Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 11 ოქტომბერი, 2011


ბიძინა ივანიშვილი კვლავაც რჩება ქართული გაზეთების ინტერესის მთავარ ობიექტად. ”საქართველოს რესპუბლიკა” დღეს უცხოელი ავტორის, ვენდელ სტივენსონის ვრცელი სტატიის თარგმანს აქვეყნებს. სათაურია: ”ბიძინა ივანიშვილი - კარგი ოლიგარქი”. ავტორი ივანიშვილს პირადად არ შეხვედრია, თუმცა შეეცადა მასზე რაც შეიძლება მეტი ცნობა მოეპოვებინა. ”ივანიშვილს შეუძლია იყოს მოწყალე, მაგრამ თუ იგრძნობს, რომ ატყუებენ (არსებობს ბევრი მაგალითი იმისა, რომ მისი კონტრაქტები გაბერეს, ბიუჯეტები გაწელეს, ჯიბეები ამოივსეს), მას შეუძლია შეუბრალებლად გარიყოს მეგობარი ან ნათესავი. მე რამდენიმე ასეთ შემთხვევას გადავეყარე და არსად შემიმჩნევია, რომ ის განსაკუთრებულად უსამართლოდ მოიქცა. ის ფულის გაცემის მორალურ საფრთხეს ფრთხილად ეკიდება, ხედავს ნიუანსურ განსხვავებას ქველმოქმედებას, ალტრუიზმსა და მოწყალებას შორის”, - წერს ვენდელ სტივენსონი, რომლის სტატიის თარგმანსაც ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს.

”ალიაში” დღეს რამდენიმე ინტერვიუს წაიკითხავთ, სადაც რესპონდეტები გამოთქვამენ მოსაზრებებს ბიძინა ივანიშვილზე. ”ალიას” კორესპონდენტი ესაუბრა გია ხუხაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეხვდა ივანიშვილს: ”მთელი სიურპრიზი გახლავთ ის, რომ... ლეგენდები რომ დადის, აი, ბიძინა ივანიშვილი არ ჩნდებაო, ლამის იმასაც რომ ამბობდნენ, უჭირს საზოგადოებასთან ურთიერთობაო, დამერწმუნეთ, ეს არის ტყუილი და ამას მალე გაიგებს ქართული საზოგადოება. ის ძალიან კარგად აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს და, ვფიქრობ, ამას მალე იხილავთ”.

”ალიაშივე” ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”ამ განცხადებით და ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლით, დაშინებული და გადედლებული ხალხი გამოცოცხლდება. ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ივანიშვილის განცხადებამ ხალხს იმედი გაუჩინა.”

”ახალი თაობა”, კახა კუკავა: ”ივანიშვილის ფაქტორი იმიტომაც არის დადებითი, რომ ერთი შეხედვით გადაუწყვეტელი პრობლემები მისთვის ძალიან ადვილი გადასაწყვეტია. ოპოზიციის გაერთიანება, რომელიც, ერთი შეხედვით, იყო პრაქტიკულად გადაუწყვეტელი, ივანიშვილის პირობებში, მე ვფიქრობ, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია, თუ მართლა შს სამინისტროს დაფუძნებული არ არის, უარს არ იტყვის მასთან თანამშრომლობაზე.”

კვლავ ბიძინა ივანიშვილზე, ამჯერად - ლევან ბერძენიშვილი ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში: ”პირველი, რაც უნდა ქნას, არის ის, რომ პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შექმნის, უნდა იყოს მისი განცხადებების შესაბამისი. თუ განცხადება მაღალი ტონითაა გაკეთებული, ხოლო პოლიტიკური გუნდი საზოგადოებისთვის ნაცნობი აუტსაიდერებისგანაა დაკომპლექტებული, ბუნებრივია, ეს შეცდომა იქნება. მე არ ვიცი, ვინ იქნება მის გუნდში და ამას ველოდებით, თუმცა, რაც სიმართლეა, მისმა განცხადებამ ძალიან მიძინებული პოლიტიკური სპექტრი გამოაღვიძა.”

დღევანდელ პრესაში შუქდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებიც. ”რეზონანსში” ამ თემაზე გამოქვეყნებული სტატიის სათაურია: ”ხელისუფლებით კმაყოფილი უმუშევრები”. ”24 საათი” კი წერს: ”განსხვავებით წინა მაჩვენებლებისგან, საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ მოსახლეობის განწყობა დადებითისკენ შეიცვალა. მათთვის მისაღებია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელშიც აქცენტი ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციაზეა გაკეთებული. ამასთან, საქართველო მიაჩნიათ დემოკრატიულ ქვეყნად, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას. სწორედ ამიტომ მოქალაქეები მმართველი გუნდისგან მეტ ანგარიშვალდებულებას ითხოვენ.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG