Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 25 ოქტომბერი, 2011


”ქვები მომავლის განსაჭვრეტად” - ასეა დასათაურებული სტატია, რომლითაც ”24 საათი” ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის ვალერი ლევინის დაკავება-გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება.

ივანიშვილი ქართული პრესის მთავარ გმირად, მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კი მთავარ თემად რჩება. ”ალია” და ”რეზონანსი” ცდილობენ გაარკვიონ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტულად რა ტიპის მუქარების გამო დატოვა პროექტი ”დარდუბალა” ზვიად ბლიაძემ, რომელმაც ამჯერად უარი თქვა კომენტარზე. პროექტის ავტორი შალვა რამიშვილი კი ამბობს: ”ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ ეშინია ხელისუფლებას. როდესაც ის ებრძვის ზვიოს, ეს ნიშნავს, რომ მას ეშინია”. რამიშვილის თქმით, ”დარდუბალა” ცოტა ხანში „მაესტროს“ ეთერშიმ გავა და პროექტს ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს.

”არ მჯერა, რომ მსოფლიო პოლიტიკა კულისებში წყდება და ყველაფერი გარიგებებზეა დამოკიდებული”, - ამბობს ფილოსოფოსი კახა კაციტაძე ”ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ტექსტს ”რეზონანსი” აქვეყნებს. კაციტაძე განაგრძობს: ”შესაძლოა, შექმნილი ვითარების განხილვა მიდის ვაშინგტონსა და მოსკოვში, მაგრამ ერთი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - ივანიშვილი არის კანდიდატურა, რომელიც მისაღებია როგორც ვაშინგტონისთვის, ისე მოსკოვისთვისაც.”

”რეზონანსის” ჟურნალისტი რესპუბლიკელ თინა ხიდაშელს ესაუბრა. ხიდაშელი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენაზე უარი ”პოლიტიკური პროცესისთვის შემაფერხებელი არ არის. გუნდის ფორმირება მოხდება და დასრულებისთანავე ყველაფერი გამოცხადდება.”

ამავე საკითხზე ”ახალ თაობაში” რესპუბლიკელთა კიდევ ერთ წევრ დავით ზურაბიშვილთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”ნებისმიერ შემთხვევაში კოალიცია მაინც შეიქმნება, მისი სახელი იფიგურირებს ამ კოალიციაში. პარტიის ხელმძღვანელი ვერ იქნება, პირდაპირ ვერ მოახდენს თავისი ფინანსური რესურსების გამოყენებას, მაგრამ გამოინახება იმის შესაძლებლობა, რომ შეიქმნას ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ასოცირებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან.”

”ახალ თაობაში” დეპუტატ პეტრე მამრაძესთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ის აცხადებს, რომ იზიარებს ივანიშვილის აზრებს, რომ ხელისუფლებას პროცესების ქუჩისკენ მიმართვა სურს.

”ალია” აქვეყნებს ინტერვიუს გოგა ხაინდრავასთან, რომელიც გაბრაზებას არ მალავს და ხელისუფლების მიმართ უხამს გამოთქმებს არ ერიდება. ხაინდრავა ამბობს, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში ქუჩაში გაღიმებულ ხალხს ხედავს: ”ამ ხალხს იმედი გაუჩნდა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ და გაღიმებულები ამიტომ იყურებიან”. ამავე ინტერვიუში ხაინდრავა ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხალხი არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაში დაარწმუნოს.

ივანიშვილზე დღეს ”საქართველოს რესპუბლიკაც” აქვეყნებს მასალებს. ამ გაზეთში დღეს წაიკითხავთ აგრეთვე სტატიას, სათაურით ”ემიგრანტები არ მოდიან, ემიგრანტები მიდიან”. ავტორი საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს გაესაუბრა. ისინი არ ადასტურებენ ემიგრანტების საქართველოში მასობრივი დაბრუნების ტენდენციას. ერთ-ერთს უთქვამს: ”აქ ბევრმა ემიგრანტმა იცის რეალურად რა ხდება საქართველოში და დაკლებული ხელფასების მოთმენას ამჯობინებს, ვიდრე უხელფასოდ საქართველოში დაბრუნებასო.”

ემიგრანტებზე დღეს ”რეზონანსიც” წერს. სტატიის სათაურია - ”კრიზისში ჩაძირული საბერძნეთიდან ქართველები უკან დაბრუნებას არც კი ფიქრობენ“. ერთ-ერთ ემიგრანტზე ავტორი წერს: ”6 თვის წინ სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, იმედი ჰქონდა, რომ დანაზოგით აქ რაიმე საქმეს წამოიწყებდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, დანაზოგიც დახარჯა და ოთხთვიანი უქმობის შემდეგ ისევ საბერძნეთში ჩავიდა. ამბობს, რომ ურჩევნია დეფოლტის წინაშე მყოფ საბერძნეთში დარჩეს, ვიდრე ნომერ პირველ რეფორმატორ საქართველოში, სადაც არაერთი მცდელობის მიუხედავად ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG