Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ფიქრობენ, რომ კადაფის დაღუპვა საზეიმო არ არის


მუამარ კადაფი
მუამარ კადაფი
დასავლეთი ლიბიელი დიქტატორის, მუამარ კადაფის, დამხობასა და სიკვდილს დემოკრატიული ძალების გამარჯვებად აფასებს, რუსეთს კი მისი სანდო მოკავშირის მოკვლა პოტენციურად უკანონო ქმედებად მიაჩნია.
ფრენისათვის აკრძალულ ზონას არაფერი აქვს საერთო მიწისზედა სამიზნესთან, კორტეჟის ჩათვლით...

სერგეი ლავროვმა ამბოხებულები საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ მათ 22 ოქტომბერს მუამარ კადაფი ქალაქ სირტეში შეპყრობის შემდეგ მოკლეს. სერგეი ლავროვის თქმით, კადაფის უნდა მოპყრობოდნენ როგორც სამხედრო ტყვეს. 21 ოქტომბერს სამი რუსული რადიოსადგურისათვის მიცემულ საათნახევრიან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა ნატოც, რომელმაც მანდატით მინიჭებულ უფლებას გადაამეტა კადაფის კორტეჟზე განხორციელებული ავიადარტყმით, რაც, რუსი მინისტრის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გამოიძიოს.

„ფრენისათვის აკრძალულ ზონას არაფერი აქვს საერთო მიწისზედა სამიზნესთან, კორტეჟის ჩათვლით, მით უფრო, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში საუბარი არც მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაზე შეიძლება იყოს, რადგან კორტეჟი თავს არავის ესხმოდა.“

სერგეი ლავროვის აღნიშნული განცხადება დასავლეთთან ურთიერთობაში პირველი ბზარია მას შემდეგ, რაც კრემლი უხალისოდ დათანხმდა არ დაედო ვეტო მუამარ კადაფის წინააღმდეგ გაეროს თებერვლის რეზოლუციისათვის, რომლის საფუძველზეც ნატოს ლიბიაში არასაფრენი რეჟიმის უზრუნველყოფა დაევალა მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით. მოსკოვს დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდა კადაფის რეჟიმთან საბჭოთა პერიოდშიც და შემდეგაც, როდესაც ლიბიას დიდი რაოდენობით იარაღით ამარაგებდა და ასევე ახორციელებდა მრავალმილიარდიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

ამიტომაც რუსეთი თავიდანვე მოითხოვდა, რომ გაეროს რეზოლუცია მკაცრად ყოფილიყო განმარტებული და მან დასავლური სამხედრო ალიანსი დაადანაშაულა იმაში, რომ რეზოლუცია ლიბიის ლიდერის დასამხობად გამოიყენა.

აი, რას ამბობს ამის თაობაზე ალექსეი მუხინი, მოსკოვში არსებული პოლიტიკურ ინფორმაციათა ცენტრის დირექტორი:
არ შეიძლება რუსეთის რეჟიმის შედარება კადაფის რეჟიმთან, მაგრამ ამავე დროს ისინი [რუსეთის ხელისუფლება] ანგარიშს უწევენ იმას, რომ ჩვენთან დემოკრატია სპეციფიკური ხასიათისაა და რუსეთის ხელისუფლებას აქვს პარანოია...

„დეკლარირებული იყო ერთი, დეკლარირებული იყო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა კადაფისაგან, შედეგად კი მივიღეთ, რომ ნატოს სამხედრო ოპერაციის მიზანი ყოფილა ჯამაჰერიის ლიდერის მკვლელობა და ირიბად ამის დადასტურებას ემსახურება ის ფაქტი, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ზუსტად კადაფის ლიკვიდაციის შემდეგ განაცხადა, რომ ომი უკვე დასრულდა.“

რუსეთის ხელისუფლებას ნაკლებ შესაძლებლად მიაჩნია კადაფის დამხობის შემდეგ ლიბიაში სტაბილური პოლიტიკური რეჟიმის შექმნა. ანალიტიკოსების ვარაუდით, კრემლი ეჭვობს, რომ „არაბული გაზაფხული“ გაგრძელებაა პოსტსაბჭოთა სივრცეში მომხდარი „ფერადი რევოლუციებისა“, რომელთაც საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში რეჟიმების შეცვლა მოჰყვა.

სამხედრო ანალიტიკოსის ალექსანდრ გოლცის თქმით, კრემლი ასეთ რევოლუციებს „ყოველთვის მიიჩნევდა არა ქვეყნის შიდა პროცესების, არამედ დასავლეთის საგარეო ჩარევის“ შედეგად, რაც, შესაძლოა, რუსეთშიც განმეორდეს:

„არ შეიძლება რუსეთის რეჟიმის შედარება კადაფის რეჟიმთან, მაგრამ ამავე დროს ისინი [რუსეთის ხელისუფლება] ანგარიშს უწევენ იმას, რომ ჩვენთან დემოკრატია სპეციფიკური ხასიათისაა და რუსეთის ხელისუფლებას აქვს პარანოია, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთის ქვეყნები ჩვენთან რაიმე სახის ფერად რევოლუციას მოაწყობენ.“

ამერიკელმა სენატორმა, რესპუბლიკელმა ჯონ მაკკეინმა რუსეთის ამგვარი შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა ბიბისისათვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც განაცხადა, რომ კადაფის მკვლელობა წარმოადგენს შეხსენებას მსოფლიო დიქტატორებისათვის, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი გამოყო. რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „კომენტარის ღირსადაც კი არ თვლის სენატორის გამონათქვამს, რომელშიც ბოლო ხანს სულ ნაკლებად ჩანს საღი აზრი.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG