Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი საქართველოსა და სხვა საკითხებზე


მაიკლ მაკფოლი
მაიკლ მაკფოლი
რუსეთში აშშ-ის სავარაუდო მომავალი ელჩი, მაიკლ მაკფოლი, ამ თანამდებობაზე დამტკიცების შემთხვევაში აპირებს, ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკის გაგრძელებას, აგრეთვე რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გააქტიურებას. მაკფოლი ამ და რამდენიმე სხვა საკითხს, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას შეეხო შეერთებული შტატების სენატში, საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე. სენატორებმა მისი კანდიდატურა განიხილეს.

მაიკლ მაკფოლი მიჩნეულია პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ცნობილი „გადატვირთვის“ პოლიტიკის ერთ-ერთ ინიციატორად და ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად და ამდენად, ბუნებრივია, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს, გააგრძელოს გადატვირთვის პოლიტიკა მოსკოვში შეერთებული შტატების ელჩის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში. ბარაკ ობამამ 14 სექტემბერს წამოაყენა 47 წლის მაკფოლის - რუსეთის საკითხებში პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის - კანდიდატურა მოსკოვში ამჟამინდელი ელჩის, ჯონ ბაიერლის შემცვლელად, რასაც მოსკოვის დადებითი რეაქცია მოჰყვა.

შეიძლება ითქვას, რომ ეჭვი არავის ეპარება ახალ ელჩად მაკფოლის დამტკიცებაში. გავრცელებული ვარაუდით, ის იოლად მოიპოვებს მხარდაჭერას შეერთებული შტატების სენატში. მაგრამ რა იქნება ამის შემდეგ?

„ვფიქრობ, გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, რაც ნიშნავს, რომ ვითანამშრომლებთ რუსეთის მთავრობასთან საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და პარალელურად ვიმუშავებთ - და იმედი მაქვს, რომ, თუ ელჩად დამამტკიცეს, ამაში მეც მივიღებ მონაწილეობას - რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გასააქტიურებლად. და ჩვენ არ დავუშვებთ გაუმართლებელ ვაჭრობას, როგორიცაა „იცით, იმის გამო რომ ჩვენთან, მთავრობასთან თანამშრომლობთ რაღაც X საკითხზე, ამას ვერ გააკეთებთ რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან“, ამბობს ელჩობის კანდიდატი.
ყოველთვის, როცა შესაძლებლობა გვეძლევა ხოლმე, ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცება რჩება ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ...

მაკფოლი ასევე დაუშვებლად მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მოკავშირეების ინტერესების უგულებელყოფას. ეს პოზიცია მან დაადასტურა შეერთებული შტატების სენატში, საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტში გამართულ მოსმენაზე თავისი გამოსვლის დასაწყისშივე. მისივე თქმით, „რუსეთის ჯარისკაცებს კვლავაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია. რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობა კვლავაც მეტისმეტად მწვავეა და ამიტომ კვლავინდებურად პრიორიტეტულად მივიჩნევთ ამ საკითხს“ . მოგვიანებით, როცა მოსმენაზე სენატორთა შეკითხვების დასმის დრო დადგა, მაკფოლს უფრო დაწვრილებით მოუხდა საქართველოზე საუბარი.

საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ნიუ ჰემპშირიდან ჯინ შაჰინმა დასვა შემდეგი შეკითხვა: „როგორ უნდა მივუდგეთ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციის საკითხს და როგორ შეგვიძლია, მივაღწიოთ პროგრესს რუსეთთან ამ საკითხში.? და, თუ შეიძლება, გვითხარით, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი, როგორც შეერთებული შტატების ელჩის როლი ამ საკითხთან მიმართებით“. ვიდრე ამ შეკითხვაზე მაიკლ მაკფოლის პასუხს გაგაცნობდეთ, აღსანიშნავია, რომ სენატორი ჯინ შაჰინი თანათავმჯდომარეობს საქართველოს საკითხზე მომუშავე ჯგუფს გავლენიან ანალიტიკურ ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოში“, რომელმაც მაკფოლის მოსასმენად გამართული შეხვედრის მომდევნო დღეს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს შესახებ.

აი, როგორი იყო მაიკლ მაკფოლის პასუხი სენატორის შეკითხვაზე: „ყოველთვის, როცა შესაძლებლობა გვეძლევა ხოლმე, ვადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცება რჩება ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. საამისოდ მივმართავ სხვადასხვაგვარ ზომებს - ნება მიბოძეთ, რამდენიმეზე ვისაუბრო: პირველ რიგში, დიპლომატიის ფრონტზე. ვცდილობთ, სხვა ქვეყნებიც დავარწმუნოთ, არ აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი (...) და ამ მხრივ მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები, რადგან (აღიარების) პროცესი უფრო შორს არ წასულა (...) ამ საკითხში რადიკალურად არ ვეთანხმებით რუსებს - ეს ხდება პრეზიდენტების შეხვედრის დროს, ეს ხდება, როცა სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და ამას ჩვენც გავაგრძელებთ, რუსეთში შეერთებული შტატების ელჩად ჩემი დამტკიცების შემთხვევაში“.

მაკფოლი დასძენს, რომ საქართველოს მხარდაჭერას ვაშინგტონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არა მარტო ორმხრივ, არამედ მრავალმხრივ ურთიერთობებშიც, მათ შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე. როგორც ცნობილია, ვაშინგტონი აქტიურად ემხრობა ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაკფოლი როგორც აღნიშნავს, აშშ არ აპირებს, ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე, რათა მან აღარ დაბლოკოს ორგანიზაციაში რუსეთის შესვლა. ამასთან, ვაშინგტონი, რუსეთში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატის თქმით, განაგრძობს რუსეთზე ზეწოლას, რათა მან დაიცვას 2008 წლის აგვისტოს შეთანხმება, რომელსაც ის, ობამას ადმინისტრაციის შეფასებით არ ასრულებს.

მაკფოლმა საქართველოსადმი მხარდაჭერის ასევე მნიშვნელოვან ასპექტებად დაასახელა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისი გაწევრიანების, მისი ეკონომიკური განვითარებისა და სამხედრო სფეროს მხარდაჭერა, ბუნებრივია, ახსენა ავღანეთში მრავალეროვან მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაც.

მაკფოლის გამოსვლაში საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს ამ სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება და დიდი დრო დავუთმეთ, რაც, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ ეს იყო მთავარი საკითხი მაკფოლის გამოსვლაში. მთავარ საკითხად მოსმენაზე, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტში გაიმართა, დასახელდა რუსეთთან თანამშრომლობა ირანის გარშემო. დიდი ყურადღება დაეთმო ასევე ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივას - რთულ პერსპექტივას.

ობამას ადმინისტრაცია არც თუ იშვიათად ახსენებს ხოლმე რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას თავის ერთ-ერთ უდიდეს საგარეო-პოლიტიკურ მიღწევად, პირველ რიგში, ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების, ახალი „სტარტის“ გამო, რასაც ემატება რუსეთის თანამშრომლობა ავღანეთში სამხედრო მისიასთან დაკავშირებულ საკითხებში და ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების მხარდაჭერა რუსეთის მიერ.

რუსეთში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატის, მაიკლ მაკფოლის განცხადებით, ვაშინგტონის პოლიტიკა გაგრძელდება და არ შეიცვლება არც რუსეთში პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის სავარაუდო დაბრუნების შემდეგ.
XS
SM
MD
LG