Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 26 სექტემბერი, 2011


გაზეთ ”რეზონანსის” ინფორმაციის თანახმად, საქართველოში უკვე დაიწყეს იმის პროგნოზირება, თუ პოლიტიკურ ძალთა რა კონფიგურაციას მივიღებთ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, ახალი კონსტიტუციით განსაზღვრულ ფუნქციებს თუ გავყვებით, თბილისის მოქმედი მერი გიგი უგულავა პრეზიდენტის თანამდებობის მორგებას მოისურვებს, დავით ბაქრაძე კვლავ პარლამენტის თავმჯდომარედ დარჩება, ხოლო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გახდება. პოლიტოლოგის აზრით, ჯერ ადრეა იმის პროგნოზირება, ნაციონალური მოძაობის გარდა, კიდევ რომელი პარტიები აღმოჩნდებიან პარლამენტში.

დღესვე გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას ”პუტინის დაბრუნება, ახალი გამოწვევები და რისკები”, რომელშიც შეფასებულია ისიც, რას მოუტანს საქართველოს რუსეთის პრეზიდენტად კვლავ ვლადიმირ პუტინის მესამე ვადით მოსვლა. გაზეთის პროგნოზით, საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ყოფილი და ამავე დროს მომავალი პრეზიდენტისგან დათბობის პოლიტიკის გატარებას არავინ ელის, თუმცა ექსპერტთა ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ პუტინის უალტერნატივობას აქვს ერთი პლუსიც – მას არჩევნების მოსაგებად საქართველოს კარტის გათამაშება არ დასჭირდება, შესაბამისად, მისგან ახალი აგრესია მოსალოდნელი არ არის.

როგორ აფასებს შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და რას ურჩევს ოპოზიციას ირაკლი მელაშვილი, გაზეთ ”ვერსიაში” შეიტყობთ. გაზეთის მტკიცებით, დღევანდელი გადასახედიდან, რაიმე სერიოზული ცვლილებები მხოლოდ ”ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილების შედეგად იქნება შესაძლებელი, რადგან არსებული ოპოზიციური სპექტრის რესურსები ხელისუფლების რეალურ კონკურენტს ვერ ქმნის. პოლიტიკური ექსპერტის, ირაკლი მელაშვილის შეფასებით, ახალი სისხლის გადასხმა ოპოზიციურ პარტიებსაც სჭირდებათ, რადგან ძალიან კონსერვატორულები, ადვილად გათვლადები და მოსაწყენები გახდნენ. ”ძალიან ბევრ ოპოზიციურ სახეს ვურჩევ, ცოტა ხნით დაისვენოს”– აცხადებს ექსპერტი.

”ეროვნული ფორუმის ” თავმჯდომარე კახა შარტავა ”, თავის მხრივ, გაზეთ ”ვერსიას” 27 სექტემბერს დაგეგმილი ”ქართველთა მარშის” შესახებ ესაუბრება. მისი განმარტებით, მარში მოკლებული იქნება ზედმეტ პოლიტიზირებას. ციტატა: ” 27 სექტემბერი უცნაური დამთხვევების თარიღია. ეს, ერთი მხრივ, სოხუმის დაცემის, საქართველოს დაქუცმაცების დაწყების დღეა, ამავე დროს ბოლო დღე, როცა ქვეყანა ჯერ კიდევ მთლიანი იყო. არის ჯვართამაღლებაც – დამარცხების, შეცდომების, ტრაგედიების გააზრება და გამარჯვებამდე სვლის დაწყება. თუმცა ამას განწყობა და შინაგანი მარშის შემუშავება სჭირდება. შეიძლება, პატარა მსვლელობა, დროთა განმავლობაში, საერთო ეროვნულ მარშადაც გადაიქცეს”, – უთხრა კახა შარტავამ ”ვერსიას”.

”ცხინვალის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 24 კაცი აპირებს”. ამ ინფორმაციას კი გაზეთი ”ახალი თაობა” აქვეყნებს. გაზეთი იუწყება, რომ თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატთა წარდგენის ვადა 8 ოქტომბერს იწურება. ამ დროისათვის კი პრეზიდენტობის სურვილს უკვე 24 ადამიანი გამოთქვამს. ”ახალი თაობა” ვარაუდობს, რომ, ისევე როგორც აფხაზეთში, კრემლი ღიად არც ამ არჩევნებში ჩაერევა და იმის მიუხედავადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას უკვე 24 კანდიდატი აპირებს, მთავარი ბრძოლა 2 კანდიდატს შორის გაიმართება. ესენი არიან კოკოითის მემკვიდრედ აღიარებული ანატოლი ბაბილოვი, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების საქმეთა მინისტრი და ძამბოლატ თადეევი, რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში, თუ, რასაკვირველია, ეს უკანასკნელი არჩევებიდან არ მოხსნეს – შენიშნავს ”ახალი თაობა.”
XS
SM
MD
LG