Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია-მ გამოაქვეყნა ბრიტანელი ექსპერტის დასკვნა 26 მაისის აქციის დაშლისას გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის ფოტოების შესახებ


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს საჯაროდ გამოაქვეყნა ბრიტანელი ექსპერტის დასკვნა, რომელიც თბილისში, 26 მაისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლისას, ან მის შემდგომ მომხდარ კონკრეტულ ფაქტს უკავშირდება. საუბარია საქართველოს შსს-ს მიერ 27 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, თავისუფლების მოედანთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე აღმოაჩინეს ორი მამაკაცის გვამი და რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ელექტროსადენებთან მათი შეხება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ურთიერთგამომრიცხავი მასალების გამო, ერთ-ერთი გარდაცვლილის ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში მიმართეს სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprints/Forensics. მას გაეგზავნა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერით გადაცემული ვიდეომასალა, ფოტო, რომელზეც ერთ-ერთმა მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო და ნიკა კვინტრაძის პასპორტის და გარდაცვალების შემდეგ პროზექტურაში გადაღებული ფოტოები. ასოციაციის განცხადებით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პასპორტის და გარდაცვალების შემდგომ გადაღებულ ფოტოებსა და ”რუსთავი 2”-ის ვიდეომასალაში გამოსახული იყო ერთი და იგივე პიროვნება და გამორიცხა მონტაჟის ნიშნები. ამასთან, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვიდეომასალაში და იმ ფოტოზე, რომელზეც მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო, ასახულია ერთი და იგივე სცენა, რომელიც თვალთახედვის სხვადასხვა არედან არის გადაღებული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის თქმით, ორგანიზაცია ასევე ფლობს ჩვენებას მოწმისა, რომელიც 26 მაისს დილით აღმოჩნდა იმ სახურავზე, სადაც ოფიციალური ვერსიით, ნიკა კვინტრაძის ცხედარი აღმოაჩინეს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მოწმე აღნიშნავს, რომ მას ცხედრები არ უნახავს. ასოციაციამ მის მიერ მოპოვებული მასალები სამართალდამცავებს გაუგზავნა და მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება მოითხოვა.
XS
SM
MD
LG