Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები სამართლიან გადაწყვეტილებას მოითხოვენ


რეპრესირებულთა საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება გახდა მიზეზი პრესკონფერენციისა, რომელიც 8 სექტემბერს ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა გამართა. მისი განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა გოცირიძემ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის სიცოცხლე 400 ლარად შეაფასა. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის მემკვიდრეებს სწორედ აღნიშნული რაოდენობის კომპენსაცია ერგოთ. რა არის ის კრიტერიუმები, რომლებითაც მორალური ზიანის სიდიდე განისაზღვრება? - აღნიშნული კრიტერიუმების ჩამოთვლით დაიწყო პრესკონფერენცია ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა:

ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის განსაზღვრა: ის განზრახ მოქმედებდა თუ გაუფრთხილებლობით; ვინ მოქმედებდა - სახელმწიფო თუ კერძო პირი; დაზარალებულთა განცდების სიღრმე, დაზარალებულ პირთა საოჯახო, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა. - ზაქარია ქუცნაშვილი, ხელმძღვანელი მოძრაობისა ”ადვოკატები რეპრესირებულთა დასაცავად”, დარბაზში შეკრებილ რეპრესირებულებსა და მათ მემკვიდრეებს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის კანონით გათვალისწინებულ იმ ფაქტორებს უსახელებს, რომლებითაც განისაზღვრება მორალური ზიანის ანაზღაურების სიდიდე.
მინდა გამოვაქვეყნო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილება. მან ადამიანის სიცოცხლე, რაც ხელყოფილი იყო დახვრეტის სახით, შეაფასა 400 ლარად...

”კანონმა პირდაპირ განსაზღვრა, რომ ჩვენი მიზანია აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა, იმის გამო, რომ ამ ადამიანებს მიუძღვით განსაკუთრებული წვლილი სამშობლოს დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობას, კომპენსაციის ოდენობის საკითხში კანონი ამბობს, რომ ანაზღაურება უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი”, - ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

რეპრესირებულის საქმეზე გასულ თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო ის საილუსტრაციო მაგალითი, რომელიც, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ეწინააღმდეგება ყოველგვარ ლოგიკასა და კანონმდებლობას:

”მინდა გამოვაქვეყნო მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილება. მან ადამიანის სიცოცხლე, რაც ხელყოფილი იყო დახვრეტის სახით, შეაფასა 400 ლარად.”

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესმდივანი ქეთი ბასილაშვილი რადიო თავისუფლებას განუმარტავს, მოსამართლე თავის გადაწყვეტილებას კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით დეტალურად ასაბუთებს და აღნიშნული გადაწყვეტილება მხარეებს პირადად ბარდებათ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მოსარჩელეს არ აკმაყოფილებს მოსამართლის გადაწყვეტილება, მას შეუძლია ზემდგომ ინსტანციას მიმართოს.

ადვოკატი მირზა მურმანიშვილი მორალური ზიანის რაოდენობის განსაზღვრის ქართულ სასამართლო პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ უკანასკნელი ექვსი-შვიდი წლის განმავლობაში კომპენსაცია, რომელიც მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კონკრეტულ შემთხვევებზე გაიცა, 15 000 ლარიდან 50 000 ლარამდე მერყეობს.
ის ღამე არასდროს დამავიწყდება. დედა და მამა ოპერაში იყვნენ წასულები, ახალი დაბრუნებულები იყვნენ, კარზე ბრახუნი რომ გაისმა. ატყდა ხმაური. ცოტა ხანში მამა შემოვიდა, მე და ჩემს დას გვაკოცა და წავიდა...

”ჩვენ თუ პარალელს გავავლებთ და ვიტყვით, რომ განზრახი დანაშაულისათვის, ჯანმრთელობის შერყევისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების რაოდენობა 15 000-დან 50 000 ლარამდე მერყეობს, უნდა ითქვას, რომ ამჯერად გაცილებით მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. როდესაც ადამიანებს ასახლებდნენ, ხელისუფლება მათ მიმართ განზრახ დანაშაულს სჩადიოდა და, მეტიც, მან სისტემად აქცია ეს დანაშაული. უკანასკნელი წლების ქართული სასამართლო პრაქტიკა, იმედია, გავლენას იქონიებს მოსამართლეებზე, რომ მათ მომავალში რეპრესირებულთა საქმეებზე კომპენსაციის რაოდენობა 400 ლარით აღარ განსაზღვრონ”, - მიაჩნია მირზა მურმანიშვილს.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, სამართლის ანალოგის პრინციპიდან და დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, დახვრეტის, ანუ სიცოცხლის წართმევის გზით რეპრესირებულ პირებსა და მათ პირველი რანგის მემკვიდრეებზე გაცემული უნდა იქნეს კომპენსაცია მინიმუმ 15 000 ლარის ოდენობით. მათივე თქმით, ამ ეტაპზე კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით ათასამდე სარჩელი მზადდება. ერთ-ერთი ასეთი სარჩელის ავტორია 82 წლის ნათელა თურქია. ის რვა წლის იყო, მამა რომ გადაასახლეს, რამდენიმე დღეში კი ის, მისი პატარა და და დედა სახლიდანაც გამოყარეს და ქუჩაში დატოვეს. ამბობს, რომ უჭირს კომპენსაციაზე საუბარი, როდესაც საქმე მამის სიცოცხლესა და ხსოვნას ეხება.

”ის ღამე არასდროს დამავიწყდება. დედა და მამა ოპერაში იყვნენ წასულები, ახალი დაბრუნებულები იყვნენ, კარზე ბრახუნი რომ გაისმა. ატყდა ხმაური. ცოტა ხანში მამა შემოვიდა, მე და ჩემს დას გვაკოცა და წავიდა. მეორე დღეს რომ არ მოვიდა მამა სახლში, დედას ვკითხე, მამა სად არის-მეთქი, მითხრა, შორეულ მივლინებაში წავიდა და რამდენიმე ხანი სახლში ვერ მოვაო. მამა გადასახლდებიდან აღარ დაბრუნებულა”, - იხსენებს ნათელა თურქია.

თამაზ მერებაშვილი 2 წლის იყო, ოჯახთან ერთად შუა აზიაში რომ გადაასახლეს. მიუხედავად მცირე ასაკისა, კარგად ახსოვს იქ გატარებული მძიმე დღეები. ამბობს, რომ კომპენსაციის მოთხოვნით, რომელიც 10 000 ლარს შეადგენს, საქალაქო სასამართლოს უახლოეს მომავალში მიმართავს.

”უბედურება ტრიალებდა. უფროსებს ბამბის პლანტაციებში ამუშავებდნენ, პატარებს კი ხან ვინ გვირტყამდა და ხან ვინ. გვამცირებდნენ. აქ რომ დავბრუნდით, აქაც გვჩაგრავდნენ როგორც სამშობლოს მოღალატეებს. ბოლომდე ვიბრძოლებთ. მომზადებული გვაქვს ყველა დოკუმენტი. რაც შეეხება ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლის მიერ დაწესებულ 400 ლარიან კომპენსაციას, ამას ჩვენ სხვანაირად მოვუვლით. ეს მასხრად აგდებაა”, - ამბობს თამაზ მერებაშვილი.
XS
SM
MD
LG