითქვას, რომ მთავრობის ოპონენტები თვითდასაქმებულთა რიცხვის ზრდას ხელისუფლების წარმატებულ საქმიანობას არ უკავშირებენ. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე ოფიციალურ მაჩვენებელზე ბევრად მაღალია. ალასანია ხელისუფლებას პრობლემის გადაწყვეტის რამდენიმე გზას სთავაზობს: უნდა შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, ხელი შეუწყონ მცირე ბიზნესის გაძლიერებას და შეიქმნას მონაცემთა სპეციალური ბაზა, კერძოდ:

„უნდა შეიქმნას დაუსაქმებელთა ცენტრი, სადაც ყველა დარეგისტრირდება და რეალურად გავარკვევთ რა პროფესიის ადამიანები ეძებენ სამსახურს. არ აქვს მნივშნელობა ასაკს, ყველა თაობის წარმომადგენელი დაუსაქმებელია. სახელმწიფომ უნდა გაარკვიოს, რომელ პროფესიებს სჭირდება ხელშეწყობა.“

ყველაზე ხშირია მენეჯერული ტიპის ვაკანსიები, იქნება ეს კომპანიის ხელმძღვანელი, განყოფილების უფროსი თუ პროექტის მენეჯერი; ასევე დაბალი დონის ადმინისტრაციული თანამდებობები, როგორიცაა ოფისის მენეჯერი...
ირაკლი ალასანიას ამ შეთავაზების პასუხად, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ დაუსაქმებელთა ცენტრის მსგავსი ფუნქციის მატარებელი ორგანო - დასაქმების სახელმწიფო სააგენტო - რამდენიმე წლის წინ გააუქმა. პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის თქმით, ამ ტიპის ორგანო ფორმალური არსებობისთვისაა განწირული, გამოსავალი კი კერძო ინიციატივის წახალისებაში მდგომარეობს:

„სახელმწიფომ მისცა სრული თავისუფლება როგორც დამსაქმებელს, ისე დასასაქმებელს ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში. ნებისმიერ კერძო პირს შეუძლია შექმნას დასაქმების ბიურო. რაც იყო, ის ფორმალურად იყო და რეალურად არაფერი კეთდებოდა.“

სამაგიეროდ, ოთარ თოიძის თქმით, ეფექტიანად მუშაობენ კერძო სააგენტოები. დასაქმების სფეროში ერთ-ერთ წარმატებულ ორგანიზაციად მიიჩნევა ვებგვერდი „ჯობს.გე“, სადაც ქვეყნდება განცხადებები ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და ტენდერების შესახებ. „ჯობს.გე“, მისი დამფუძნებლისა და დირექტორის ლექსო ხუბულავას თქმით, დღის განმავლობაში დამსაქმებლისგან 30-დან 50-მდე ვაკანსიის განცხადებას იღებს:

„ყველაზე ხშირია მენეჯერული ტიპის ვაკანსიები, იქნება ეს კომპანიის ხელმძღვანელი, განყოფილების უფროსი თუ პროექტის მენეჯერი; ასევე დაბალი დონის ადმინისტრაციული თანამდებობები, როგორიცაა ოფისის მენეჯერი. ასევე პოპულარულია ფინანსური სფეროს ვაკანსიები.“

კარგი გასავლის მქონე ამ და სხვა პროფესიების შესწავლას გარკვეულ ხარკს ხელისუფლებაც უხდის, თუმცა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ კვლევები აჩვენებს, ხელისუფლება, როგორც წესი, არჩევნების წინა პერიოდში გააქტიურდება ხოლმე. არადა, ნებისმიერი გამოკითხვიდან კარგად ჩანს, რომ უმუშევრობა კვლავ რჩება საზოგადოების ერთ-ერთ უპირველეს პრობლემად. ნიკო, 45 წლის დიპლომირებული ინჟინერი, არ აპირებს ბედთან შეგუებას და, სამუშაოს შოვნის იმედით, ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლას იწყებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნიკოს მსგავსად, საქართველოში სამუშაოს 320 ათასი ადამიანი ეძებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG