Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კამერონი მოსკოვში


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი (მარცხნივ) ორშაბათს პირველად შეხვდა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი (მარცხნივ) ორშაბათს პირველად შეხვდა თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობაში არის სირთულეები, მაგრამ მათ მიუხედავად შესაძლებელია ორმხრივი სავაჭრო კავშირების გააქტიურება. ამ საკითხს კამერონი შეეხო მოსკოვში პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ, 2005 წლიდან მოყოლებული რუსეთში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტისას.

ორმხრივ ურთიერთობას მძიმე ზიანი მიაყენა კაგებეს ყოფილი აგენტისა და მოგვიანებით კრემლის ოპონენტის ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობამ 2006 წელს ლონდონში, რასაც მოჰყვა რუსეთის უარი, ლონდონისათვის გადაეცა მთავარი ბრალდებული ამ მკვლელობაში, ანდრეი ლუგოვოი. თავის მხრივ, ლონდონიც უარს ეუბნება მოსკოვს მულტიმილიონერ ბორის ბერეზოვსკისა და ჩეჩენი სეპარატისტების ლიდერ ახმედ ზაკაევის ექსტრადიციაზე.
მართალია, ჩვენს შორის ეს სირთულეები და უთანხმოებები რჩება და ჩვენ არ ვცვლით ჩვენს შეხედულებებს ამ საკითხებზე, ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია მივისწრაფოდეთ უფრო მჭიდრო ურთიერთობებისაკენ...

კრემლში, მედვედევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, კამერონმა აღიარა უთანხმოების გამომწვევი საკითხების არსებობა.

„მართალია, ჩვენს შორის ეს სირთულეები და უთანხმოებები რჩება და ჩვენ არ ვცვლით ჩვენს შეხედულებებს ამ საკითხებზე, ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია მივისწრაფოდეთ უფრო მჭიდრო ბიზნესურთიერთობების, უფრო მჭიდრო კომერციული ურთიერთობებისაკენ“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე დევიდ კამერონმა, რომელსაც მედვედევი სახელით მიმართავდა და შიგადაშიგ ინგლისურადაც ელაპარაკებოდა. ამასთან მედვედევმა დაადასტურა, რომ რუსეთი არ აპირებს ბრიტანეთის მოთხოვნის შესაბამისად, მისთვის ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის, ანდრეი ლუგოვოის გადაცემას.

„რუსეთის კონსტიტუციის 61-ე მუხლით პირდაპირ არის დადგენილი, რომ რუსეთის მოქალაქე არ შეიძლება, გადაეცეს უცხო სახელმწიფოს მის გასასამართლებლად, ან მის წინააღმდეგ გამოძიების ჩასატარებლად. ეს არასოდეს მოხდება, რაც უნდა იყოს. და ჩვენ ამას გაგებითა და პატივისცემით უნდა ვეკიდებოდეთ“, - განაცხადა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა მედვედევმა. ანდრეი ლუგოვოი - კაგებეს ყოფილი აგენტი, რომლის ექტრადიციასაც მოითხოვს ლონდონი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატია.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ჩავიდა საგარეო უწყების ხელმძღვანელის, უილიამ ჰეიგისა და წამყვანი ბიზნესმენების 24-კაციანი დელეგაციის თანხლებით. გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაცია აპირებს 345 მლნ დოლარის ღირებულების კონტრაქტების გაფორმებას.
ვლადიმირ პუტინსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შორის ურთიერთობის ძალიან მოკლე და იდილიური პერიოდის შემდეგ, რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ ცივია...

თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი სკეპტიკურად აფასებს მოსკოვთან ლონდონის დაახლოების პერსპექტივას. როგორც ჰუმანიტარული პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტმა, ვლადიმირ ბრუტერმა უთხრა ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურს, „არ უნდა მოველოდეთ ამ ვიზიტისაგან რაიმე გარღვევებს ან ჩავარდნებს. ვლადიმირ პუტინსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერს შორის ურთიერთობის ძალიან მოკლე და იდილიური პერიოდის შემდეგ, რუსეთსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ ცივია, მაგრამ ეს „სიცივე“ არ იღებს უფრო აქტიურ, ან უფრო მკვეთრ ფორმას.“

მოსკოვში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დაწყებამდე, გაზეთმა „სანდეი ტაიმსმა“ გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელსაც ხელს აწერს ბრიტანეთის საგარეო უწყების ოთხი ყოფილი ხელმძღვანელი. წერილში კამერონს მოუწოდებენ, რუსეთის ლიდერებთან შეხვედრისას, ყურადღება გაამახვილოს ლიტვინენკოს საქმეზე. 2006 წლის შემოდგომაზე, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ლიტვინენკომ პირადად ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა მისი მკვლელობის შესახებ დავალების გაცემაში.

ორშაბათს კამერონი პირველად შეხვდა პრემიერ-მინისტრ პუტინს - კაცს, რომელსაც ოთხი წელია, არ შეხვედრია ბრიტანეთის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი და რომელიც, ბევრის შეფასებით, შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდეს მომავალი წლის მარტის არჩევნების შედეგად.
XS
SM
MD
LG