Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტები უსაფრთხოების წესებს სწავლობენ


ბათუმში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგი კონფლიქტურ ზონებში ჟურნალისტთა პროფესიული საქმიანობის, ქცევის წესებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. რეპორტაჟის წინასწარ დაგეგმვა, მარშრუტის სწორად შერჩევა, უსაფრთხოების წესების დაცვა, ელემენტარული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც 20-მდე ქართველმა ჟურნალისტმა გარკვეული ცოდნა მიიღო. თეორიულ კურსს პრაქტიკული მეცადინეობები ენაცვლებოდა. ტრენინგს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტი ედრიან ქოლინი და საერთაშორისო ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დევიდ ბივანი უძღვებოდნენ. დევიდი საქართველოში პირდაპირ ლიბიიდან ჩამოვიდა. იგი მსოფლიოს ყველა ცხელ წერტილშია ნამყოფი. მუშაობდა სი-ენ-ენ-ისთვის, ფოკსნიუსისთვის, ალჯაზირასთვის და მრავალი ცნობილი ბეჭდური გამოცემისთვის. უსაფრთხოების საკითხებში მას დაახლოებით 2000-მდე ჟურნალისტი ჰყავს მომზადებული. მისი აზრით, საომარ ვითარებებში ჟურნალისტების სწორი მოქმედება და უსაფრთხოების წესების დაცვა მედიის წარმომადგენლებს დიდ შანსს აძლევს, რომ რისკები წორად შეაფასონ და არ დაზარალდნენ.

ქართველ ჟურნალისტებს 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილება დაუგროვდათ. ექსპერტების მიერ მათი მოქმედებების გაანალიზებისას უამრავი შეცდომა გამოვლინდა. მაგალითად, როცა ომის პირველივე დღეებში უცხოელი ჟურნალისტები ჯავშანჟილეტებით მუშაობდნენ და მუდმივად თან ჰქონდათ პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები, ქართველმა ჟურნალისტებმა ასეთი ჯავშანჟილეტები მხოლოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ გამოიყენეს. სამედიცინო ნივთებზე ხომ საუბარიც ზედმეტია. აგვისტოს ომის დროს ლაშა ზარგინავა დასავლეთ საქართველოში მუშაობდა. ამ ტრენინგის შემდეგ მან გააანალიზა, თუ რამდენად ქაოტურად მოქმედებდნენ ქართველი ჟურნალისტები და როგორ არღვევდნენ ელემენტარული უსაფრთხოების წესებს. მისი აზრით, ასეთი ტრენინგები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მიღებული ცოდნა კონფლიქტის ზონაში მომუშავე ჟურნალისტს და მის გარშემო მყოფებს გადარჩენის მეტ შანსს აძლევს.

ჟურნალისტებმა, უსაფრთხოების საკითხების გარდა, განათლება პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაშიც მიიღეს. სისხლდენის შეჩერება, ჭრილობის და დამწვრობის დამუშავება, სასუნთქი გზების გათავისუფლება, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება. საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის ხელმძღვანელი და ამ ტრენინგის ორგანიზატორი ზვიად ფოჩხუა მიიჩნევს, რომ ბოლო წლების მოვლენებმა ქართველი ჟურნალისტების დღის წესრიგში სწორედ ასეთი ცოდნისა და გამოცდილების მიღება დააყენა. მისი აზრით, აუცილებელია იმ ჟურნალისტების სათანადოდ მომზადება, რომლებიც საომარ მოქმედებებს აშუქებენ და კონფლიქტურ ზონებში ცხოვრობენ.

პროექტის შემდგომ ეტაპზე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე სპეციალური სახელმძღვანელოს შექმნაა დაგეგმილი. გარდა ამისა, პროექტში რუსეთის ჟურნალისტთა ფედერაციის დახმარებით ოსი და აფხაზი კოლეგების ჩართვაც იგეგმება. ტრენინგი ევროკომისიის ფინანსური დახმარებით ჩატარდა იმ პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაცაა: „ჟურნალისტთა უსაფრთხოების კულტურის, პრესის თავისუფლებისა და თავისუფლებების განვითარება ყოფილ საბჭოთა კავშირში“.
XS
SM
MD
LG