Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ინფლაციის დონე კვლავ მცირდება


სექტემბრის თვეში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 0.6 პროცენტი შეადგინა, წლიური ინფლაცია კი 4.6 პროცენტამდე დაეცა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ ინფლაცია არ არის, თუმცა კი მისი ტემპი თანდათან მცირდება. მიუხედავად ამისა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილი მაინც ფასების ზრდას უჩივის. რა განაპირობებს ინფლაციის შემცირებას და როგორ აისახება ის მოსახლეობის სხვადასხვა ფენებზე?

გამომდინარე იქიდან, რომ სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს უფრო მეტი წონა აქვს, 0.6 პროცენტ ინფლაციაში დაახლოებით 0.5 იყო სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე...
სასურსათო პროდუქციას სამომხმარებლო კალათის თითქმის ნახევარი უკავია. სწორედ მის გაძვირებას უჩივის საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, ეგრეთ წოდებული სოციალურად დაუცველი ფენა.

„ყველაფერი ნელ-ნელა ძვირდება...“
„ყველა გრძნობს, რომ ინფლაცია დიდია - რაც სამომხმარებლო პროდუქციაა, მისი ფასი ძალიან დიდი პროცენტით არის გაზრდილი.“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, სექტემბერში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები თითქმის ნახევარი პროცენტით გაძვირდა. შედარებით ნაკლებად, მაგრამ ფასებმა მაინც მოიმატა კომუნალურ სექტორში. ”საქსტატის” ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, სწორედ სურსათზე მოდის თვიური ინფლაციის ძირითადი ნაწილი:

ზაზა ჭელიძე
ზაზა ჭელიძე
”გამომდინარე იქიდან, რომ სურსათს და უალკოჰოლო სასმელებს უფრო მეტი წონა აქვს, 0.6 პროცენტ ინფლაციაში დაახლოებით 0.5 იყო სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე. ასევე ფასები გაიზარდა სასტუმროებში, რესტორნებში და კაფეებში. რაც შეეხება წლის ინფლაციას, სექტემბერში, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, შეადგინა 4.6 პროცენტი.”

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ დონის ინფლაცია სრულებით მისაღებია საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, თუმცა სოციალურად დაუცველი ფენები ინფლაციის გამომწვევ ძირითად წყაროს, პირველადი მოხმარების პროდუქციის გაძვირებას მტკივნეულად აღიქვამენ.

მეხუთე თვე არის ინფლაციის მაჩვენებელმა იკლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი არის 4.6% ძირითადად გამოწვეულია შესადარი ფასების ეფექტით...
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა მურღულია განმარტავს, რომ მიმდინარე თვის ინფლაციის მაჩვენებელი გასულ თვეებშიც რომ აღნიშნულიყო, წლის ბოლოს მაღალ ინფლაციას მივიღებდით, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენაზე იქონიებდა გავლენას. მაგრამ ზაფხულის დეფლაციურმა თვეებმა წლიურ ინფლაციას კლებისკენ უბიძგა. 2011 წლის სექტემბრის თვის წლიური ინფლაციის შესახებ „საქსტატის“ ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე ამბობს:

„მეხუთე თვე არის ინფლაციის მაჩვენებელმა იკლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი არის 4.6% ძირითადად გამოწვეულია შესადარი ფასების ეფექტით. სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე მოდის ყველაზე დიდი გავლენა, დაახლოებით 2.5 პროცენტია 4.6-დან. სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ზრდა რომ არ ყოფილიყო ინფლაცია 2 პროცენტი იქნებოდა.“

„საქსტატის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თუ რომელიმე პროდუქციის მოულოდნელი გაძვირება არ მოხდა, ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღარ შეიცვლება. საინტერესოა რა არის ამ არცთუ მაღალი წლიური ინფლაციის გამომწვევი მიზეზი.

გასულ წელს და მიმდინარე წლის დასაწყისშიც, როდესაც ინფლაციის მკვეთრი ზრდა აღინიშნა და მან ორნიშნა მაჩვენებელს გადააბიჯა, საქართველოს მთავრობამ ფასების სწრაფი მატება მსოფლიო ბაზარზე სასურსათო პროდუქციის გაძვირებას დააბრალა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მაშინდელ განცხადებას შეგახსენებთ:

„მე ვიქნებოდი ყველაზე ბედნიერი ადამიანი, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ხორბლის ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე. ჩვენი ინფლაციის 90 პროცენტი გამოწვეულია გარეფაქტორებით - ეს კარგად უნდა გავიაზროთ.“

ინფლაციის რეგულირების მთავარი მექანიზმის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ამ განცხადებას, მაშინ ოპონირება ეკონომიკის ექსპერტთა ერთმა ნაწილმა გაუწია. ეკონომისტების დიდი უმრავლესობა თანხმდება, რომ ინფლაცია მონეტარული მოვლენაა და მას ფულის მასის ზრდა იწვევს. სწორედ ეს აჩვენა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების შემგომმა პერიოდმა. ჯერ იყო და ბანკმა ფულის მასის შესამცირებლად თავის ხელთ არსებული ბერკეტები გამოიყენა, ეგრეთ წოდებული მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა, ქვეყანაში დეფლაციური პროცესები განვითარდა. ახლა კი, როდესაც მონეტარული პოლიტიკა ოდნავ შემსუბუქდა, თვის ინფლაციამ უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც მოიმატა.
XS
SM
MD
LG