Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი მიწისძვრის შედეგებთან ბრძოლაში საერთაშორისო დახმარებას ითხოვს


კვირას მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგებთან გასამკლავებლად თურქეთი საერთაშორისო დახმარებას ითხოვს - მას შემდეგ, რაც პირველ ეტაპზე დახმარების შეთავაზებებზე უარი თქვა. თურქეთის მედიაში გავრცელებული ცნობებით, მთავრობამ გადაუდებელი დახმარების თხოვნით 30-დე ქვეყანას მიმართა - მათ შორის ისრაელს. 7.2 ბალის მიწისძვრამ, რომელიც აღმოსავლეთის პროვინცია ვანში მოხდა, 450-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დანგრეულია 2,000-ზე მეტი სახლი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. როგორც იუწყებიან, დღეს ქალაქ ერჯიშში ნანგრევებიდან 18 წლის ბიჭის და 27 წლის ქალის მოყვანა მოხერხდა. მიწისძვრით დაზარალებული რეგიონის მოსახლეობა მთავრობას თავშესაფრის გამოყოფის პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ვანის პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ, ატაი უსლუმ სააგენტო „როიტერსს“ სამშაბათს შემდეგი უთხრა: „ძლიერი მიწისძვრით დაზარალებულ ხალხს ტანსაცმელი და თავშესაფარი სჭირდება. მათ დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებთ. ამ ეტაპზე ვანის პროვინციამ 14,000-მდე კარავი მიიღო“. პროვინციის დედაქალაქის ახლოს ციხეში დღეს არეულობა მოხდა - მას შემდეგ, რაც განმეორებითმა ბიძგმა პანიკა გამოიწვია. პატიმრებმა საკნებს ცეცხლი წაუკიდეს და ციხის ზედამხედველებს დაესხნენ თავს, უფრო უსაფრთხო ადგილზე გადაყვანაზე უარის მიღების გამო. ციხის გარეთ შეკრებილი უკმაყოფილო ხალხის დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
XS
SM
MD
LG